დანიის ეკოლოგიური კვლევითი ცენტრის ანალიზის თანახმად, გადამუშავებად ენერგიაზე, ეკომეგობრულ სისტემებსა და მწვანე ტრანსპორტზე მასობრივად გადასვლის შემდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობა წლიურად ათასობით ევროს დაზოგავს - მაშინაც კი, როდესაც, გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეულის ფასების რყევა დაიწყება.
ანალიტიკურ დოკუმენტში მიუთითებენ, რომ მხოლოდ თბური ტუმბოებისა და ელექტრომობილების დანერგვა ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს შეუწყობს ეკონომიას, კერძოდ კი, ევროკავშირში მცხოვრები საშუალოსტატისტიკური ოჯახის ორწლიანი კომუნალური დანახარჯები სრულად დაიზოგება.
ხარჯების შემცირება ინდივიდუალურია და განსხვავებულია ევრობლოკის ქვეყნების მიხედვით. მაგალითად, გერმანიაში მცხოვრები ოჯახებისთვის დანაზოგი წლიურად 1950 ევროს შეადგენს, ესპანეთში კი 2 000 ევროს, რაც 22 თვის განმავლობაში ელექტროენერგიის უფასოდ მოხმარების ექვივალენტია.
განახლებადი ენერგოწყაროების პოპულარიზაციას ხელი შეუწყო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აშშ-ისა და ისრაელის მიერ წარმოებულმა სამხედრო მოქმედებებმა, რა დროსაც მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა, რაც დღემდე გრძელდება და გლობალური ეკონომიკა ისევ შოკის მდგომარეობაშია.
სტატისტიკამ აჩვენა, რომ მარტის პირველ სამ კვირაში, გაერთიანებულ სამეფოში, წინა თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბური ტუმბოების გაყიდვა 50%-ით გაიზარდა. დროის ეს მონაკვეთი ემთხვევა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას და, შესაბამისად, კრიტიკულად აუცილებელი ნედლეულის ტრანსპორტირების შეფერხებას.
2025 წელთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბუნებრივ აირზე მომუშავე ქურები უფრო ნაკლებად იყიდება და აქაც მომხმარებელთა არჩევანი უფრო ელექტროხელსაწყოებზე კეთდება.
ამ ტენდენციას არ ჩამორჩნენ არც ელექტრომობილები, რომელთა წილი, ევროკავშირის ბაზარზე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ზე მეტით არის გაზრდილი.
ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაციის ცნობით, ბენზინისა და დიზელის ტიპის საწვავზე ფასნამატი სულ უფრო მეტად უბიძგებს მოსახლეობას, არჩევანი ან ეკონომიურ ავტომობილებზე შეაჩერონ, ან დატენვადზე. ეს კი იმის გათვალისწინებით, რომ ნავთობზე ფასები, შესაძლოა, ექსპერტების აზრით, კიდევ რამდენიმე თვე არ დაუბრუნდეს თებერვლის ომამდე არსებულ ნიშნულს.
მიუხედავად ევროკავშირის მხრიდან ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით გადადგმული ნაბიჯებისა, ევროპული ქვეყნების ავტოპარკი მეტწილად ჩინური ელექტრომობილებისგან შედგება, რაც, ანალიტიკოსების აზრით, პეკინზე იმპორტდამოკიდებულებას ზრდის და ფინანსურადაც წამგებიანია ევროპელი მომხმარებლებისთვის.
თუმცაღა, სამომავლოდ ეკონომიას სჭირდება წინასწარი ინვესტიცია და ხარჯების ზრდა, რაც ერთ-ერთ წინაღობას წარმოადგენს სრულად განახლებად ენერგიაზე გადასასვლელად. ამისთვის კონრკეტული სახელმწიფოები მუშაობენ და მოქალაქეებს სუბსიდიებსაც სთავაზობენ, თუმცა, არსებული ტურბულენტური გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე უცნობია, რამდენად შესაძლებელი გახდება ეს ზოგიერთი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის.
