კატეგორიები

კიევში კორპუსის ნანგრევების ქვეშ ეძებენ რუსული დრონებით იერიშების შემდეგ დაკარგულებს

კიევში კორპუსის ნანგრევების ქვეშ ეძებენ რუსული დრონებით იერიშების შემდეგ დაკარგულებს
კიევში დაღუპულებს გლოვობენ რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილი დრონებით იერიშების შედეგად.

დიმერის დასახლებაში გრძელდება მოქალაქეთა ძებნა-შველის ოპერაცია. 20-მდე პირი, მათ შორის ბავშვები ნანგრევების ქვეშ უგზოუკვლოდ დაკარგულებად მიიჩნევიან.

კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს თქმით, ადგილზე ოპერატიული სამეთაურო შტაბი მოქმედებს, რომელიც უშუალოდ გასცემს ბრძანებებს სამძებრო-სამაშველო ოპერაციების თაობაზე. ასევე, ტრაგედიის ადგილზე მუშაობენ სოციალური სამსახურები და ფსიქოლოგები.

დასახლებულ პუნქტზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშები მოსკოვმა, კვლავ ღამით მიიტანა.

„მე და ჩემი მეუღლე დაახლოებით დილის ოთხი საათიდან აქ ველოდებით ცნობებს, რადგან ნანგრევების ქვეშ ჩემი უფროსი ქალიშვილის კლასელი და მისი დედა არიან“, - ამბობს კიევის მცხოვრები ოლენა ხარკავლიუკი.

„როცა აფეთქება მოხდა, ვიწექი და, ფაქტობრივად, ჰაერში ამიტყორცნა,  ისე ძლიერად ამაგდო. აქედან დაახლოებით 200 მეტრში ვცხოვრობ. აქეთ გამოვიქეცით.

უკვე დილის ექვსი საათი იყო, ჯერ კიდევ ბნელოდა და არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო. ჩემი სიმამრის ფანჯარა კი - აი, იქიდან რომ სინათლე ჩანს, სამზარეულოს მხარეს - სწორედ ის ფანჯარაა. ის ყვიროდა: „მიშველეთ, ვიწვი!“

ბინაში სამი ადამიანი იმყოფება, მათ შორის მისი ქალიშვილი, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს - 35 წლის ხდება. დილის 8 საათზე ტელეფონმა მუშაობა დაიწყო. ვურეკავდით, მაგრამ ტელეფონს არავინ პასუხობდა.

თქვენ რას ფიქრობთ? ჩვენ ჯერ კიდევ იმედი გვაქვს...

ყველანი აქ ვდგავართ - მისი მეუღლე და მეორე ქალიშვილი, რომელიც მეორე მხარეს ცხოვრობს. სახლში ყველა გლოვობს“, - ყვება მიკოლა ოსადჩი, კიევის მცხოვრები.

„ყოველდღე დაფრინავენ და ტერორს გვიწყობენ, ყოველდღე, გამონაკლისის გარეშე. დილის ოთხ საათზე, ზუსტად ხუთის ხუთ წუთზე პირველმა ჩაიფრინა. მე უკვე დილის 5 საათზე მეღვიძა, როცა მეორეც გამოჩნდა და პირდაპირ კორპუსს მოხვდა.

არ ვიცი, რაკეტა იყო თუ დრონი, ამ საკითხებში ვერ ვერკვევი, ჯარში არ მიმსახურია. მხოლოდ ის ვიცი, რომ შენობას მოხვდა, მესამე სართულზე გაარღვია კედელი, აფეთქდა და სულ ეს იყო.

ადამიანები დაიღუპნენ. სამწუხაროდ, ისინი, ვისაც იმ ღამეს ეძინა, ვერავინ გადარჩა“, - ამბობს ტატიანა ნოსიაკი, კიევის მცხოვრები.

უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების ცნობით, 22 ნოემბერს, მთელი დღის განმავლობაში, რუსულმა არმიამ 186 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა, საიდანაც კიევმა 161-ის განეიტრალება შეძლო.

დრონებმა 18 სამიზნე გაანადგურეს, კიდევ ექვს შემთხვევაში დაფიქსირდა საფრენი აპარატების ნაწილების ვარდნა სხვადასხვა ტერიტორიაზე.

პარალელურად, კვირის შეჯამებისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხოლოდ 7 დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის 20 ოლქს დაარტყეს, რისთვისაც 2700-მდე უპილოტო საფრენი აპარატი, 1500-მდე საავიაციო ბომბი და 165 რაკეტა გამოიყენეს, რომელთა უმრავლესობა ჩრდილოკორეული წარმოების ბალისტიკა იყო - მათი განეიტრალება კი კიევს, ამჟამინდელი თავდაცვითი შეიარაღების პირობებში, უჭირს.

პარალელურად, უკრაინული მხარე ცდილობს, მწყობრიდან გამოიყვანოს რუსული საომარი მანქანა. აღმოსავლეთ ლიბიის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ქალაქ ბენღაზის სიახლოვეს მდებარე პორტში მოსკოვის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო ხომალდზე აფეთქება მოხდა, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, დრონებით იერიში გახდა.

საუბარია კორვეტ „მერკურიზე“, რომელიც, წინასწარი ცნობებით, სრულადაა განადგურებული.

სააგენტო Reuters-ი სამედიცინო წრეებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაღუპულა, თუმცა არიან დაშავებულები. მათი რაოდენობა და მოქალაქეობა არ ზუსტდება.

უკრაინული პორტალის, „Мілітарний“-ის ინფორმაციით, კორვეტი ლიბიის ეროვნული არმიისთვის განკუთვნილი იარაღით დატვირთულ კოლონას აცილებდა. ამ არმიას გენერალი ხალიფა ჰაფთარი ხელმძღვანელობს, რომელიც აღმოსავლეთ ლიბიის მთავრობის ერთ-ერთი ლიდერია და რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს.

მოგვიანებით აღმოსავლეთ ლიბიაზე კონტროლის განმახორციელებელმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დარტყმა კიდევ ერთ გემზე მიიტანეს.

დაკავშირებული ამბები
კიევში კორპუსის ნანგრევების ქვეშ ეძებენ რუსული დრონებით იერიშების შემდეგ დაკარგულებს ზელენსკი ოლეშკის მსგავსი ჰუმანიტარული ოპერაციის მოწყობის ინიციატივით გამოდის