კატეგორიები

გაერო ევროპაში ძლიერ სიცხეს წიაღისეულ საწვავზე მსოფლიოს დამოკიდებულებას უკავშირებს

გაერო ევროპაში ძლიერ სიცხეს წიაღისეულ საწვავზე მსოფლიოს დამოკიდებულებას უკავშირებს
მაისის თვისთვის შეუსაბამოდ მაღალი ჰაერის ტემპერატურა და რეკორდული სიცხე ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, გაეროს ცნობით, გამოწვეულია წიაღისეულ საწვავზე მსოფლიოს დამოკიდებულებასა და ატმოსფეროში გავრცელებულ მავნე სითბურ აირებთან.

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის აღმასრულებელი მდივნის, საიმონ სტილის თქმით, ადამიანის მიერ ბუნებისთვის მიყენებული ზიანი დედამიწის სხვადასხვა წერტილში მცხოვრებ მოსახლეობას მტანჯველად მცხუნვარე დღეების სახით უბრუნდება.

მისივე განმარტებით, ამჟამინდელი ეკოლოგიური ცვლილებების მიზეზთა შორის უმთავრესი არის ატმოსფეროში როგორც სატრანსპორტო საშუალებების, ისე ფაბრიკა-ქარხნების მიერ გაფრქვეული გამონაბოლქვი.

ექსპერტები ამბობენ, რომ ეს თბური აირები დედამიწის ირგვლივ გარსს ქმნიან, რაც მზიდან წამოსულ ტალღას ინარჩუნებს, რის შედეგადაც პლანეტის მასშტაბით იზრდება ჰაერის ტემპერატურა და იცვლება არამხოლოდ კლიმატური, არამედ მეტეოროლოგიური პირობებიც.

არსებული მდგომარეობიდან გამოსავლის გზად სინოპტიკოსებიც, ექსპერტებიც და გაეროს წარმომადგენლებიც მსოფლიოს სთავაზობენ გადამუშავებად ენერგიაზე გადასვლას, რაც მოიცავს შიდა წვრის ძრავზე მომუშავე ავტომობილების დატენვადი ან სრულად ელექტრომობილით ჩანაცვლებას, ასევე მზის პანელებისა და ქარის ელექტროსადგურების მასობრივ მოწყობას.

მათივე თქმით, ამისთვის საჭიროა, სახელმწიფოთა მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა ე.წ. „მწვანე პოლიტიკის“ მიმართულებით. კერძოდ, ეს მოიცავს ბიზნესის ხელშეწყობას მათთვის შეღავათების დაწესებით, რითაც კერძო სექტორმა დაზოგილი თანხები უნდა მიმართოს შესაბამისი ეკოლოგიური ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარებაზე.

ექსპერტების ასეთი პოზიტიური განცხადებების მიუხედავად, პრაქტიკაში ყველაფერი ამდენად იდეალურად არ არის. იმ ფონზე, როდესაც ერთ სულ მოსახლეზე ნიდერლანდები ყველაზე მეტ მზის ენერგიას გამოიმუშავებენ, ამსტერდამი მაინც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული წიაღისეულ საწვავზე.

ქვეყანამ ქარის ელექტროსადგურების მასშტაბური რეფორმა წამოიწყო, რომელიც დროში გაიწელა, რის გამოც ევროპული სახელმწიფო, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს „მწვანე პოლიტიკის“ მიხედვით დასახული მიზნებისა და იურიდიული ვალდებულებების შესრულებას 2030 წლისთვის.

ვიდრე ექსპერტები ეკოლოგიური პოლიტიკის გაუმჯობესების გზებზე მსჯელობენ, სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ რამდენიმე ქვეყანა „უკიდურესად ანომალური და მძლავრი სითბური გუმბათისა“ და ატმოსფერული წნევის გავლენის ქვეშ მოექცა, რამაც ევროპულ სახელმწიფოებში განსაკუთრებით ძლიერი სიცხე გამოიწვია.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც მაისში აგვისტოს თვის ჰაერის ტემპერატურა ფიქსირდება. რეკორდული სიცხე დაფიქსირდა პორტუგალიასა და იტალიაში, საფრანგეთში კი ცხელი ამინდების პირდაპირი თუ ირიბი ზეგავლენის შედეგად არიან დაღუპულებიც.

იმის გათვალისწინებით, რომ წინ მთელი ზაფხულია, სინოპტიკოსებს უჭირთ დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთება, რადგან ბოლო წლების ტენდენცია აჩვენებს, რომ ევროპულ კონტინენტზე აფრიკული კლიმატი ნორმად ყალიბდება.

დაკავშირებული ამბები
გაერო ევროპაში ძლიერ სიცხეს წიაღისეულ საწვავზე მსოფლიოს დამოკიდებულებას უკავშირებს ინდოეთში სითბური ტალღის შედეგად ჩრდილოეთის დაბლობზე ტემპერატურა მკვეთრად იმატებს