ბელარუსში გათავისუფლებული 123 პოლიტიკური პატიმრიდან ერთ-ერთი ნობელის პრემიის ლაურეატი ალეს ბიალიაცკია. მან ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბელარუსის ციხეში გატარებული დრო გაიხსენა, სადაც 4 წელი გაატარა.
„მე ქალაქ გორკის სასჯელაღსრულების კოლონიაში ვიყავი, რომელიც ბელარუსის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, რუსეთ-ბელარუსის საზღვრიდან 14 კილომეტრში. გათავისუფლების შემდგომ სანამ საზღვარი არ გადავკვეთე, თავისუფლების შეგრძნება არ მქონდა, თუმცა საზღვრის გადალახვის შემდგომ თითქოს ზღვის ფსკერიდან წყლის ზედაპირზე ამოვედი. მზე, სუფთა ჰაერი და სიცოცხლე ვიგრძენი, იქ კი სრულიად განსხვავებულ სიტუაციაში იყავი – ზეწოლის ქვეშ, როგორც პირდაპირი, ასევე ფსიქოლოგიური. ჯერ კიდევ ფსიქოლოგიურ ადაპტაციას გავდივარ, რადგან ეს ასე მარტივი არ არის. ამ ყველაფრის ერთ დღეში შეცვლა საკუთარ თავში შეუძლებელია. ეს პროცესი, ალბათ, კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში გამიგრძელდება“, – ამბობს ალეს ბიალიაცკი, ნობელის პრემიის ლაურეატი.
63 წლის ბიალიაცკიმ ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 2022 წელს მოიპოვა ცნობილ რუსულ უფლებადამცველ ჯგუფ „მემორიალსა“ და უკრაინის სამოქალაქო თავისუფლებათა ცენტრთან ერთად.
ბიალიაცკიმ პრიზი სასამართლო პროცესის მოლოდინში, ციხეში ყოფნისას მიიღო, მოგვიანებით კი კონტრაბანდისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დაფინანსებისთვის გაასამართლეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
„თავს მეტ-ნაკლებად კარგად ვგრძნობ. ახლა ჩემს ჯანმრთელობაზე უნდა გავამახვილო ყურადღება, რადგან ამ 4.5 წლის განმავლობაში მხოლოდ მინიმალურ სამედიცინო მომსახურებას ვიღებდი. უნდა გესმოდეთ, რომ ბელარუსის ციხეებში სამედიცინო მომსახურება ძალიან შეზღუდულია. თუ სტომატოლოგი არის, ის მხოლოდ კბილებს ამოიღებს; თუ ზოგადი ექიმია, ის მხოლოდ აბებს გაძლევს. მე გავიარე სტანდარტული გამოცდილება, რომელსაც თითქმის ყველა პოლიტპატიმარი განიცდის. ეს მოიცავს წინასწარ პატიმრობას, კოლონიას, დაუსრულებელ კონფლიქტებს და სასჯელს ჩემი პატიმრობის დროს. ეს მოიცავს სადისციპლინო ბარაკს, დახურული ტიპის დაწესებულებას, არსებითად ციხეს ციხეში, სადაც თქვენ უბრალოდ დახურულ ოთახში ხართ. ექვსი თვე გავატარე ამ სადისციპლინო ბარაკში“, – ამბობს ალეს ბიალიაცკი, ნობელის პრემიის ლაურეატი.
ვეტერანი ადამიანის უფლებათა დამცველი, რომელმაც ბელარუსის უძველესი და ყველაზე ცნობილი ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფი „ვიასნა“ დააარსა, გორკის სასჯელაღსრულების კოლონიაში იმყოფებოდა, სადაც პატიმრებს სცემდნენ და არასათანადოდ ეპყრობოდნენ.
თუმცა მან ინტერვიუში განაცხადა, რომ ციხეში ყოფნის დროს არასდროს უცემიათ – მისი თქმით, ნობელის პრემიის ლაურეატის სტატუსი, შესაძლოა, ფიზიკური ძალადობისგან იცავდა.
„შესაძლოა ნობელის პრემიის ლაურეატობამ ჩემ გარშემო ერთგვარი დამცავი ფარი შექმნა და საქმეები ჩემს შემთხვევაში უფრო არ გამწვავებულა.
ჩემს მეუღლესა და ოჯახს შევხვდი, ეს ჩემთვის დიდი სიხარულია, რადგან ამ დრამატულ, ტრაგიკულ სიტუაციებში, რომელთა წინაშეც ყველა პოლიტპატიმარი დგას, უპირველეს ყოვლისა, ოჯახები იტანჯებიან. ეს დარტყმა ყველაზე მეტად ახლობლებს, ნათესავებს აწვებათ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისევ ერთად ვართ“, – ალეს ბიალიაცკი, ნობელის პრემიის ლაურეატი.
ბიალიაცკის თქმით, მან ბელარუსში ყველა პოლიტპატიმრის მსგავსი გამოცდილება გაიარა: სამარტოო პატიმრობა, თვითნებური სასჯელი მცირე დარღვევისთვის, საყვარელი ადამიანების ნახვის აკრძალვა, წერილების იშვიათად მიღება და ა.შ.

