ევროპული მშვიდობის ფონდის ფარგლებში უკრაინისთვის გამოყოფილი 6.6 მილიარდი ევროს განბლოკვის პროცესი უკვე დაწყებულია. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც უნგრეთში, რომელიც უკრაინის დახმარების პაკეტებს ბლოკავდა, ახალი ხელისუფლება მოვიდა.
ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში მიმდინარე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, კვიპროსში მინისტრები ამ სახსრების გამოყოფისა და გამოყენების და ზოგადად უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების გზებს განიხილავენ.
„თუ ჩვენ ინფორმაციას მივიღებთ, რომ რუსეთს რაღაც ხმარება, მაშინ ჩვენც ომის შესაჩერებლად უფრო შემოქმედებითი გზები უნდა გამოვნახოთ. თუ არსებობს მოსაზრება, რომ ზოგიერთი ჩვენგანი რუსეთთან ვაჭრობით კვლავ იღებს სარგებელს, მაშინ, როდესაც ეს მათ ომის დაფინანსებას უადვილებს, ეს ომი არასდროს დასრულდება. სწორედ ამიტომ სანქციების მთავარი მიზანი ომის დაფინანსების წყაროების შეზღუდვაა, რომ მისი გაგრძელება ვეღარ შეძლონ. ომები მაშინაც მთავრდება, როდესაც აგრესორებს ფული ეწურებათ.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთთან დაიწყონ საუბარი, რადგან საბოლოოდ მათ მაინც მოუწევთ შეთანხმება. ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს ჩვენი ძირითადი ევროპული ინტერესებიც. როდესაც საუბარი სანქციების მოხსნასა და აქტივების გაყინვის გაუქმებას ეხება, არსებობს საკითხები, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. უნდა დავინახოთ, რომ ევროპის უსაფრთხოების ძირითად ინტერესებს პატივს სცემენ.
ამ მიმართულებით მზაობა ჯერ არ ჩანს. ვხედავთ მათი მხრიდან თავდასხმების ესკალაციას. მათ, პირველ რიგში, ცეცხლის შეწყვეტა უნდა დაიწყონ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. ამავდროულად, გარკვეულ ძვრებს ვხედავთ რუსეთში, სადაც ამ ომის გაწელვით უკმაყოფილოები არიან. სწორედ ამიტომ პოტენციური სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის საჭიროა მათზე ზეწოლის გაძლიერება და უკრაინისთვის ჩვენი მხარდაჭერის გაზრდა“, - განაცხადა კაია კალასმა.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ნავიგაციის თავისუფლებასა და საზღვაო უსაფრთხოებაზეც. მან ყურადღება რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტზეც გაამახვილა. მისი განცხადებით, ჩრდილოვან ფლოტთან მიმართებაში ევროპელი მოკავშირეების პოლიტიკა შეიცვალა და ახლა მათ ამ გემებზე ასვლაც დაიწყეს. მიზანი რუსეთვისთვის ომის დაფინანსების გზების მაქსიმალურად შეზღუდვაა.
ნავიგაციის თავისუფლების ფარგლებში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები შორის ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით გამოწვეულ პრობლემებსა და მისი გახსნის გზებს განიხილავენ. კვიპროსში მიმდინარე არაფორმალურ შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხები უკავშირდება საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, იმ დროს როდესაც აშშ ევროპაში თავის ძალებს ამცირებს.
