კატეგორიები

ირანმა დროებით შეაჩერა შეტევითი ოპერაცია ისრაელის წინააღმდეგ

ირანმა დროებით შეაჩერა შეტევითი ოპერაცია ისრაელის წინააღმდეგ
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ცნობით, ისრაელისთვის გაცემული „მტკივნეული პასუხის“ შემდეგ, დროებით აჩერებენ შეტევით სამხედრო ოპერაციას.

სახელმწიფო მედიის ტელეეთერით გადაწყვეტილების გამოცხადებისას, თეირანში განაცხადეს, რომ თუკი ისრაელი ან მისი მომხრეები რაიმე „აგრესიულ ან მტრულ ქმედებას ჩაიდენენ“, არამხოლოდ ისლამური ქვეყნის, არამედ ლიბანის წინააღმდეგ, ამას მოჰყვება „ბევრად უფრო მკაცრი და დამანგრეველი ზომები, ვიდრე მანამდე“.

„დაპირებისამებრ, მითითებების შესაბამისად ვმოქმედებდით. ირანის ისლამური რესპუბლიკის მტკიცე შეიარაღებულმა ძალებმა, „რევოლუციურ გუშაგთა კორპუსმა“ და ირანის ისლამური რესპუბლიკის არმიამ ნათლად აჩვენეს თავდაცვითი და შეტევითი მზაობის უმაღლესი დონე და რომ ისინი მოქმედებენ პასუხისმგებლიანად, სწრაფად და ზუსტად, რითაც აიძულებენ ამერიკელ და სიონისტ მტრებს, ინანონ თავიანთი ქმედებები.

დამნაშავე ამერიკამ და ძალადობრივმა სიონისტურმა რეჟიმმა უნდა იცოდნენ, რომ ძლიერი და ამაყი ირანი, წინააღმდეგობის ძალებთან ერთად, ნებისმიერი საფრთხისა და ნებისმიერ ვითარებაში მტკიცედ იდგება და არასდროს დახრის თავს მტრის წინაშე“, - განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების ერთობლივი ოპერატიული სარდლობის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ ზოლფაგარიმ.

განცხადებას წინ უძღოდა დონალდ ტრამპის მორიგი პოსტი თავის სოციალურ პლატფორმაზე, რომელმაც მხარეებს დეესკალაციისა და დიპლომატიურ პროცესში დაბრუნებისკენ მოუწოდა:

„ორივე მხარე, ისრაელიც და ირანიც, ცდილობენ მიაღწიონ დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას! საბოლოო მოლაპარაკებები „მშვიდობაზე“ წინ მიდის, თუკი ამას ხელს არ შეუშლის უცოდინრობა ან სიბრიყვე. ბლოკადა ძალაში დარჩება, სრული მოქმედებითა და ეფექტით, მანამ, სანამ „საბოლოო შეთანხმება“ არ იქნება მიღწეული. პროცესები სწრაფად უნდა განვითარდეს.“

გვიან ღამით, იერიშების დაწყებისას, ამავე მოწოდებით მან დაურეკა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელიც, ამერიკული მედიის ცნობით, რთულად, მაგრამ მაინც დათანხმდა აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის მიუხედავად, ურთიერთიერიშები მაინც გადაიზარდა ხანმოკლე ომში.

8 ივნისის დილიდან ირანული ბალისტიკური რაკეტები იერუსალიმისა და დასავლეთ სანაპიროს ცაზე გამოჩნდა, რომლებიც „რკინის გუმბათის“ თავდაცვითმა სისტემამ, საჰაერო განგაშის სირენების ფონზე გაანეიტრალა. ისლამურ ქვეყანაში განაცხადეს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ისრაელის მიერ გამოწვეულ ესკალაციაზე პასუხისმგებელი მხოლოდ აშშ არის, როგორც თელ-ავივის სტრატეგიული მოკავშირე.

ამავე დროს, ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობაში თქვეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება თეირანმა დაარღვია.

„დღეს დილით ისრაელის თავდაცვის არმიამ ირანის ტერორისტული რეჟიმის სამიზნეებზე დარტყმების ორი ტალღა მიიტანა.

პირველ ტალღაში ათობით ავიაგამანადგურებლით თავს დავესხით მათ ანტისარაკეტო სისტემებს, რაც რეჟიმის თავდაცვით ეშელონს წარმოადგენს.

მეორე ტალღის ფარგლებში კი დარტყმები მივიტანეთ ნავთობქიმიურ კომპლექსა და ირანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მაჰშაჰარს. ამ კომპლექსში მიმდინარეობდა იმ კომპონენტებისა და მასალების დამზადება, რაც რეჟიმის სარაკეტო პროგრამისთვის არის აუცილებელი.

ეს არის მორიგი კამპანია ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ ომის ფარგლებში. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ გავაძლიეროთ რეჟიმისთვის მიყენებული ზიანი და საბოლოოდ დავასუსტოთ ის. მათ მორიგ ჯერზე აირჩიეს ტერორიზმის გზა“, - განაცხადა ისრაელის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა, ეფი დეფრინმა.

ურთიერთიერიშების ფონზე, ერთ-ერთი ბალისტიკური რაკეტა სირიის დედაქალაქ დამასკოსთან ახლოს ცარიელ მინდორზე ჩამოვარდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. მომხდარის გამო, დამასკოს საერთაშორისო აეროპორტმა დროებით შეაჩერა ფრენები.

ამავდროულად, იემენელი ჰუსიტების გასამხედროებულმა, ტერორისტულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მოკავშირეთა დასახმარებლად საბრძოლო მოქმედებებში ჩასართავად მუდმივ მზადყოფნაში არიან და ლეგიტიმურ სამიზნეებად აქციეს წითელ ზღვაში არსებული, თელ-ავივის მიერ კონტროლირებადი ხომალდები.

ომის ახალი ფაზა მხარეებს შორის დაიწყო მას შემდეგ, რაც თელ-ავივმა ბეირუთში მდებარე, დაჰიეს სამხრეთ გარეუბანში ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ პოზიციებზე 7 ივნისს იერიშები მიიტანა.

მანამდე ამას წინ უძღოდა თეირანის რამდენიმე მუქარისშემცველი გაფრთხილება, რომ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს დაიწყებდნენ ისრაელის წინააღმდეგ, თუკი ლიბანის ტერიტორიაზე მოწინააღმდეგე იერიშებს მიიტანდა.

ირანში პერიოდულად იმეორებენ, რომ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა არის ცეცხლის შეწყვეტა ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანშიც.

დაკავშირებული ამბები
7 წლის შემდეგ პირველად ჩინეთის პრეზიდენტი ფხენიანს ეწვია ირანმა დროებით შეაჩერა შეტევითი ოპერაცია ისრაელის წინააღმდეგ