მოსკოვის მტკიცებით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნები ოპონენტებზე „უპრეცედენტო ზეწოლისა და დასავლეთის, განსაკუთრებით, ევროკავშირის მხრიდან ჩარევის ფონზე“ გაიმართა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ სომხური საზოგადოება უკიდურესად პოლარიზებულია და მის დიდ ნაწილს სურს რუსულ მხარესთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება, რაც, დიპლომატიური უწყების თანახმად, „განსაკუთრებული კეთილდღეობის მომტანი იქნება“ ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
„მთელი საარჩევნო კამპანია და კენჭისყრის პროცესის წარიმართა სომხეთის ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციური პარტიებისა და მოძრაობების, მათი აქტივისტებისა და მხარდამჭერების წინააღმდეგ სასტიკი რეპრესიების ფონზე.
დევნის ქვეშ მოექცა ტრადიციულად ღრმად პატივსაცემი სომხური სამოციქულო ეკლესიაც. ეს ყველაფერი არის ერევნის მიერ დემოკრატიული პრინციპებისა და თავისუფალი არჩევნების ჩატარების პროცედურების უხეში დარღვევა.
საგულისხმოა ისიც, რომ სომხეთის ამჟამინდელი ადმინისტრაციისთვის დამახასიათებელი დევნის სამიზნე გახდნენ მხოლოდ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც შუამდგომლობენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კავშირების განვითარებას რუსეთთან, ევრაზიულ ინტეგრაციაში სომხეთის სამომავლო მონაწილეობას, მათ შორის „ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა“ და „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“, ასევე ის ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროკავშირში გაწევრების ჩიხს.
მოსკოვში ყოველთვის იყვნენ და იქნებიან დაინტერესებული ძლიერი და ნამდვილად სუვერენული სომხეთით. სომეხი ხალხი ჩვენთვის მოძმეა, რომელსაც მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებთ“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ის, რომ მოსკოვი აქტიურად გულშემატკივრობდა ნიკოლ ფაშინიანის მთავარ ოპონენტს, ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანს, არახალია.
ამის თაობაზე ცნობილი გახდა მაშინაც, როდესაც ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს კრემლში 1-ელ აპრილს უმასპინძლა და ირიბად მიანიშნა ოპოზიციონერების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ.
კარაპეტიანის გარდა, რუსული მხარის რჩეულები იყვნენ ისინიც, ვინც ეწინააღმდეგებოდა ერევნის ევროინტეგრაციის კურსს.
კრიტიკის ნაცვლად მილოცვა მიიღო სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირიდან, სადაც ელიან ნიკოლ ფაშინიანის მთავრობასთან ურთიერთობების განმტკიცებას.
„ხავერდოვანი რევოლუციის სული, რომელსაც თქვენ 2018 წელს ხელმძღვანელობდით, კვლავაც ცოცხალია. დიდად ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას დემოკრატიულ სომხეთთან, რომელიც ურყევად უახლოვდება ევროპას. სომხეთს შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი პლატფორმა X-ზე.
„ნიკოლ ფაშინიანმა გაიმარჯვა. სომხეთმა აირჩია უწყვეტობა და პროევროპული მიმართულება. ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი იმისა, რომ რეგიონის მომავალი ჯერ კიდევ იწერება“, - წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი პლატფორმა X-ზე.
ნიკოლ ფაშინიანსა და მის პარტიას „სამოქალაქო კონტრაქტი“ განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებდნენ ოკეანის მიღმაც.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სომხეთის ლიდერს წარმატებები უსურვა, სახელმწიფო მდივანი კი 26 მაისს ერევანს ეწვია, სადაც მხარეებს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოეწერა ხელი.
