კატეგორიები

ლუკაშენკას მტკიცებით, „იცის უკრაინელი სამხედროების აზრი, რომ მათ არ სურთ მინსკთან ომი“

ლუკაშენკას მტკიცებით, „იცის უკრაინელი სამხედროების აზრი, რომ მათ არ სურთ მინსკთან ომი“
უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვის შემთხვევაში, 500 ბელარუსულ სამიზნეზე იერიშების მიტანის შესახებ კიევის გამაფრთხილებელ განცხადებას ალექსანდრ ლუკაშენკამ ვლადიმერ პუტინთან კომუნიკაციის შემდეგ უპასუხა.

ბელარუსის პრეზიდენტის მტკიცებით, „ძალიან კარგად იცის“, რომ უკრაინელ სამხედროებს არ სურთ მინსკის წინააღმდეგ ომის წარმოება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, ალექსანდრ ლუკაშენკამ „გარეთ დაჭერილი საწყალი ადამიანები“ უწოდა, უკრაინის პრეზიდენტი კი, მართალია, არა ე.წ. „კიევის რეჟიმის“ მეთაურად, თუმცა სიძულვილის ენით მოიხსენია.

„მათ შეიძლება განსაზღვრეს 500 სამიზნე და, მადლობა, რომ მათთვის ამ რაოდენობის სამიზნე გვაქვს, მაგრამ საპასუხოდ, ჩვენ გვაქვს ერთადერთი ძალიან სერიოზული სამიზნე, ზუსტი კოორდინატებით და, სხვათა შორის, ბელარუსიდან არც ისე შორს. ეს მათაც ესმით.

მეორე - ვოლოდიმირმა მაპატიოს, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტის ბოდვა და სამხედროების პოზიცია დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან. ზუსტად ვიცი, უკრაინელ სამხედროებს ბელარუსთან არანაირი ომი არ სურთ, რადგან ისინი იაზრებენ, რომ ეს არის ფრონტის ხაზის დამატებითი 1 500 კილომეტრი საზღვრის გასწვრივ. ბელარუსს და უკრაინას მარტივი სასაზღვრო ზონა არ აქვთ. მათ ეს სჭირდებათ? არა.

მესამე - ის თურმე 500 სამიზნეს ხედავს, თუმცა, თუ ბრმა არ არის, მეტსაც დაინახავს, მაგრამ მან ისიც უნდა იცოდეს, რომ ვხედავთ, ვინ დგას საზღვრის მეორე მხარეს. ეს ხომ არიან გარეთ დაჭერილი საწყალი ადამიანები, ე.წ. „ტერიტორიული მცველი სამხედროები“, რომლებიც სინამდვილეში გუშინ მუშები, მექანიზატორები და კოლმეურნეები იყვნენ. რანაირი სამხედროები არიან? ისინი ხომ უბრალოდ საზარბაზნე ხორცს წარმოადგენენ...

ღმერთმა ნუ ქნას, რომელიმე ტერიტორიიდან ბელარუსის მისამართით განხორციელდეს სამხედრო იერიში, მაშინ უკრაინაში ომი სულ სხვა ხასიათს მიიღებს, რასაც არ დავაკონკრეტებ. ვცდილობ, უკრაინის პრეზიდენტს გავუგო - ომია, საშინელი ზეწოლაა - ეს არც ისე მარტივი გადასატანია. შესაძლოა, კიდევ რაღაც მოხდა ან რაიმე საშუალებები მიიღო. მე ის უბრალოდ მეცოდება“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

მინსკიდან პერიოდულად ისმის შერეული გზავნილები უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ. ალექსანდრ ლუკაშენკა თან აცხადებს, რომ მზადაა, სამშვიდობო როლი შეასრულოს მოსკოვსა და კიევს შორის კონფლიქტის დასასრულებლად, ხან მიუთითებს, რომ „ომისთვის ემზადება“.

მედიასთან ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუს დროს, ბელარუსის პრეზიდენტმა თავის ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან საუბრის შესახებ განაცხადა და მოუწოდა მას, მოსკოვთან პირდაპირ დიალოგს უხელმძღვანელოს, ევროკავშირის სახელით ქალი მომლაპარაკებელი კი გამორიცხა, რითაც, სავარაუდოდ, მიანიშნა ან კაია კალასზე ან ურსულა ფონ დერ ლაიენზე.

მაისის ბოლოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ ბროვდიმ ბელარუსის პრეზიდენტს მიმართა და განაცხადა, რომ მინსკის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შერჩეულია „500 პოტენციური სამიზნე“, რომლებსაც კიევი მხოლოდ მის მიმართ აგრესიის შემთხვევაში დაარტყამს.

დაკავშირებული ამბები
ლუკაშენკას მტკიცებით, „იცის უკრაინელი სამხედროების აზრი, რომ მათ არ სურთ მინსკთან ომი“ ბელარუსი კუბას „შესაძლებლობის ფარგლებში“ დახმარებას ჰპირდება