კატეგორიები

ლატვიის სამხედრო ძალებმა რუსეთიდან მომავალი დრონი ჩამოაგდეს

ლატვიის სამხედრო ძალებმა რუსეთიდან მომავალი დრონი ჩამოაგდეს
ლატვიის სამხედრო ძალებმა რუსეთიდან მმფრინავი დრონი ჩამოაგდეს. დრონი ლატვიის საჰაერო სივრცეში ორშაბათს, 8 ივნისის დილის საათებში შეიჭრა. ლატვიის სამხედრო ძალების ინფორმაციით, დრონი აღმოჩენიდან მალევე ლატვიის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა გაანეიტრალეს.

გაურკვეველი წარმოშობის დრონის გამოჩენისთანავე, ლატვიის ეროვნულმა შეიარაღებულმა ძალებმა აღმოსავლეთ მუნიციპალიტეტების, ლუძის, ბალვისა და ალუქსნეს მოსახლეობას გაუგზავნეს სპეციალური შეტყობინებები, რომ სახლში დარჩენილიყვნენ და ფანჯრები და კარი ჩაეკეტათ. მათ ადგილობრივები გააფთხილეს, დაბალ სიმაღლეზე მფრინავი, საეჭვო ან საშიში ობიექტის შემჩნევის შემთხვევაში, ობიექტთან ახლოს არ მივიდნენ, ინფორმაცია კი შესაბამის სამართალდამცველ სამსახურებს შეატყობინონ.

რუსეთმა ლატვიის საჰაერო სივრცე ორი კვირის წინ უკვე დაარღვია. მაშინ ლატვიის ეროვნულმა შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ რუსეთიდან ლატვიის საჰაერო სივრცეში მინიმუმ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი შენიშნეს. ეროვნული ძალების ინფრომაციით, ლატვიამ, ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვაზე საჰაერო შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, დამატებითი დანაყოფები განათავსა.

საჰაერო სივრცის დაცვის კუთხით, 2025 წლის სექტემბრიდან, როცა ევროპისა და ნატოს საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრის შემთხვევებმა უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია, ევროპა სრულ მზადყოფნაშია. შედეგად ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, ე.წ. „დრონების კედლის“ შექმნაზე, რომელიც საზღვრებზე დრონების მონიტორინგს, აღმოჩენასა და საჭიროების შემთხვევაში განეიტრალებას ითვალისწინებს. ნატოს ინფორმაციით, აშშ-ის ახალი დრონის საწინააღმდეგო სისტემა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ნოემბერში უკვე განთავსდა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ აღმოსავლეთ საზღვარზე თავდაცვის პროგრამის შექმნის შესახებაც გამოაცხადა. პროგრამის მიზანი  რუსეთის მხრიდან შემდგომი შეჭრის შეკავებაა. ევროპელ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ მოსკოვი ამოწმებს, რამდენად მზად არის ალიანსი რუსეთიდან მომავალი საფრთხეების წინააღმდეგ.

კრემლი კი ბრალდებას უარყოფს. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, ევროპაში გამოჩენილი გაურკვეველი წარმომავლობის დრონების უკან რუსეთი არ დგას და რომ ევროპელი ლიდერების განცხადებები დაუსაბუთებელია.

დაკავშირებული ამბები
ლატვიის სამხედრო ძალებმა რუსეთიდან მომავალი დრონი ჩამოაგდეს ლატვიის კოალიციური მთავრობა დაიშალა