კატეგორიები

ბელარუსი კუბას „შესაძლებლობის ფარგლებში“ დახმარებას ჰპირდება

ბელარუსი კუბას „შესაძლებლობის ფარგლებში“ დახმარებას ჰპირდება
საავიაციო საწვავის კრიზისის მიუხედავად, კუბის სამთავრობო ბორტი ასტანაში დაეშვა, სადაც კუნძულოვანი ქვეყნის კომუნისტური მთავრობის ვიცე-პრეზიდენტი ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს ფორუმში მონაწილეობს.

ყაზახეთის დედაქალაქში შედგა ბელარუსის პრეზიდენტის შეხვედრა მისი კუბელი კოლეგის მოადგილესთან, სადაც ალექსანდრ ლუკაშენკამ ჰავანას „შესაძლებლობის ფარგლებში“ ყველანაირი დახმარების გაწევის პირობა აღუთქვა.

მინსკსა და ენერგობლოკადაში მყოფი კარიბის ზღვის აუზის ქვეყანას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დათბა, რაც ვაშინგტონმა მიზნად დაისახა კუბის კომუნისტური ხელმძღვანელობის ძალაუფლებიდან ჩამოშორება - არგუმენტით, რომ ისინი ძარცვავენ ქვეყანას და ხელს უწყობენ მოსახლეობის სიღარიბეს.

ამ გზაზე ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი ამერიკული მხრიდან იყო კუბის ექსპრეზიდენტისთვის, 94 წლის რაულ კასტროსთვის ბრალის წაყენება 1996 წელს ჰუმანიტარული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, რასაც აშშ-ის 4 მოქალაქე ემსხვერპლა.

გარდა კუბისა, ეს ნაბიჯი დაგმეს მისმა არც თუ ისე მრავალრიცხოვანმა მოკავშირეებმა, მათ შორის ალექსანდრ ლუკაშენკას მთავრობამ.

ბელარუსის პრეზიდენტს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთანაც არ აკავშირებს დაძაბული ურთიერთობები. მინსკი დაეთანხმა თეთრი სახლის წარმომადგენლების თხოვნას და, ვაშინგტონის შუამავლობით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთი პოლიტპატიმარი გაათავისუფლა.

ზოგიერთი პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამ ფაქტორმა, შესაძლოა, დადებითად იმოქმედოს კუბისთვის, თუმცა, ამასთან,  გასათვალისწინებელია ვაშინგტონის უცვლელი პოლიტიკა და მიზანი ჰავანასთან დაკავშირებით.

დაკავშირებული ამბები
ბელარუსი კუბას „შესაძლებლობის ფარგლებში“ დახმარებას ჰპირდება მინსკი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვას მხოლოდ მაშინ აპირებს, თუ ბელარუსს თავს დაესხმებიან