ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელები ჰუმინატარული სირთულეების წინაშე დგანან. მათ საკვები და ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობები ესაჭიროებათ.
ურთულეს ვითარებას სტიქიური მოვლენებიც დაერთო თან. შტორმმა „ბაირონმა“, რომელიც ღაზის სექტორს მთელი სიმძლავრით დაატყდა თავს, კიდევ უფრო გაამწვავა იძულებით გადაადგილებული ოჯახების ტანჯვა. წელს ცივი და წვიმიანი ზამთარია. წყალმომარაგებისა და სანიტარიული სისტემების გაუმართაობის გამო დაავადებული ადამიანების რიცხვმაც იმატა.
„როგორც ხედავთ, ზამთარია, დილიდან შარვლის ტოტები მაქვს აწეული და ასე დავდივარ, ყველა მხრიდან წყალი შემოდის. ის მეზობლებისგან, ზემოდან მოედინება და აქ, ჩემ გვერდით, გროვდება. კარავი იმ კუთხიდან რომ გავხსნა, წყლით დაიფარება ყველაფერი“. – ამბობს იძულებით გადაადგილებული პირი სალემ ფარაჯალაჰი.
ათასობით ოჯახი თავს დაბლობ ან ნანგრევებით სავსე სანაპირო ზოლს აფარებს, სადაც არც სადრენაჟე სისტემაა და არც დამცავი ბარიერები. მხოლოდ ხან-იუნისის სანაპირო ზოლის, მაღალი რისკის ზონებში 4000-ზე მეტი პალესტინელი ცხოვრობს. მათგან დაახლოებით 1000 ადამიანი, რომლებიც უშუალოდ ტალღის საფრთხის წინაშე არიან, პრიორიტეტულ ჯგუფად მიიჩნევა. მათი ევაკუაცია გაერომ უნდა უზრუნველყოს.
„აქ საშინელი სიტუაციაა, წყალი გორაკის ქვიშას რეცხავს და თავზე გვეყრება ყველაფერი. მე ზურგის ტრავმაც მაქვს. ამ ვითარებაში ვერც მე და ვერც ჩემი შვილები ვერ ვიძინებთ: ამ ცივ ამინდიში მიწაზე გვიწევს ყოფნა. აღარ შეგვიძლია ჩვენი შვილების მოვლა, ისინი კარავში გვყავს, მაგრამ კარავი წვიმის წყლითაა დატბორილი, გეფიცებით, ყველა ავადაა; ჩემი პატარა ბიჭი გამუდმებით ახველებს, პატარა გოგონა და ჩემი შვილიშვილებიც ავად არიან, მეც საშინლად ვარ. გამოსაცვლელი ტანსაცმელიც არ გვაქვს არც ჩვენ და არც ბავშვებს. საერთოდ არაფერი. სიმართლე გითხრათ, აქ საშინელი სიტუაციაა. სხვა რაიონებშიც ბორცვების გამო ბევრი ადგილი დაიტბორა. ბორცვები იშლება და ამის გამო ყველანი ვიტანჯებით“, – განაცხადა ერთ-ერთმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა უმ მუჰამედმა.
12-დან 13 დეკემებერს უხვი ნალექი მოვიდა. დაიღუპა 10 ადამიანი, რაც ნიშნავს, რომ იქ სიცოცხლისთვის საშიში გარემოებაა, რომელსაც პალესტინელები ყოველდღიურად აწყდებიან.
ზამთრის, წყლისა და არადამაკმაყოფილებელი სანიტარიული პირობების გამო მოსალოდნელია მწვავე რესპირატორული ინფექციების – გრიპის, ჰეპატიტისა და სხვა დაავადებების გავრცელებაც. ყველაზე დიდი რისკის ქვეშ კვლავ ბავშვები, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები არიან.

