ისრაელის ტანკები ცენტრალური ღაზის მიმართულებით დაიძრნენ, მას შემდეგ, რაც სამხედროებმა ჰამასის წინააღმდეგ ოპერაცია წამოიწყეს, რამაც 2025 წლის ოქტომბრიდან ძალაში არსებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაძაბულობა კიდევ უფრო გაზარდა.
მედია და თვითმხილველები აცხადებენ, რომ ისრაელის ტანკები ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკის აღმოსავლეთით განლაგდნენ, რომელიც ცენტრალური ღაზის ჰამასის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.
ამასთან ვრცელდება ცნობები სროლებისა და ბანაკის ჩრდილოეთით ისრაელის მიერ ინტენსიური საარტილერიო დაბომბვის შესახებ.
ისრაელის სამხედროები ადასტურებენ სამხედრო ოპერაციის დაწყებას და აცხადებენ, რომ მისი მიზანია ღაზის სექტორში მოქმედი ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარებისთვის საფრთხის მოშორება.
ე.წ. ყვითელი ხაზი, ცეცხლის შეწყვეტის ამოქმდების შემდეგ ისრაელისა და ჰამასის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს ჰყოფს. ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ისინი პალესტინის ტერიტორიის 60%-ზე მეტს აკონტროლებენ.
COGAT-მა, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ორგანომ, რომელიც პალესტინის ტერიტორიებზე სამოქალაქო საკითხებზეა პასუხისმგებელი, საერთაშორისო დახმარების ორგანიზაციები გააფრთხილა, რომ აღნიშნულ რაიონებში არ იმოძრაონ.
„ჰამასმა“ დაგმო ოპერაცია და ის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევად შეაფასა, ხოლო ისრაელი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ 1600-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. აღნიშნული უწყება „ჰამასის“ კონტროლის ქვეშ მოქმედებს, თუმცა გაერო მის მონაცემებს სანდოდ მიიჩნევს.
ისრაელის სამხედრო უწყების ცნობით კი, მათი მხრიდან ამავე პერიოდში შვიდი სამხედრო მოსამსახურე და ერთი სამოქალაქო კონტრაქტორი დაიღუპა.
