კატეგორიები

ღაზის სექტორში შენობის ჩამონგრევას 21 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში შენობის ჩამონგრევას 21 ადამიანი ემსხვერპლა
Copyright The Associated Press, 2026

16 სექტემბერს ღაზაში ჩამოინგრა ექვსსართულიანი შენობა, რომელშიც ათობით ადამიანი ცხოვრობდა; დაიღუპა სულ მცირე 21 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი, რამდენიმე ადამიანის ბედი ჯერჯერობით უცნობია.

სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ცნობით, შენობა ღამით ჩამოიშალა.  ნანგრევები მიმდებარე სახლებსა და კარვებს დაეცა.

შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო ომის საწყის ეტაპზე ისრაელის დარტყმების გამო. ეს მიანიშნებს, თუ რამდენად სახიფათო და მძიმე  პირობებში ცხოვრობდა ღაზის სექტორის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კვლავ შეფერხებულია.

„ისინი ორი კვირის წინ გააფრთხილეს და ევაკუაციისკენ მოუწოდეს. მაგრამ სად უნდა წასულიყვნენ? სად? სად იყავით მაშინ, როცა ხალხი იტანჯებოდა და თავშესაფარი არ ჰქონდა? რატომ არ უზრუნველყავით ისინი თავშესაფრით? რატომ დაუშვით მათი დაღუპვა? დღეს ბავშვები დაობლდნენ — ვინ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას? ვინ იზრუნებს ამ ობლებზე? ქალები დაქვრივდნენ. ვინ მიხედავს მათ? რომელიმე მაღალჩინოსანმა გამცეს პასუხი; მეტს არაფერს ვითხოვთ. ჩვენ მათგან ვილების აშენებას არ ვითხოვდით; ქუჩაში გაშლილი კარავიც კი საკმარისი იქნებოდა — იმდენი მაინც, რომ ოჯახებსა და ბავშვებს უსაფრთხოება ჰქონოდათ. სულ ეს არის. ომი უკვე სამი წელია გრძელდება; სამი წლის განმავლობაში ვერ ხედავდნენ ქუჩებში მიყრილ ხალხს? მაინტერესებს, მათ ვერ ამჩნევდნენ“ - აცხადებს ქალაქ ღაზის მცხოვრები, ვაჯდი ალ-ყასბაღლი.

ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება თითქმის ერთი წლის წინ შედგა, თუმცა მასშტაბური აღდგენითი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. ისრაელი აცხადებს, რომ არ დაუშვებს აღდგენით სამუშაოებს, ვიდრე „ჰამასი“ არ განიარაღდება. ისრაელმა ღაზაში მხოლოდ ექსკავატორის მცირე რაოდენობის შეყვანის ნება დართო.

იმის გამო, რომ უამრავი პალესტინელი უსახლკაროდ დარჩა და რეგიონში სამშენებლო მასალების მწვავე დეფიციტია, ღაზის სექტორის მოსახლეობა თავს საფრთხის ქვეშ იგდებს და ავარიულ შენობებში სახლდება.

ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურმა ტერიტორიაზე დაახლოებით 2 000 შენობა გამოავლინა, რომლებიც, მათი შეფასებით, ჩამონგრევის პირასაა.

დაკავშირებული ამბები
ღაზის სექტორში შენობის ჩამონგრევას 21 ადამიანი ემსხვერპლა ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი არ აპირებს ღაზიდან ჯარების გაყვანას „ჰამასის“ სრულად განიარაღებამდე