მოსკოვის ეს უბანი ერთ დროს სიმდიდრისა და ფუფუნების რუსულ ოაზისად ითვლებოდა. ძვირადღირებული ავტომობილები, მაღალი კლასის რესტორნები, ღამის კლუბები და ელიტური ცხოვრება პატრიარქის ტბორების უბნის განუყოფელი ნაწილი იყო – თუმცა დღეს ყველაფერი შეიცვალა.
მხოლოდ მიმდინარე წელს უბანში 16 ძვირადღირებული ბარი და რესტორანი დაიხურა. მათ ადგილას დაბალბიუჯეტიანი კაფეები, იაფი ყავის რესტორნები და თეთრეულის მაღაზიები გამოჩნდა.
ექსპერტების შეფასებით, ცვლილებებს რამდენიმე მიზეზი განაპირობებს – მაღალი ქირა, პერსონალის გაზრდილი ხარჯები და სხვა ფაქტორები. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი ომამდე მიდის: სამხედრო სექტორში გაზრდილ ვალდებულებებს მოსკოვი ვეღარ უმკლავდება და თანდათან სულ უფრო იგრძნობა სანქციების მძიმე შედეგები.
პოლინა აფანასიევა, CMWP საკონსულტაციო კომპანიის უფროსი დირექტორი განმარტავს, რომ ქვეყანაში მოსახლეობის საერთო გადახდისუნარიანობაც ქვეითდება.
„ბევრმა რესტორანმა დახურვისას პირდაპირ განაცხადა, რომ ქირის ზრდამ ბიზნესის მომგებიანობაზე იმოქმედა და ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება. ასევე მოქმედებს გლობალური ეკონომიკური ფაქტორები — მაგალითად, სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი. იზრდება პერსონალის ხარჯებიც. ამასთან ერთად, მოსახლეობის საერთო გადახდისუნარიანობაც ქვეითდება, მათ შორის იმ ადამიანებისაც, ვინც პატრიარქის ტბორებზე დადის.“
მოსკოვში ინფლაციის ზრდასთან ერთად მოქალაქეები მნიშვნელოვნად ამცირებენ ხარჯებს . პირველ რიგში გართობასა და სხვა ძვირადღირებულ მომსახურებაზე.
ეს კი უკრაინის ომისა და დასავლური სანქციების პირდაპირი შედეგია.
შედეგი, რომელიც ყველაზე მეტად ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ უბანში იგრძნობა. იქ სადაც ფუფუნებით სავსე ყოველდღიურობა ბიუჯეტურ ყოფას უთმობს ადგილს.
