პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებით, უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ წამოყენებული მოთხოვნები მორიგ ჯერზე უსვამს ხაზს „მოსკოვის პოლიტიკური კულტურის მარადიულ პრობლემას“.
რადოსლავ სიკორსკიმ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ კრემლისთვის კვლავ „გაცილებით მნიშვნელოვანია უცხო ქალაქის აღება, რომელზეც არავის არაფერი სმენია, ვიდრე იმ 11 მილიონი რუსის ბედზე ფიქრი, ვინც საპირფარეშოს გარეშე ცხოვრობს“.
პოლონელი დიპლომატის ეს სიტყვები მოჰყვა გამოცემა Bild-ის მიერ 13 ნოემბერს გავრცელებულ ცნობას, სადაც აბუ-დაბის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ, მოსკოვმა „ევროპის უსაფრთხოების დღის წესრიგის“ თავისებური ხედვა წარმოადგენა.
პუტინის ხელისუფლების გეგმა ითვალისწინებს NATO-ს საზღვრების 1997 წლამდელ პოზიციებზე დაბრუნებას, ანუ ალიანსის სამხედრო შენაერთების გაყვანას ფინეთიდან, ესტონეთიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან.
გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, მოსკოვის მიერ გაჟღერებულ პირობებს შორის ასევე დასახელდა მთელ დონბასზე კონტროლის დამყარება, მათ შორის დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ამჟამად კიევი აკონტროლებს.
გარდა ამისა, კრემლის ხედვით, უკრაინას ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსი უნდა მიეღო და NATO-ში გაწევრების გეგმებზე უარი ეთქვა, თუმცა ევროკავშირში წევრობის შესაძლებლობა ღია დარჩებოდა.
პუტინი ასევე მოითხოვდა ოდესისა და მიკოლაივის პორტების დემილიტარიზებულ სტატუსს, რათა უკრაინას მათი სამხედრო-საზღვაო ბაზებად გამოყენება ვერ შეძლებოდა.
Bild-ის ცნობით, მოსკოვმა ასევე წამოაყენა ფედერაციული რესპუბლიკის შექმნის წინადადება, რომელიც მოლდოვისგან, მისი ავტონომიური რეგიონის - გაგაუზიისა და სეპარატისტული, პრორუსული დნესტრისპირეთისგან უნდა შედგებოდეს.
ამის სანაცვლოდ მოსკოვი ბელარუსის ტერიტორიიდან ბირთვული იარაღის გატანას, იქ საშუალო სიშორის რაკეტების განლაგებაზე უარის თქმას და დნესტრისპირეთიდან საკუთარი ჯარების გაყვანას სთავაზობს.
The Washington Post-ის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნები რუსეთთან კონტინენტური უსაფრთხოების სამომავლო არქიტექტურის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას არ აპირებენ, ვიდრე უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება მიღწეული.
