რთული წარმოსადგენია, თუმცა ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებისა და მის მიერ მიღებული მედიის შემზღუდავი არაერთი კანონის პირობებშიც კი რუსეთში არსებობდა კრემლის გავლენებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალება, რომელიც, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, წარსულს ჩაბარდა.
33-წლიანი მუშაობის შემდეგ, მომავალში შეხვედრის იმედით, აუდიტორიას დაემშვიდობა „ნოვაია გაზეტა“ - პუტინის მთავრობისა და მისი პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი რუსული გამოცემა, რომელიც მკითხველს აცნობდა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ და გადამოწმებულ ინფორმაციას.
„ნოვაია გაზეტას“ ბრენდმა არსებობა შეწყვიტა, თუმცა ეჭვი მაქვს, რომ მისი ხელახლა ამოქმედების დრო - უკვე მესამედ - პრაქტიკულად განსაზღვრულია. ჩვენ ხომ ფერფლიდან აღდგომის გამოცდილებაც გვაქვს. როგორც კი ამის პირველი შესაძლებლობა გაჩნდება, „ნოვაია გაზეტა“ კვლავ აღდგება.
დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა, რომელიც ასეთ მძიმე პერიოდს გადის, საბოლოოდ მაინც შეძლებს გაერთიანებას. და როგორც კი ამის პირველი ნიშნები გამოჩნდება, „ნოვაია გაზეტა“ კვლავ დაგიბრუნდებათ თქვენ - ჩვენს მკითხველებსა და კოლეგებს“, - განაცხადა სერგეი სოკოლოვმა, „ნოვაია გაზეტას“ მთავარმა რედაქტორმა.
გამოცემა არც იმას მალავდა, რის თქმასაც კრემლი სხვა მედიასაშუალებებსაც უზღუდავს და თავადაც ვერ აღიარებს უკვე თითქმის ხუთი წელია, ანუ უკრაინაში სრულმასშტაბიან აგრესიას.
დაწესებული ცენზურისა და მედიისთვის შემუშავებული ცალკეული საკანონმდებლო ვალდებულებების ფონზე, „ნოვაია გაზეტა“ კიევის წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო მოქმედებებს უწოდებდა „ომს“ და არა ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“.
„შესაძლოა, ძალიან მალე უკრაინის ქალაქებში ელექტროენერგია, გათბობა და წყალი საერთოდ გაქრეს. ეს ქალაქები თითქოს მიწის პირისგან იშლება, მტვერივით იფანტება. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს სიგიჟე, ეს სისხლისღვრა. ეს უკვე მოხდა ოლეშკიში“, - თქვა დმიტრი მურატოვმა, „ნოვაია გაზეტას“ თანადამფუძნებელმა.
9 ნოემბერს „ნოვაია გაზეტას“ რედაქციამ მოსკოვში მუშაობა ოფიციალურად შეწყვიტა და ის პოტაპოვსკის შესახვევში მდებარე ისტორიული ოფისიდან, სადაც ამბებს 29 წლის განმავლობაში აშუქებდა, გამოაძევეს.
ამას კი წინ უძღოდა ოქტომბრის ბოლოს თავად გამოცემის განცხადება იძულებით დახურვასთან დაკავშირებით, მანამდე კი სექტემბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მედიასაშუალება „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში დაარეგისტრირა, სასამართლომ კი მას ლიცენზია გაუუქმა.
როგორც ბეჭდური, ისე ონლაინ ფორმატით „ნოვაია გაზეტა“ მკითხველებს აცნობდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ინფორმაციასა და ჟურნალისტურ საგამოძიებო მასალას - ასეთი კი სამი ათწლეულის განმავლობაში გამოცემას არაერთი და გახმაურებული დაუგროვდა.
„ერთი მხრივ, ეს მოსალოდნელი იყო - რა თქმა უნდა, ბოლო ოთხწელიწად-ნახევრის განმავლობაში ამას ყოველდღე ველოდით. ამიტომ ეს ჩვენთვის სიახლე არ ყოფილა. მეორე მხრივ კი, ბუნებრივია, ეს წარმოუდგენლად რთული გადაწყვეტილებაა, რადგან ეს მხოლოდ სამუშაო ადგილი ან ოფისი არ არის - ეს ჩვენი სახლია და მას ვკარგავთ. თავადაც განვაცხადეთ, რომ იქ აღარ ვიმუშავებთ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა“, - ამბობს ტატიანა ბრიცკაია, „ნოვაია გაზეტას“ საგამოძიებო მიმართულების რედაქტორი.
კრემლის გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალების ისტორიას არაერთი მძიმე ისტორიაც ახსოვს. სხვადასხვა წლებში პუტინის ხელისუფლებისადმი კრიტიკას გამოცემის ჟურნალისტებიც ემსხვერპლნენ, მათ შორის ანა პოლიტკოვსკაია.
ამ მოვლენებს ერთმანეთთან დღემდე არ აკავშირებენ კრემლში და მათ შორის „ნოვაია გაზეტას“ დახურვასთან ხელისუფლების კვალს ვერ ხედავენ.
„არასწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ დამოუკიდებელი რუსული მედიის ეპოქა დასრულდა. როგორც მოგეხსენებათ, რუსული მედია საკმაოდ მრავალფეროვანია, მულტიმედიური ხასიათი აქვს, სწრაფად ვითარდება და საკმაოდ მწვავე კონკურენციის პირობებში არსებობს და ვითარდება.
რა თქმა უნდა, ყოველწლიურად ზოგიერთი მედიასაშუალება წყვეტს არსებობას, მათ ადგილს კი ახალი გამოცემები იკავებენ. ეს მუდმივი განახლებისა და მონაცვლეობის ბუნებრივი პროცესია“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.
ამ განცხადებების მიუხედავად, „ნოვაია გაზეტას“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ პუტინის მთავრობამ ისინი საკუთარ სამშობლოში დევნილებად და დამნაშავეებად აქცია.
საგულისხმოა, რომ ეს არ არის პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მოსკოვი პუტინის მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებს შეზღუდვებს უწესებს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ტელეკომპანია „დოჟდი“, რომელიც ასევე „უცხოეთის აგენტების“ რეესტრშია შეყვანილი და იძულებულია, მაუწყებლობა ნიდერლანდებიდან გააგრძელოს.
არხი ღიად ოპოზიციურია და წლების განმავლობაში მხარს უჭერდა ალექსეი ნავალნისა და ბორის ნემცოვს - პუტინის ორ მთავარ ოპონენტს, რომლებიც ლიკვიდირებულნი არიან.
გარდა „დოჟდის“ მაუწყებლობისთვის შექმნილი პრობლემებისა, რუსულმა მხარემ არხის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელებზე სისხლის სამართლის საქმეები აღძრა და ძებნა გამოაცხადა, მათ შორის „რუსული არმიის დისკრედიტაციის“ ბრალდებით.
