ერთი წლის წინ მოჰამად მარვანი სედნაიას ციხის კარიბჭესთან ფეხშიშველი და დაბნეული იდგა – ეს მაშინ ხდებოდა, როცა ამბოხებულები დამასკოს შემოგარენს მიადგნენ, ციხის კარები გააღეს და პატიმრები გაათავისუფლეს.
2018 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებისთვის დაპატიმრებული სამი შვილის მამა სხვადასხვა დროს ოთხ სხვადასხვა საპატიმროში მოხვდა, ვიდრე საბოლოო დამასკოს ჩრდილოეთით მდებარე სედნაიას ციხეში აღმოჩნდებოდა. ეს ის ადგილია, რომელიც სირიის ყოფილი დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის სისასტიკის სიმბოლოდ იქცა.
მოჰამედი იხსენებს, როგორ ეგებებოდნენ ბადრაგები ახალ პატიმრებს ცემითა და „ელექტროშოკების კორიდორით“.
2024 წლის 8 დეკემბერს მისი შინ, ჰომსის პროვინციაში, ნათესავებითა და მეგობრებით სავსე სახლში დაბრუნება დიდი სიხარულით აღინიშნა, მაგრამ ეს ვერ აღმოჩნდა საკმარისი ექვსწლიანი პატიმრობით გამოწვეული ფიზიკური და ფსიქოლოგიური შედეგების გასაბათილებლად.
გულმკერდის ტკივილი და სუნთქვის პრობლემები ტუბერკულოზი აღმოჩნდა. ამას თან ერთვოდა ძლიერი შფოთვა და უძილობა.
„რაღაც სიკვდილის მსგავს მდგომარეობაში ვიყავით სედნაიაში“ – ამბობს მოჰამედ მარვანი, რომელიც რეაბილიტაციას ამ დრომდე განაგრძობს.
„ცენტრში მოსულთა უმრავლესობას პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ჰქონდა, ძილის პრობლემა, კოშმარები და მუდმივი შფოთვა აწუხებდა. ყველაზე ხშირად ის ადამიანები ჩიოდნენ, ვისაც ახალ გარემოსთან შეგუება და ადაპტაცია უჭირდა – მუდმივი აგრესია და შეგრძნება, რომ ოჯახის წევრები უცხოები არიან, რომ მათ არ იცნობენ. ზოგს ეჩვენებოდა, რომ ციხეში დაბრუნება უფრო მარტივი იქნებოდა, ვიდრე იმ საზოგადოებასთან გამკლავება, რომელიც მათთვის უცხო და უცნაური იყო“, – ამბობს ჰალა კასიბი, რეაბილიტაციის პროგრამის კოორდინატორი.
ასადის დინასტიის 50-წლიანი რეპრესიული მმართველობის დასრულების და 14-წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ, რომელმაც დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, მილიონები გადაასახლა და ქვეყანა განადგურებული და გაყოფილი დატოვა, რეაბილიტაცია რთული და მტკინვეულია ქვეყნისთვისაც.
2024 წლის ნოემბრის ბოლოს, ჯგუფებმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთიდან ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამის მეთაურობით, რომლის მაშინდელი ლიდერი, აჰმედ ალ-შარაა, ახლა ქვეყნის დროებითი პრეზიდენტია, ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ალეპოზე შეტევა დაიწყეს, რათა იგი ასადის ძალებისგან დაებრუნებინათ.
სირიის არმია მცირე წინააღმდეგობის შემდეგ ჩამოიშალა – ჯერ ალეპოში, შემდეგ კი, ჰამასა და ჰომსში, რაც დამასკოსკენ გზას ხსნიდა. იმავე დროს, ქვეყნის სამხრეთში აჯანყებულებმაც დაიწყეს იერიში დედაქალაქისკენ.
აჯანყებულებმა 8 დეკემბერს დამასკო აიღეს, ხოლო ასადი რუსულმა ძალებმა ქვეყნიდან გაიყვანეს. იგი ამ დრომდე დრომდე მოსკოვში რჩება. რუსეთმა, ასადის ხანგრძლივმა მოკავშირემ, მის დასაცავად სამხედრო ჩარევას თავი აარიდა, მისი დამხობის შემდეგ კი კონტაქტები დაამყარა ქვეყნის ახალ მმართველებთან, თანაც სირიის სანაპიროზე საკუთარი ბაზები შეინარჩუნა.
მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის სანქციების უმეტესობა მოხსნილია. ქვეყნის ეკონომიკა კვლავ სუსტია. ასადის დამხობიდან ერთი წლის შემდეგ, დამასკოს მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მეტ თავისუფლებას გრძნობენ, თუმცა ზოგიერთი მათგანი მაღალ გადასახადებს უჩივის.
„სიტუაცია 50%-ით უკეთესია – უსაფრთხოებაა და ყველგან თავისუფლად შეგვიძლია გასვლა, მაგრამ რაღაცები მაინც გაკლია. მაგალითად, ფინანსურად: საჭიროა, გადასახადები შეამცირონ. ასევე, ყველაფერი გაძვირდა და ხალხი საკუთარი ნების მიხედვით ზრდის ფასებს. ასე რომ, უკეთესი იქნებოდა, გარკვეული კონტროლის დაწესება“, – ამბობს სამირ შაარი, დამასკოს მცხოვრები.
„ვითარებსა უკეთესია – მეტი თავისუფლებაა, მეტი სიმშვიდეა. შეგიძლია სახლიდან გახვიდე და უსაფრთხოდ დაბრუნდე. ქვეყანაში შემოვიდა ახალი პროდუქცია, რომელიც ადრე არ გვქონდა. ადრე ელექტროენერგიაც კი თითქმის საერთოდ არ იყო“, – აღნიშნავს დამასკოს მაცხოვრებელი ღაიათ რაჰიმე.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, ომით დაზიანებული რეგიონების აღდგენას 216 მილიარდი დოლარი დასჭირდება.

