კატეგორიები

„დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

„დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
ევიან-ლე-ბენში „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პირველად, ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს შეხვდა. საუბარს, რომელიც უკრაინული მედიის თანახმად, დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვიც დაესწრნენ.

თეთრი სახლის ლიდერმა შეხვედრა დადებითად შეაფასა, მოგვიანებით კი მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რადგანაც ირანთან ომის საკითხი მალე წარსულს ჩაბარდება, ვაშინგტონის ყურადღება უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიან სამხედრო მოქმედებებზე გადაერთვება.

„რუსეთმა უნდა დადოს შეთანხმება. რუსეთს უზარმაზარი ადამიანური დანაკარგები აქვს, ისევე როგორც უკრაინას. გასულ ორ თვეში მათ 35 000 ჯარისკაცი დაკარგეს. ამაზე თითქმის ყოველთვიურად ვფიქრობ.

საშუალოდ, 25 000 ადამიანი იღუპება - უმეტესად ჯარისკაცები, ახალგაზრდები, ლამაზი და სიცოცხლით სავსე ადამიანები. იქ მიმდინარე მოვლენები მართლაც შემზარავია. ჩვენ გვქონდა შეხვედრა და ვნახოთ, რა იქნება. კვირას პრეზიდენტ პუტინსაც ვესაუბრე. და გარკვეული თვალსაზრისით, იქაც მსგავსი სიტუაციაა.

ჩვენ მთლიანად ირანზე ვიყავით კონცენტრირებულები. ეს თემა მალე წარსულს ჩაბარდება, თუმცა ჩვენ უბრალოდ ამ საქმესთან არაფერი გვაკავშირებს. ჩვენ მათ იარაღს კი არ ვჩუქნით, არამედ ვაწვდით ფულის სანაცვლოდ. ობამამ მათ დაახლოებით 350 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება გაუწია, რაც, ჩემი აზრით, სრულიად გაუმართლებელი იყო.

ევროკავშირი ჩვენს იარაღში სრულ ფასს იხდის. თუმცა ეს საკითხი ჩვენზე განსაკუთრებულ გავლენას არ ახდენს - ჩვენი ურთიერთობა ძირითადად იარაღის გაყიდვით შემოიფარგლება, რადგან ათასობით მილით ვართ დაშორებული.

არ მომწონს, რომ ყოველთვიურად 25 000 ახალგაზრდა ადამიანი იღუპება - ადამიანები, რომლებიც ახლა იწყებენ ცხოვრებას. ისინი ფრონტის ხაზზე მიდიან და იქ იღუპებიან. უკრაინაც ძალიან ბევრ ადამიანს კარგავს. მთელი ეს სიტუაცია აბსურდულია. ამიტომ, დიახ, მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

საფრანგეთში ჩასვლამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, როგორც ამბობს, აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს აცნობა მოსკოვის პოზიცია სამშვიდობო პროცესის მიმართ.

„ჩვენ პუტინს შევთავაზეთ შეხვედრა ნებისმიერ ადგილას, სადაც ომის დასრულების რეალური გადაწყვეტილებების მიღება იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა მას ეს არ სურს.

შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტებთან განვიხილეთ რუსეთთან შეხვედრის შესაძლებლობა დიდი შვიდეულის ფარგლებში, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა დემოკრატიული ქვეყანა. პუტინს არც ეს სურს.

პრეზიდენტ ტრამპთან განვიხილეთ, რომ ასეთი შეხვედრა შესაძლოა, იყოს ორგანიზებული ამერიკაში, იმგვარ ფორმატში, სადაც პუტინს გაცილებით გაუჭირდება უარის თქმა, სულ მცირე პრეზიდენტ ტრამპისთვის და ვნახოთ, რა გამოვა.

თუ რუსეთი ამ შანსსაც უგულებელყოფს, საჭირო იქნება დამატებითი წნეხი, ამიტომ უნდა იყოს უფრო მძლავრი სანქციები და ევროპას შეუძლია, ამ პროცესს გაუძღვეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კრემლში პერიოდულად იმეორებენ, რომ მზად არიან კიევის დელეგაციას მოსკოვში უმასპინძლონ, რაც, დასავლელი ლიდერებისა და ანალიტიკოსების აზრითაც, უკიდურესად საფრთხისშემცველია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, როცა ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლებას რუსული მხარე ე.წ. „კიევის რეჟიმად“ ახსენებს, მის კაბინეტსა და თავად უკრაინის პრეზიდენტს კი მოსკოვი, უკვე მეხუთე წელია, ნომერ პირველ სამიზნედ მიიჩნევს.

„როგორც იცით, მოსკოვსა და კიევს შორის ოფიციალური საკომუნიკაციო არხებიც კი არ არსებობს. ასეთი არხები საერთოდ არ ყოფილა. უფრო მეტიც, პუტინმა, არსებითად, უკვე ყველაფერი უთხრა და შესთავაზა ზელენსკის.

არაერთხელ ითქვა და გამეორდა, რომ თუ ზელენსკი მზად არის პასუხისმგებლიანი და სერიოზული მოლაპარაკებებისთვის - და კიევის რეჟიმმა კარგად იცის, რაზეა საუბარი - მას ყოველთვის შეუძლია მოსკოვში ჩასვლა, სადაც მას მიიღებენ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.

„დიდი შვიდეულის“ სამიტის პარალელურად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით შეძლეს იერიშების მიტანა მოსკოვში, კრემლიდან დაახლოებით 16 კილომეტრით დაშორებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. კიევის ცნობით, ეს არის „სამართლიანი“ და „ლეგიტიმური პასუხი“ იმ ქმედებებზე, რაც ერთი დღით ადრე, რუსეთმა ჩაიდინა კიევ-პეჩერის ლავრის მისამართით.

დაკავშირებული ამბები
„დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმს ნეთანიაჰუს სრული მხარდაჭერა არ აქვს