კატეგორიები

სირიამ ასადის რეჟიმის მაღალჩინოსნების გასამართლების პროცესი დაიწყო

სირიამ ასადის რეჟიმის მაღალჩინოსნების გასამართლების პროცესი დაიწყო
Copyright Euronews
სირიის ახალმა ხელისუფლებამ ქვეყნის ყოფილი დიქტატორი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მაღალჩინოსნების საჯაროდ გასამართლების პროცესი დაიწყო.

26 აპრილს დედაქალაქ დამასკოში სირიის არმიის ბრიგადის ყოფილი გენერლის, ატეფ ნაჯიბის სასამართლო სხდომა გაიმართა, რომელიც გაქცეული პრეზიდენტის ბიძაშვილია და წარსულში დარაას პროვინციაში პოლიტიკური უსაფრთხოების მეთაურობას ხელმძღვანელობდა. გამოძიება მას „სირიელი ხალხის წინააღმდეგ სხვადასხვა დანაშაულის“ ჩადენას ედავება.

ასობით პირი სასამართლო შენობის გარეთ შეიკრიბა ყოფილი მაღალჩინოსნის გასამართლების პროცესის დაწყების აღსანიშნავად.

„დღეს ჩვენ, ტანჯულად დაღუპულთა ნათესავები, შევიკრიბეთ აქ, რათა მონაწილეობა მივიღოთ პირველ საჯარო სასამართლო პროცესზე დამნაშავე ატეფ ნაჯიბის წინააღმდეგ, რომელმაც სირიის რევოლუციის ფარგლებში პირველი მასობრივი სისასტიკე ჩაიდინა, კერძოდ, ღამის თავდასხმა ალ ომრის მეჩეთზე, 2011 წლის 23 მარტს, ასევე მოაწყო თავდასხმა ალ-ქაზიას ავტოგასამართ სადგურზე, სადაც დარაას პროვინციის შემოგარენში მცხოვრები 67 ადამიანი დაიღუპა“, — თქვა ერთ-ერთმა მოსარჩელემ, რამეზ აბუ ნაბუტიმ.

აჰმად ალ-შარაას დროებითი ხელისუფლება არაერთხელ გამხდარა კრიტიკის სამიზნე მის მიერ გაცემული დაპირების გადავადების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, მთავრობას უნდა უზრუნველეყო მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ყოფილი მაღალჩინოსნების გასასამართლებლად.

„ამ ნაბიჯს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და გამჭვირვალობისთვის, ასევე კანონიერი გზით საჯარო სასამართლო პროცესების ღიაობისთვის“, — განაცხადა ბარაა აბდულრახმანმა, სირიის იუსტიციის სამინისტროს პრესმდივანმა.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ცნობით, ატეფ ნაჯიბის საქმეში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეპიზოდი ეხება 2011 წელს მოზარდების დაკავებასა და წამებას, მათ მიერ დარაას ერთ-ერთი სკოლის კედელზე დატანილი ანტისამთავრობო წარწერების გამო.

სწორედ ეს გახდა ასადის ხელისუფლების უსაფრთხოების ძალების მიერ წარმოებული რეპრესიული პოლიტიკის საწინააღმდეგო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების დაწყების მიზეზი. დათმობებისა და შერბილებული ნაბიჯების ნაცვლად, ბაშარ ალ-ასადის დიქტატურამ ვითარების ესკალაცია ამჯობინა, გამოიყენა სასტიკი მეთოდები, რაც მალევე გადაიზარდა 14-წლიან სამოქალაქო ომში, რომლის დასასრული ასადის რეჟიმის დამხობა გახდა.

ბაშარ ალ-ასადს გაქცევა მოსკოვში მოუწია, სადაც, დასავლური მედიის ინფორმაციით, ბიზნესკომპლექს Moskva-City-ში ცხოვრობს. რუსული სამხედრო ძალების ჩართულობის მიუხედავად, მოკავშირემ ვერ შეძლო დიქტატორის მთავრობის დაცვა, სირიის ახალი ხელისუფლება კი უფრო მეტად დასავლურ სახელმწიფოებთან ცდილობს კავშირების გაღრმავებას.

აღძრული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, გასულ კვირაში სირიის ხელისუფლებამ დააკავა დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი ამჯაფა იუსეფი, რომელიც მხილებულია მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ წამებაში.

დაკავშირებული ამბები
სირიამ ასადის რეჟიმის მაღალჩინოსნების გასამართლების პროცესი დაიწყო სირიაში მდებარე ალ-ჰოლის ბანაკში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება განახლდა