სამხრეთ კალიფორნიაში მდებარე ედვარდსის სამხედრო ავიაბაზიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების B-52 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი მოჰავეს უდაბნოში ჩამოვარდა, რასაც 8 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ოფიციალური წყაროების მიხედვით, ბორტი პერიოდულ სატესტო მისიას ასრულებდა, რა დროსაც მას პრობლემა შეექმნა და ხმელეთისკენ დაშვება დაიწყო, მოგვიანებით კი, როგორც გავრცელებული კადრებიდან გამოჩნდა, ბომბდამშენისგან აღარაფერი დარჩა.
„ეს ავიაკატასტროფა მიჩნეულია ისეთ შემთხვევად, რომლის დროსაც გადარჩენა შეუძლებელი იყო. ამ მძიმე დროს ჩვენი ფიქრები და ლოცვები იმ ოჯახებისკენაა მიმართული, რომლებმაც თავიანთი საყვარელი ადამიანები დაკარგეს.
B-52 ტიპის ბომბდამშენი აფრენის საწყის ეტაპზე იმყოფებოდა და მონაწილეობდა რადარის მოდერნიზაციის პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ადგილობრივ სატესტო ფრენაში. ბორტი აფრინდა, თუმცა აფრენიდან მალევე ჩამოვარდა და ცეცხლი მოედო.
ჩვენი პირველი რეაგირების ჯგუფები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ მოქმედებაში, შემოსაზღვრეს ტერიტორია და დაიწყეს ხანძრის ჩაქრობა. პარალელურად, სამხედრო ბაზაზე შეიქმნა საგანგებო ოპერაციების ცენტრი და საავიაციო ფრთის ოპერაციების ცენტრი, რათა უზრუნველყოფილიყო ყველა შესაბამისი სამსახურის კოორდინაცია და სამაშველო ღონისძიებების მართვა.
ავარიის ამსახველი მასალის განხილვის შემდეგ დადგინდა, რომ ეს იყო კატასტროფა, რომლის დროსაც გადარჩენის შესაძლებლობა არ არსებობდა და რომელიც სრულად სასიკვდილო შედეგით დასრულდა“, - განაცხადა პოლკოვნიკმა ჯეიმს ჰეისმა, ედვარდსის საჰაერო ძალების ბაზის მეთაურის მოადგილემ.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა. ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნების თქმით, შეიქმნება დროებითი უსაფრთხოების კომისია, რომელიც შეაგროვებს საწყის ფაქტებსა და მტკიცებულებებს.
ამის შემდეგ დაიწყებს მუშაობას უსაფრთხოების საგამოძიებო კომისია, რომელიც შემთხვევის ძირეულ მიზეზებს შეისწავლის. მათივე განმარტებით, მთლიან პროცესს შეიძლება ექვს თვეზე მეტიც კი დასჭირდეს.
B-52 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენის მონაწილეობით, მსხვერპლის თვალსაზრისით, ეს 1982 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურია. სააგენტო Associated Press-ის თანახმად, როგორც წესი, ბომბდამშენის ბორტზე ეკიპაჟის 5 წევრია ხოლმე, თუმცა ახლა მათი რაოდენობა 8 იყო.
შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ბალანსზე არსებული სტრატეგიული ბომბდამშენი შორი მოქმედების კატეგორიას განეკუთვნება და შეუძლია სხვადასხვა შეიარაღების გადატანა.
ვაშინგტონს ასეთი 75 ბორტი ჰყავს და B-52 სხვადასხვა მისიაში მონაწილეობდა, მათ შორის ირანის წინააღმდეგ ამერიკის სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში სახელწოდებით „ეპიკური რისხვა“.
