კატეგორიები

აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმს ნეთანიაჰუს სრული მხარდაჭერა არ აქვს

აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმს ნეთანიაჰუს სრული მხარდაჭერა არ აქვს
შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელმაც, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში მრავალწლიანი კონფლიქტი და თეირანის ბირთვულ შესაძლებლობებზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს, ისრაელის პრემიერ-მინისტრის სრული მხარდაჭერა არ აქვს.

„ათწლეულების განმავლობაში მე ვებრძოდი ირანის მცდელობებს, ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ამას შეიძლება მთელი ჩემი ცხოვრების მისია ვუწოდო. დღემდე ამის ერთგული ვარ და მომავალშიც ამ პოზიციის ერთგული ვიქნები. შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე, ირანს არ ექნება ბირთვული შიეარაღება - არც დღეს და არც ხვალ. ვიდრე მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ეს არ მოხდება.

ეს შეთანხმება შეერთებული შტატებისა და ამ ქვეყნის პრეზიდენტის მიერაა მიღწეული და ის თვლის, რომ ნამდვილად შეუძლია გააერთიანოს როგორც ჰორმუზის სრუტის გახსნა, ისე ბირთვული პროგრამის გაუქმება. მანამდეც ვთქვი, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა და ახლაც ვიმეორებ - ეს მისი გადაწყვეტილებაა, მას ის იღებს და, რა თქმა უნდა, ჩემი მოსაზრება სხვადასხვა დისკუსიის დროს დავაფიქსირე. მეორე მხრივ, ვთქვი, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები, რაც, უპირველეს ყოვლისა უკავშირდება ბირთვულ საფრთხეს“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ თვლის, რომ ისრაელის სახელმწიფოსთვის საფრთხეები არსად გამქრალა.

საზოგადოებისადმი სიტყვით მიმართვისას მან თქვა, რომ ათწლეულების განმავლობაში ვაშინგტონთან პარტნიორობით ჩატარებული სამხედრო ოპერაციები ეროვნული ინტერესების დასაცავად უმნიშვნელოვანესია და ამერიკელი მოკავშირეების ძალისხმევას აფასებს, თუმცა, მისივე განმარტებით, ახლა თელ-ავივს სხვა დრო უდგას.

„შეერთებულ შტატებში ამბობენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს ყველაფერს, რასაც მე ვითხოვ, ჩვენს ქვეყანაში კი საპირისპირო პოზიცია აქვთ - აქ ამბობენ, რომ ვაკეთებ ყველაფერს, რასაც ის ითხოვს. ორივე მცდარი მოსაზრებაა. ეს არის იმ პარტნიორების ურთიერთობა, რომლებიც ერთმანეთს კარგად იცნობენ, ხშირად თანხმდებიან და ზოგჯერ განსხვავებული მოსაზრებებიც აქვთ. ასეთი რამ საუკეთესო ოჯახებშიც ხდება. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი თანამშრომლობისთვის გარკვეული ჩარჩოები განვსაზღვრეთ და ამ ჩარჩოების შესაბამისად ვმუშაობთ.

სხვათა შორის, ვინც გეუბნებათ, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია - მაგალითად, რომ შეგვიძლია ევროპის ნახევარი დავიპყროთ, მხოლოდ გადაწყვეტილებაა საჭირო - ეს სიმართლე არ არის. ასევე არ არის სიმართლე, თითქოს შეგვიძლია სრულად უგულებელვყოთ ის, რასაც შეერთებული შტატები ამბობენ. ჩვენ ამას ნამდვილად ვითვალისწინებთ“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუს.

ირანის შეთანხმების ირგვლივ შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის გარკვეული უთანხმოებები წარმოიშვა. გასული კვირების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის რეგიონი არაერთხელ აღმოჩნდა მორიგი ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყების წინაშე, რისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გახდა ლიბანში ისრაელის სპეციალური სამხედრო ოპერაცია და იერიშები ბეირთუის სამხრეთით, სადაც, თელ-ავივის ცნობით, ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ პოზიციებია განლაგებული.

„მეორე საკითხი, რომელიც შეეხება ლიბანს - ჩვენ შევქმენით ბუფერული ზონა, უსაფრთხოების სივრცე და დავრჩებით იქ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

ირანს სურდა, იქიდან გავსულიყავით, მაგრამ ასე არ მომხდარა და იცით რატომ? რადგან მე ძალიან მტკიცედ დავდექი და ჯიუტად არ შევიცვალე პოზიცია. მჯერა, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრები აფასებენ ამ ურყევ და დაჟინებულ პოზიციას. ჩვენ ვრჩებით იქ, რადგან გვჭირდება ჩრდილოეთის მოსახლეობის დაცვა…

რომ არ გვემოქმედა იმ დროს, როცა ვიმოქმედეთ, და იმ ძალით, რა ძალითაც ვიმოქმედეთ - როგორც ოპერაცია „ამომავალი ლომის“ დროს, ისე მოგვიანებით „ლომის ღრიალის“ ფარგლებში პრეზიდენტ ტრამპთან და ამერიკის სამხედრო ძალებთან ისტორიული თანამშრომლობით, ირანს უკვე ექნებოდა ბირთვული იარაღი.

და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ მილიონობით ისრაელის მოქალაქე, თქვენ, ვინც ახლა მისმენთ, ყველა საშინელი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდით - მასობრივი სიკვდილის საფრთხის წინაშე. ამ საფრთხის ქვეშ ყველანი ვიქნებოდით.

ჩვენ კი მრავალი წლით დავაშორეთ საკუთარ თავს ეს საფრთხე - ისრაელის მოსახლეობის განადგურების საფრთხე. სწორედ ეს შევძელით: ჩვენ გადავარჩინეთ ისრაელის სახელმწიფო განადგურებისგან“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ამავე დროს, დონალდ ტრამპმა არაერთხელ მოუწოდა ბენიამინ ნეთანიაჰუს - საჯარო განცხადებებითა თუ სატელეფონო საუბრებისას, რომ არ გაემწვავებინა ვითარება და არ ჩაეშალა ვაშინგტონსა და თეირანს შორის გასაფორმებელი შეთანხმება.

დაკავშირებული ამბები
აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმს ნეთანიაჰუს სრული მხარდაჭერა არ აქვს ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით ომის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია