კატეგორიები

რუსეთის ქალაქ ტულაში უკრაინული დრონების თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის ქალაქ ტულაში უკრაინული დრონების თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთის ქალაქ ტულაში, რომელიც მოსკოვის სამხრეთიდან დაახლოებით 180 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინული დრონების თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის ერთი წლის ბავშვი.

ტულის გუბერნატორის, დმიტრი მილიაევის განცხადებით, დრონებთ იერიში საცხოვრებელ უბანზე იყო მიტანილი . თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი შენობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, მიმდინარეობდა დაზიანებული ობიექტების შემოწმება და მოსახლეობის დახმარება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამის განმავლობაში უკრაინის მიერ გაშვებული 123 დრონი ჩამოაგდეს. უწყების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე იყო მიმართული, თუმცა მათი უმეტესობის განეიტრალება ჰაერში მოხერხდა.

„ამჟამად ვაფასებთ მიყენებულ ზარალს, მათ შორის შენობების სხვადასხვა დაზიანებასა და კონსტრუქციული მდგრადობის დარღვევის შემთხვევებს. რამდენიმე ჯგუფი კარდაკარ ამოწმებს საცხოვრებელ სახლებს, რათა დაზიანებები სრულად აღირიცხოს და დაზარალებულ მოსახლეობას შესაბამისი დახმარება გაეწიოს“ - განაცხადა ტულის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ილია ბესპალოვმა.

უკრაინას თავდასხმასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინული დრონების იერიშები რუსეთის სამხედრო და სამრეწველო ობიექტების წინააღმდეგ გახშირდა, რის საპასუხოდაც რუსეთი უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ საჰაერო დარტყმებს აგრძელებს.

დაკავშირებული ამბები
რუსეთის ქალაქ ტულაში უკრაინული დრონების თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა ევროკავშირი ხელახლა შეეცდება რუსეთის პატრიარქის დასანქცირებას