მთავარიგადაცემებიThe Europe Conversationანდრიუს კუბილიუსი: „ევროპამ თანამედროვე ომის შესახებ წარმოდგენა უნდა შეიცვალოს“

ანდრიუს კუბილიუსი: „ევროპამ თანამედროვე ომის შესახებ წარმოდგენა უნდა შეიცვალოს“

დრონების შეჭრა ევროკავშირის წევრი სახელწმიფოების საჰაერო სივრცეში ომის დოქტრინას ცვლის, რასაც ევროკავშირი  ისევ ვერ სცემს ადეკვატურ პასუხს –  განაცხადა ევრობლოკის თავდაცვაზე პასუხისმგებელმა პირველმა პირმა –  ანდრიუს კუბილიუსმა ევრონიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, ამ კუთხით ევროკავშირმა მაგალითი უკრაინისგან უნდა აიღოს.

შტეფან გრობე, ევრონიუსი: „პრემიერმინისტრობის დროს რუსეთის ენერგოსექტორს შეუტიეთ. თქვენ მოითხოვეთ კომპენსაცია საბჭოთა ეპოქის დროს მიყენებული ზარალის სანაცვლოდ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. ეს პრობლემა დღეს უკრაინისთვისაც ძალიან ნაცნობია. რუსეთი ოდესმე შეიცვლება?

ანდრიუს კუბილიუსი, ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში:

„მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, მრავალი წლის შემდეგ, ვიხილავთ შედარებით ნორმალურ რუსეთს. დღევანდელი პუტინის რუსეთი  უფრო დიდი საფრთხეა ევროპის უსაფრთხოებისთვის.  უკრაინაში მიმდინარეობს საშინელი ომი, რომლის წინასწარ განჭვრეტაც თითქმის 10 წლის წინ ნამდვილად შეგვეძლო, შეგვეძლო მივმხვდარიყავით, რუსეთი საით მიდიოდა“.

შტეფან გრობე, ევრონიუსი: „უკვე წელიწადზე მეტია, ხართ ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, გაბარიათ პორტფელი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად იქცა ევროკომისიაში. ამას ელოდით?“

ანდრიუს კუბილიუსი, ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში: „როდესაც თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში პირველ ევროკომისრად დამასახელეს, საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდნენ. ფიქრობდნენ, მაინც რა უნდა გააკეთოს ამ ევროკომისარმა, რადგან ევროპა მაინცდამაინც არ აქცევს ყურადღებას თავდაცავასო. თუმცა, ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ ასეთი პორტფელის შექმნა ძალიან გონივრული გადაწყვეტილება იყო, რადგან ბოლო ერთი წლის განმავლობაში თავდაცვა მთელი ევროპისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პრიორიტეტად იქცა. და ჩვენ საკმაოდ ბევრს ვაკეთებთ. ჩვენ მოვახერხეთ და შევქმენით ბევრი ისეთი მექანიზმი, რომლებიც, ჩემი აზრით, საშუალებას მისცემს წევრ სახელმწიფოებს, განავითარონ თავიანთი პოტენციალი, განსაკუთრებით ფინანსური მექანიზმები, მაგალითად, ევროპის უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი სესხების პროგრამა, ე.წ. სეიფი (Security Action for Europe). ეს იმ მკაფიო გეგმის მიხედვით წინსვლის საშუალებას გვაძლევს, რომელსაც თავდაცვისათვის მზადყოფნის გზამკვლევს ვუწოდებთ. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ  2030 წლამდე ვიყოთ მზად.“

შტეფან გრობე, ევრონიუსი: „მოდი, გავაგრძელოთ ეს საკითხი.  ევროკავშირს არ ჰყავს არმია, არ აქვს ნატოს მსგავსი სამეთაურო სტრუქტურა. აბა რა შეუძლია ევროკავშირს? რას გააკეთებს ისეთს, რასაც ნატო ვერ შეძლებს?“

ანდრიუს კუბილიუსი, ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში: „ნატოს ჰყავს სამხედრო ძალა, ჩვენ კი –  სამრეწველო. და როდესაც  ორივეს ერთ სისტემაში გავაერთიანებთ, მივიღებთ თავდაცვისთვის მზადყოფნას. რადგან ნატო განსაზღვრავს ე.წ. თავდაცვის შესაძლებლობის მიზნებს იმ თვალსაზრისით, თუ რამდენი ტანკი, რამდენი საარტილერიო დანადგარი უნდა ჰქონდეს ჩვენს არმიას.  ჩვენ კი სამრეწველო პოლიტიკას ვთავაზობთ. მთელი ევროკავშირი შევდივართ  ახლა ძალიან მნიშვნელოვან ახალ ეტაპზე „ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც ინდუსტრიული პოლიტიკის ინსტრუმენტების ახალი სისტემაა. გარდა ამისა, შეგვიძლია დამატებითი თანხების მოზიდვა, როგორც ეს გავაკეთეთ, მაგალითად, ე.წ. უსაფრთხოების სესხებით.  ვგეგმავთ ჩვენი თავდაცვის ხარჯების ხუთჯერ გაზრდას მომავალ მრავალწლიან ბიუჯეტში. ასე რომ, უამრავი რამ გავაკეთეთ, რომელთა საშუალებითაც  ნამდვილად შეგვიძლია დავეხმაროთ წევრ სახელმწიფოებს შესაძლებლობების განვითარებაში, რათა იყვნენ მზად თავდაცვისთვის და შეძლონ ჩვენი მოწინააღმდეგეების მიერ დაგეგმილი ნებისმიერი საფრთხის შეჩერება“.

შტეფან გრობე, ევრონიუსი: „გასაგებია. და რატომ აკეთებს ამას ევროპა? უკრაინის ომის გამო, რომელიც უკვე ოთხი წელია მიმდინარეობს. რას ფიქრობთ ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო ნაბიჯზე, რომელიც უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის დამყარებას ემსახურება? უნდა მიიღონ ის უკრაინელებმა?“

ანდრიუს კუბილიუსი, ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში: „იცით, უკრაინელები ნამდვილად იმსახურებენ მშვიდობას და ეს კრიმინალური ომი უნდა შეჩერდეს. მაგრამ მშვიდობა გარკვეულ სამართლიან საფუძველს უნდა ეყრდნობოდეს და თან ქმნიდეს გარანტიებს, რომ ეს მშვიდობა არ დაირღვევა. მე კი არ ვარ დარწმუნებული, რომ პუტინი ამას დასთანხმდება. შეგვიძლია, მივულოცოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ მშვიდობის დამყარებას ცდილობს. რა თქმა უნდა, ზოგიერთი მოსაზრება არ არის მოსაღები. ევროპელმა ლიდერებმა ძალიან მკაფიოდ გამოხატეს ჩვენი პოზიცია.  ჩვენ ვეხმარებით უკრაინელებს, რომ შეძლონ წინააღმდეგობის გაწევა და ახალი პუნქტების შეთავაზება. თუმცა ვნახოთ, რა იქნება, ეს ხომ პუტინზეა დამოკიდებული. და არ ვარ დარწმუნებული, რომ პუტინი მასზე მეტი ზეწოლის გარეშე გადაწყვეტს, დასთანხმდეს  მოლაპარაკებას და დაასრულოს ეს ომი“.

შტეფან გრობე, ევრონიუსი: „ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ პუტინს საკმაოდ დიდი გავლენა აქვს ტრამპზე საერთაშორისო ასპარეზზე და რომ ტრამპი ასე სხვადასხვა მიზეზის გამო იქცევა, მაგალითად, მას სურს ფულის მოგება ან ნობელის პრემიის მიღება. რამდენად სერიოზულია ეს ძალისხმევა?“

ანდრიუს კუბილიუსი, ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში: „იცით, გამიჭირდება ახლა ამის შეფასება. ყოველ შემთხვევაში, იგი ინიციატივას იჩენს. ცდილობს, მშვიდობისკენ უბიძგოს. ამის მხოლოდ მოწონება შეგვიძლია. თუმცა რთულია იმის თქმა, თუ რამდენად წინ მივყავართ მის მეთოდებს ან რამდენად უპრიანია ეს გზები. ამას ისტორია გვაჩვენებს. ალბათ არ იქნება ურიგო, რომ ჩვენ, როგორც ევროპელები და ევროკავშირი, ყოველთვის არ ველოდოთ, როდის წამოვა რაღაც ახალი სამშვიდობო გეგმა ვაშინგტონიდან. კარგი იქნებოდა, ჩვენც გამოგვეჩინა ინიციატივა და საკუთარი გეგმა მოგვემზადებინა“.

შტეფან გრობე, ევრონიუსი: „მაგრამ ეს როგორ უნდა შეძლოს ევროპამ? ტრამპი მიზანმიმართულად ინაპირებს ევროპელებს. მას არ სურს მათთან საქმის დაჭერა. და მაინც ჩვენ აქ ვართ. ჩვენ უკრაინის მეზობელი  ვართ. ეს ომი ჩვენზე გაცილებით მეტად აისახება. ამიტომ რა შეიძლება გააკეთოს ევროპულმა დიპლომატიამ?“

ანდრიუს კუბილიუსი, ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში: „უნდა გავაკეთოთ ის, რაც უკვე ვთქვი. იმდენად მტკიცედ და ეფექტიანად დავუჭიროთ მხარი უკრაინას, რომ პუტინმა თვალნათლივ დაინახოს, რომ ვერაფერს გახდებას. პირველ რიგში, ეს უნდა იყოს ჩვენი ფინანსური და სამხედრო დახმარება, რათა უკრაინამ შეძლოს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მიიტანოს იერიში. ასევე საჭიროა საჰაერო თავდაცვის სისტემების მხარდაჭერა უკრაინაში იქ, სადაც მათი ენერგოინფრასტრუქტურის ობიექტები მდებარეობს და ა.შ. ნამდვილად არის რაღაც, რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ მათ წინსვლას, ამ დახმარებას პაკეტის სახე უნდა მივცეთ და ძალიან ეფექტიანი იქნება ჩვენი მხირდან ალტერნატიული სამშვიდობო გეგმის შეთავაზებაც“.

შტეფან გრობე, ევრონიუსი: „ბოლო დროს რუსეთის მიერ განხორციელებულმა პროვოკაციებმა, ცოტა არ იყოს, ტონი შეაცვლევინა ევროპის დედაქალაქებს. ახლა უფრო მეტი ითხოვს, რომ ევროპა გადავიდეს შეტევაზე ჰიბრიდული თავდასხმების თვალსაზრისით, მაგალითად, და ა.შ. ამბობენ, რომ ევროპამ საპასუხო ოპერაცია უნდა ჩაატაროსო და სხვა ამის მსგავსი. თქვენც უერთდებით ამ მოთხოვნებს?“

ანდრიუს კუბილიუსი, ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში: „რუსული პროვოკაცია, რომელსაც ჩვენ  ჰიბრიდულ ომს ვუწოდებთ, იქნება ეს პროვოკაცია დრონებით თუ რკინიგზაზე მოწყობილი საბოტაჟი, რომელიც შესაძლოა ტერორისტული აქტიც კი იყოს, როგორიც პოლონეთში მოხდა –  ნამდვილად ითხოვს ჩვენგან უფრო მკაფიო სტრატეგიას. როგორ ვიქცევით ჩვენ? არის ერთი საშუალება, თუ როგორ შეგვიძლია საკუთარი თავის დაცვა ასეთი ტიპის პროვოკაციებისგან. როგორც ირკვევა, ამჟამად საკმაოდ მწირია ჩვენი შესაძლებლობები, რომ, მაგალითად, აღმოვაჩინოთ  ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსული დრონები ან შევძლოთ მათი განადგურება შედარებით იაფი საშუალებებით. ამიტომ უნდა განვავითაროთ ასეთი პოტენციალი როგორც ტექნიკური, ისე ტექნოლოგიური თვალსაზრისით. თუმცა, მეორე მხრივ, უფრო მკაფიოდ უნდა ჩამოვაყალიბოთ, თუ როგორი იქნება ჩვენი პოლიტიკური პასუხი. იმიტომ, რომ ახლავე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთი მეტ პროვოკაციას მოაწყობს,  თუკი არ ვიპოვით მისი შეჩერების გზებს. უფრო გახშირდება პროვოკაციები და მათი მასშტაბიც გაიზრდება. აი, ეს უნდა გვახსოვდეს. რა თქმა უნდა, ჩვენი წევრი ქვეყნები გამოდიან გარკვეული წინადადებებით, ზოგიერთ მინისტრს აქვს მოსაზრებები. მაგალითად, იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ საკმაოდ საინტერესო წინადადებები წარმოადგინა ევროპის ჰიბრიდული საფრთხეებისგან დასაცავად, რომლებშიც გვთავაზობს, რომ ვიყოთ უფრო პროაქტიული, რომ ასეთ პროვოკაციებს პასუხი გავცეთ“.

შტეფან გრობე, ევრონიუსი: „რას ფიქრობთ იმ ცნობილ მოსაზრებაზე დრონების კედლის შექმნის შესახებ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, მაგრამ ახლა საეჭვო დუმილია მის ირგვლივ. საუბარია ჩვენს სამი ათას თუ უფრო მეტკილომეტრიან საერთო საზღვარზე რუსეთთან. რას ფიქრობთ ამ საკითხზე? ეთანხმებით თუ არა დრონების კედლის აგებას?“

ანდრიუს კუბილიუსი, ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში: „ახლა უბრალოდ სათაური შევცვალეთ, რადგან მივხვდით, რომ ზოგიერთ ქვეყანაში გაუჭირდათ ტერმინ „კედლის“ გაგება, ვერ მიხვდნენ, თუ როგორ უნდა აშენდეს დრონის კედელი და რას ნიშნავს ეს. ახლა მას „დრონებისგან თავდაცვის ინიციატივა“ დავარქვით. მის ირგვლივ დისკუსია გრძელდება და ძალიან მალე, როგორც ვხვდებით, იქნება სამიტი.  მაგალითად, ფინეთი მოგვიწოდებს, რომ ჩავატაროთ აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების სამიტი, რომელიც ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე ზოლში შემავალ ქვეყნებს მოიცავს. სწორედ ამ სამიტის ფარგლებში განვიხილავთ ასეთ იდეებს. „აღმოსავლეთ ფლანგის საზედამხედველო პროგრამა“ (Eastern Flank Watch) მოიცავს დრონებით თავდაცვის ძალიან სერიოზულ ელემენტს და ამ კუთხით ძალიან ბევრის სწავლა შეგვიძლია უკრაინისგან. აი, სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ“.

შტეფან გრობე, ევრონიუსი: „თქვენ ამის შესახებ ხალხს ძალიან დიდი ხანია აფრთხილებთ. როდესაც რუსული დრონი შემოიჭრა, თქვენ დაახლოებით ასეთი რამ თქვით: „ახლა უნდა ვიმოქმედოთ, ჯერ კიდევ ძალიან ცუდად ვართ მომზადებული.“ როგორ გგონიათ, მიდის ევროპა ერთიანი პოზიციისკენ ამ კუთხით? რომ იმოქმედოს და არა მხოლოდ ილაპარაკოს?

ანდრიუს კუბილიუსი, ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში: „ნამდვილად ვხედავ ნაბიჯებს. ახლა უკევ გვაქვს ე.წ. დრონებით თავდაცვის საინიციატივო კოალიცია, რომელსაც ნიდერლანდები, ასევე ლატვია და ხორვატია ხელმძღვანელობენ. ცოტა ხნის წინ  ჩატარდა  ძალიან საინტერესო ინდუსტრიული მრგვალი მაგიდა, რომელსაც ესწრებოდა დრონებისა და დრონების საწინააღმდეგო სისტემების ყველა მწარმოებელი. და მომავალი წლიდან უნდა დავიწყოთ ახალი ინდუსტრიული პროგრამა, „ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის პროგრამა“ ე.წ. EDIP-ი, რომელიც მოიცავს ახალ ინსტრუმენტებს, რათა დავეხმაროთ წევრ სახელმწიფოებს, ჩაერთონ რომელიმე ერთობლივ პროექტში, რეგიონულ პროექტებს ვგულისხმობ, რომლებსაც ევროპის თავდაცვის საერთო მიზანი აერთიანებთ. როგორც ეროვნული ინვესტიციების გეგმები გვაჩვენებს, რომლებიც უსაფრთხოების სესხების ფარგლებშიც წარმოადგინეს, ძალიან ბევრი ქვეყანა აპირებს ფულის ჩადებას დრონებით თავდაცვის საკუთარი  პოტენციალის განვითარებაში. ასე რომ, საქმე დაძრულია. შეიძლება ეს თვალით არ ჩანს, მაგრამ რეალურად საქმე წინ მიდის“.

შტეფან გრობე, ევრონიუსი: „დრონები გაანადგურეს დანიის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, რუმინეთის თავზე. მართალია ეს არ არის წარმატებული ბიზნესის მოდელი მათთვის, ვინც ეს დრონები გამოგზავნა, მაგრამ საით მიდის საქმე, თქვენი აზრით, დრონებით ომისკენ ხომ არა? რამდენად იქნება ეს მომავალში ომის იარაღი?“

ანდრიუს კუბილიუსი, ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში:

„ახლა, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ის არის, რომ დრონები ნამდვილად ცვლის ომის დოქტრინას. და რაც ვნახეთ ტექნიკური კუთხით, მივხვდით, რომ არ გვაქვს დრონების აღმოჩენის საკმარისი პოტენციალი, საერთოდ არ გვაქვს დრონების გამანადგურებელი იაფი საშუალება, რადგან 10-ათასი ევროს ღირებულების დრონს  ვანადგურებთ რაკეტით, რომელიც ერთი მილიონი ევრო ღირს. ეს არ არის თავდაცვის საუკეთესო გზა. მეორე საკითხი, რომელიც თავლნათლივ დავინახეთ, ის არის, თუ რატომ ვერ მოვახერხეთ ევროპელებმა მომზადება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც დიდი რაოდენობით გამოჩნდა დრონები უკრაინაში ჯერ კიდევ 2023 წელს. ეს გვაჩვენებს, რომ ჩვენი მომზადების დონე და ასევე ჩვენი მსოფლმხედველობის ცვლილების დონე იმასთან მიმართებით, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე ომის დოქტრინა, არ დგას სათანადო სიმაღლეზე. სწორედ ამიტომ სულ ახლახან ე.წ. თავდაცვის ინდუსტრიის ტრანსფორმაციის სტრატეგიაში ჩავამატეთ კომუნიკაციების საკითხი. წინ უნდა წავიდეთ. აი, ეს არის მთავარი, რაც უნდა გავიგოთ“.

შტეფან გრობე, ევრონიუსი: „ამ კონტექსტში თქვენ ერთხელ უკვე გამოხვედით ინიციატივით, რომ ევროპა უნდა შეუერთდეს უკრაინის უკვე კარგად გამოცდილ დრონების პოტენციალს. მაინც რა იგულისხმეთ?“

ანდრიუს კუბილიუსი, ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში: „სწორედ ამაზე ვმსჯელობთ როგორც აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებთან ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, ისე უკრაინელებთან, რომ მათი ცოდნა და გამოცდილება გავიზიაროთ. რადგან აშკარაა, რომ უკრაინელებმა ააგეს დრონების კედელი, რომელიც ძალიან ეფექტიანად იცავს მათ ასობით დრონისგან ყოველ ღამე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებისგან ვისწავლოთ ის, რასაც ეკოსისტემას ვუწოდებთ. რადგან ვხედავთ, რომ უკრაინაში დრონების მწარმოებლები თანამშრომლობენ დრონების ოპერატორებთან, ოპერატორები კი კიევის ცენტრთან თანამშრომლობენ. ეს ცენტრი მართავს დრონებს ფრონტის ხაზზე. მათ ძალიან კარგი ციფრული სტატისტიკა აქვთ, რომლის საშუალებითაც თვალყურს ადევნებენ, რა ხდება ფრონტის ხაზზე და ფაქტია, რომ ძალიან სწრაფად ახდენენ ინოვაციას, რადგან, როგორც თავად ამბობენ, დრონი, რომელსაც ამ წუთას იყენებ, ორ თვეში უკვე ძველია, ვინაიდან რუსები უკვე პოულობენ მათი განადგურების გზებს. აი, ეს საკითხები არ არის ძალიან მარტივი და ვერ მოახერხებ სწრაფად  მოგვარებას. ამიტომ უკრაინელებთან უნდა ვითანაშრომლოთ, რათა გაგვიზიარონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება. ამიტომ ყოველთვის ვიმეორებ, რომ, როდესაც საქმე ეხება აღმოსავლეთ ფლანგის ზედამხედველობის შექმნას, ასევე დრონების კედლის აგებას, როგორც თავიდან ვუწოდეთ, საზღვრის ამ მონაკვეთში, ეს უნდა გავაკეთოთ უკრაინელებთან ერთად და უკრაინის ჩართულობით. ამის შედეგად უკრაინელების ეს გამოცდილება გავრცელდება ევროპაში, რაც ყველა ჩვენგანისთვის სასარგებლო იქნება“.

შტეფან გრობე, ევრონიუსი: „ომის მოგება ყოველთვის ფულის საკითხია, როგორც ამაში მრავალჯერ დავრწმუნდით. ევროკავშირის  „ევროპის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის“ – ე.წ. სეიფის SAFE პროგრამის 19 წევრიდან 15-მა უკრაინის დახმარების საკითხიც გაითვალისწინა. მაინც რა რაოდენობის ფულზეა საუბარი?

ანდრიუს კუბილიუსი, ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში:  „ეს გადასამოწმებელია, რადგან ახლა ვკითხულობთ წარმოდგენილ გეგმებს. თუმცა საუბარია მილიარდებზე, და არა მილიონებზე. ეს, შესაძლოა, იყოს 5 მილიარდის ფარგლებში, მაგრამ უფრო ზუსტი რიცხვი გეგმების შემოწმების შემდეგ გვეცოდინება. მას შემდეგ, რაც ზოგიერთ შემთხვევაში გავესაუბრებით წევრი სახელწმიფოების წარმომადგენლებს. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია უკრაინის გათვალისწინება წევრი ქვეყნების ამ გეგმებში, რომელთა ფარგლებშიც ისინი უკრაინასთან ერთად ეძებენ საერთო შესყიდვების გზებს. ზოგიერთი წევრი ევროკავშირის ქვეყნებში საერთო საწარმოო პოტენციალის შექმნას აპირებს, თუმცა იარაღს უკრაინას მიაწოდებს. ასე რომ, ერთი მხრივ, უკრაინის მხარდაჭერას ვაძლიერებთ. მეორე მხრივ, სულ უფრო მეტს ვსწავლობთ უკრაინისგან და სწორედ ამისკენ მოვუწოდებ, რომ, მართალია, ვეხმარებით უკრაინას, მაგრამ ამასთან ერთად მას საკუთარი ცოდნის გაზიარებას ვთხოვთ ჩვენთვის“.

შტეფან გრობე, ევრონიუსი: „ეს რამდენად დაეხმარება უკრაინას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში დაიცვას საკუთარი საზღვრების სუვერენიტეტი?“

ანდრიუს კუბილიუსი, ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში: „უპირველეს ყოვლისა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია არის მისი საკუთარი ძლიერი არმია, რომლის შექმნაშიც ჩვენ დავეხმარებით. სწორედ ეს არის ე.წ. „მაჩვზღარბას სტრატეგია“ და უკრაინის თავდაცვის რეალური პოტენციალი“.

შტეფან გრობე, ევრონიუსი:  „მომწონს ეგ სახელი.”

ანდრიუს კუბილიუსი, ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში:  „დიახ. ეს პოტენციალი ისეთი უნდა იყოს, რომ რუსებმა მომავალში არც კი იფიქრონ უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიის გაჩაღება. მათი არმია ნამდვილ ბრძოლაშია გამოცდილი. ბრძოლაგამოვილი ინდუსტრია აქვთ – ინოვაციური ინდუსტრია. ძალიან სასრაგებლოა, მათ შევხედოთ, რათა გავიგოთ, თუ როგორ შევქმნათ და გავაძლიეროთ თავდაცვის ჩვენი საკუთარი პოტენციალი. სწორედ ამიტომ უნდა გადავხედოთ, როგორ შეგვიძლია ორივე მხარეს ჩვენ-ჩვენი პოტენციალის გაერთიანება. აი, ეს არის ჩვენი სამომავლო ამოცანა“.

შტეფან გრობე, ევრონიუსი: „ევროკომისარო, თქვენ კოსმოსის საკითხიც გაბარიათ“.

ანდრიუს კუბილიუსი, ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში: „ნამდვილად ასეა“.

შტეფან გრობე, ევრონიუსი: „შესანიშნავია.  რა პრობლემები აქვს ევროპას ამ სფეროში?

ანდრიუს კუბილიუსი, ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში: „პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ კოსმოსს ორმაგი დანიშნულება აქვს. და რადგან მე ვარ ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, თუ როგორ უნდა ავითვისოთ კოსმოსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვისთვის. მეორეც – უნდა ვიცოდეთ, რომ არცთუ ისე ცუდად გვაქვს საქმე კოსმოსის მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთის აზრით,  ილონ მასკი აკეთებს ყველაფერს, ევროპელები კი ძალიან ჩამორჩებიან. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ, მაგალითად, ნავიგაციის ჩვენი სისტემა  Galileo საუკეთესოა მსოფლიოში. დედამიწის თანამგზავრული დაკვირვების სისტემა Copernicus საუკეთესოა მსოფლიოში. ახლა ვქმნით თანაგზავრული კომუნიკაციის უსაფრთხო სისტემას, რომელიც  Starlink-ის მსგავსია – IRIS² და ექსპერტები ამბობენ, რომ ის Starlink-ს აჯობებს. ის, რაშიც ჩამოვრჩებით ილონ მასკს და რა კუთხითაც უნდა დავეწიოთ, რასაკვირველია, არის რაკეტის გაშვების შესაძლებლობები. თუმცა ამ კუთხითაც გვაქვს ახალი იდეები და წინსვლა. როდესაც კოსმოსურ შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, ყველაზე აუცილებელი ჩვენთვის ის არის, რომ დავინახოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოსმოსი თანამედროვე ომის წარმოებისა და თავდაცვისთვის. ჩვენ გვაქვს დაზვერვის სისტემები, უსაფრთხო თანამგზავრული კომუნიკაციის, ნავიგაციის სისტემები, მაგრამ ყველაფერს რაც მოიცავს, ეს არის ე.წ. სტრატეგიული მიზნების მიღწევის საშუალებები. აი, ეს უნდა განვავითაროთ. ამიტომ გვაქვს ახალი გეგმები, განსაკუთრებით სადაზვერვო მონაცემთა სისტემის ე.წ. „დედამიწაზე დაკვირვების სამთავრობო სამსახურის“ (Earth Observation Governmental Service  – EOGS) ათვისების კუთხით. და ჩვენ წინ მივიწევთ.  კოსმოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ისაა,  რომ კოსმოსში პანევროპული პროექტების წარმატებული განვითარების ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს, რაც არ მოიცავს თავდაცვას. ასე რომ, თავდაცვის კუთხით კიდევ ბევრი უნდა ვისწავლოთ კოსმოსისგან“.

ავტორები: შტეფან გრობე და ლორენ უოლკერი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend