7-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, ჩინეთის პრეზიდენტი ფხენიანში ჩასვლას გეგმავს, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, რა დროსაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდება.
ვიზიტის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ფხენიანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ფოტომასალა, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთ კორეამ ატომური ბომბების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების ახალი ობიექტი წარადგინა, სადაც ქვეყნის დიქტატორმა ლიდერმა გამოაცხადა ბირთვული ძალების „გეომეტრიული პროგრესიით ზრდის“ შესახებ.
ექსპერტების თქმით, ეს ნაბიჯი აჩვენებს, რომ სი ძინპინის ვიზიტის წინ, კიმ ჩენ ინი მიისწრაფვის ფხენიანის ბირთვული ზესახელმწიფოს სტატუსის გამყარებისკენ.
სამხრეთ კორეის სამხედროების ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ახალი ბირთვული ობიექტი წარმოადგენს ურანის გასამდიდრებელ საწარმოს, რაც, სავარაუდოა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკისთვის შეუსაბამო აღმოჩნდება - თუ იქნება გათვალისწინებული ირანის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო ოპერაცია სწორედ ამ მიზეზის გამო.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ნაკლებად მოსალოდნელია, ვაშინგტონი დაეთანხმოს ფხენიანის მიერ ურანის გამდიდრებას იმ ფონზე, როცა ამას, ფაქტობრივად, უკრძალავს თეირანს.
ბოლო წლების განმავლობაში, კიმ ჩენ ინმა პრიორიტეტად აქცია ბირთვული შესაძლებლობების განვითარება, რაც დასტურდება ამ მიმართულებით წვრთნებისა და სამხედრო გამოცდების გახშირებით. ეს ფაქტი შეშფოთებას იწვევს იაპონიასა და სამხრეთ კორეაში, რომელიც ფხენიანმა „მთავარ მტრად“ გამოაცხადა.
გასულ თვეში, თითქმის ერთკვირიანი შუალედით, ჩინეთის პრეზიდენტმა თავის ამერიკელ და რუს კოლეგებს უმასპინძლა. დონალდ ტრამპი პეკინს მეორედ ეწვია, თუმცა რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი კი - 25-ედ.
