კატეგორიები

28-ე წევრად 2028 წელს - მონტენეგროს აქვს პერსპექტივა ევროკავშირს ყველაზე სწრაფად შეუერთდეს

28-ე წევრად 2028 წელს - მონტენეგროს აქვს პერსპექტივა ევროკავშირს ყველაზე სწრაფად შეუერთდეს
ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ბლოკის წევრი ლიდერები მონტენეგროში შეიკრიბნენ - ქვეყანაში, რომელიც ასევე ადგას ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზას და, ამ ეტაპზე, ბრიუსელის მიერ გამოქვეყნებული სხვადასხვა შეფასების მიხედვით, კანდიდატ სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა, რითაც აქვს შესაძლებლობა, 2028 წლის ბოლომდე გახდეს გაერთიანების 28-ე წევრი.

მიუხედავად სხვებთან შედარებით არსებული წინსვლისა, ევრობლოკს მონტენეგროსადმიც აქვს რეკომენდაცია, უფრო მეტი იმუშაოს ანტიკორუფციული რეფორმებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებებით.

„მონტენეგრო მნიშვნელოვნად უსწრებს სხვა კანდიდატ ქვეყნებს და მრავალი რეფორმა განახორციელა. დანიის პოზიციაა, რომ ქვეყნები ევროკავშირს მხოლოდ მაშინ უნდა შეუერთდნენ, როდესაც ამისთვის სრულად იქნებიან მზად.

თუ გავითვალისწინებთ ევროპაში არსებულ მდგომარეობას, რუსეთის მიმდინარე ომის ფონზე, ბუნებრივია, განსაკუთრებულ ყურადღებას უკრაინას ვუთმობთ, რადგან ის უნდა იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი. ამასთან, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც იქნებიან მზად გასაწევრებლად.

არ აქვს მნიშვნელობა, საკითხს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით შევხედავთ თუ უსაფრთხოების - რუსეთის ჰიბრიდული ომი ნიშნავს, რომ ყველა ის ქვეყანა, რომელზეც აქ ვსაუბრობთ, რუსეთის მხრიდან ძლიერ ზეწოლას განიცდის. რუსეთი ცდილობს, ისინი ევროპას დააშოროს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ეს მოლაპარაკებები წინ მიიწევდეს, რათა ამ ქვეყნებში, მათ შორის აქაც, პროევროპული ძალები მხარდაჭერილი იყვნენ“, - განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერქისენმა.

უკრაინის ევროკავშირში გაწევრებაზე უნგრეთის ახალი ხელისუფლების მიერ მოხსნილ ვეტოს კიევი ევროინტეგრაციის გზაზე ახალ ეტაპზე გადაჰყავს, თუმცა ომში მყოფ სახელმწიფოს სამუშაო კიდევ ბევრი აქვს.

ნაწილობრივ ეს დადასტურდა „გაფართოების შესახებ“ 2025 წლის 4 ნოემბერს, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, სადაც უკრაინასთან დაკავშირებით ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა შეეხებოდა სისტემურ კორუფციასა და ზოგიერთი რეფორმის გატარების გაჭიანურებას.

ბრიუსელის შეფასების გარდა, ამ პრობლემის არსებობა დადასტურდა უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსნების ირგვლივ ბოლო თვეების განმავლობაში დატრიალებული საქმეებითაც, რა დროსაც, ზოგიერთი მათგანი დააკავეს, ზოგიერთის წინააღმდეგ კი ჯერაც მიმდინარეობს სამართალწარმოება.

ამავდროულად, ევროპელი ლიდერები მიიჩნევენ, რომ კიევი უნდა დარჩეს მათი ყურადღების ცენტრში, რადგან, რუსული აგრესიის შეკავება პირდაპირ არის დაკავშირებული ევროგაერთიანების მომავალთან.

„გაფართოების საკითხი უნდა ეფუძნებოდეს დამსახურებებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი უფრო ნელი უნდა იყოს. გაფართოების პროცესი უფრო სწრაფი და დამაჯერებელი უნდა გავხადოთ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი კანდიდატი ქვეყანა ატარებს რეფორმებს, ის წინ უნდა მიიწევდეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე კლასტერების გახსნა-ჩახურვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკავშირში გასაწევრებლად 10-მდე ქვეყანა მიისწრაფვის, თუმცა ყველას არ აქვს თანაბარი მაჩვენებლები რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით.

ევრობლოკში მოსახვედრად, მოსახლეობის მზარდი სურვილის გამო, მიმდინარე წლის აგვისტოში ისლანდია გეგმავს რეფერენდუმის ჩატარებას საკითხზე - შეიტანოს თუ არა განაცხადი გაერთიანების წევრობაზე.

ევროპელი ლიდერებისგან ხშირად ისმის განცხადებები იმის თაობაზე, რომ, შესაძლოა, 2030 წელს ევროკავშირის კარი დაიხუროს და ბლოკმა აღარ მიიღოს ახალი წევრები.

დაკავშირებული ამბები
28-ე წევრად 2028 წელს - მონტენეგროს აქვს პერსპექტივა ევროკავშირს ყველაზე სწრაფად შეუერთდეს ზელენსკი პუტინს ღია წერილით მიმართავს და პირისპირ შეხვედრას ითხოვს