კატეგორიები

ირანი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ინფლაციის ზღვარზეა

ირანი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ინფლაციის ზღვარზეა
მიუხედავად თეირანის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და გასამხედროებული დაჯგუფების, „რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის“ მხრიდან არაერთი მტკიცებისა, რომ ომს ირანის ეკონომიკაზე „სერიოზული გავლენა არ აქვს“ და არსებული მდგომარეობით მხოლოდ მოწინააღმდეგე ზარალდება, ისლამური ქვეყნის ცენტრალური ბანკის მონაცემები საპირისპიროზე მიუთითებს.

ფინანსური ინსტიტუტის თანახმად, ირანი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად აღმოჩნდა უკიდურესად მაღალი ინფლაციური მაჩვენებლის წინაშე.

სტატისტიკის მიხედვით, მაისის წლიური მონაცემები აჩვენებს, რომ სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქტები და მომსახურება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 77.2%-ით არის გაზრდილი, აპრილის მონაცემებისგან კი 8.5%-ით განსხვავდება.

ამასთან, ინფლაცია შეეხო ყოველდღიური და საყოველთაო მოხმარების ნაწარმსა თუ სერვისსაც. მაგალითად, წლიურ ჭრილში, მედიკამენტების ფასი, ტაქსისა და სატელეკომუნიკაციო მომსახურების ღირებულება თითქმის 114%-ით არის გაზრდილი. ორი-სამჯერ არის მომატებული სასურსათო პროდუქციის ფასებიც.

ირანის კერძო ეკონომიკური ანალიტიკის ცენტრის თანახმად, ამ ტემპებით ქვეყანა, სავარაუდოდ, გაუსწრებს 1942 წლის რეკორდულ, ჰიპერინფლაციურ მაჩვენებელს, თანაც განურჩევლად იმისა, დროის რა მონაკვეთში გახდება შესაძლებელი ვაშინგტონსა და თეირანს შორის მშვიდობის დამყარება, რადგან ომის ეფექტი გავლენას ახდენს კონფლიქტის ზონიდან გეოგრაფიულად დიდად დაშორებულ ქვეყნებზე, რომ არაფერი ითქვას უშუალოდ კონფლიქტის მხარეზე.

მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი ბრიტანეთი და საბჭოთა კავშირი ირანში შეიჭრნენ და ქვეყნის სარკინიგზო მაგისტრალები დაიკავეს, რითაც ვაჭრობის ჯაჭვი გაწყდა. ამას დაემატა სოფლის მეურნეობის სექტორის ჩამოშლა და მასობრივი შიმშილი, რასაც შედეგად ათასობით ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.

ბოლო წლებია, ირანი დიდად არ გამოირჩევა ეკონომიკური წინსვლით, რადგან აქცენტს აკეთებს სამხედრო მიმართულებასა და შეიარაღებაზე. ქვეყნის ეროვნული ვალუტა 2015 წლიდან უფასურდება. ამერიკულ დოლართან მიმართებით რიალის კურსი 11 წლის წინ შეადგენდა 32 000-ს ერთთან, ახლა კი 1 მილიონ 700 ათასს აღემატება.

დაკავშირებული ამბები
ირანი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ინფლაციის ზღვარზეა ახალი სულიერი ლიდერი ირანს აშშ-სა და ისრაელზე გამარჯვებულად აცხადებს