კატეგორიები

აშშ-მა კუბის მოქმედ პრეზიდენტს სანქციები დაუწესა

აშშ-მა კუბის მოქმედ პრეზიდენტს სანქციები დაუწესა
აშშ-მა სანქციები დაუწესა კუბის მოქმედ პრეზიდენტს, მიგელ დიას-კანელს, მის მეუღლესა და მასთან დაკავშირებულ კიდევ 3 პირს, რითაც ვაშინგტონმა მორიგი ნაბიჯი გადადგა კუნძულოვანი ქვეყნის კომუნისტურ მმართველობაზე ზეწოლის გაძლიერებისკენ.

შეზღუდვები ითვალისწინებს მათი ქონებისა და ანგარიშების გაყინვას.

გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ განცხადებას ხელს აწერს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელიც განმარტავს, რომ სანქცირებული პირები „ხელმძღვანელობენ ან აფინანსებენ რეჟიმს, ასევე ხელს უწყობენ რადიკალურ რევოლუციურ მოძრაობებს როგორც ამერიკის ტერიტორიაზე, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით“.

გადაწყვეტილებამ მყისიერი დამგმობი რეაქცია გამოიწვია ჰავანაში. კუბის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველა მსგავსი ნაბიჯი მიმართულია კუბელი ხალხისთვის ზიანის მიყენებისკენ.

აშშ-ის მიერ სანქცირებულთა შორის არის კუნძულოვანი ქვეყნის ყოფილი ლიდერის, რაულ კასტროს ერთადერთი ვაჟი, რომელიც კუბის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის კომისიის მრჩეველი იყო და თანამდებობაზე იყო იმ დროს, როცა ჰავანაში 2016 წლის მარტში ბარაკ ობამასა და რაულ კასტროს ისტორიული შეხვედრა შედგა.

მიუხედავად ამ ზომების მიღებისა, ჯერჯერობით უცნობია, რამდენად ეფექტური იქნება სანქციების დაწესება იმ პირებისთვის, ვისი ფინანსური ინტერესები, შესაძლოა, სულაც არ იყოს დაკავშირებული ამერიკულ საბანკო სისტემასთან.

ლათინური ამერიკის უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, რიჩარდ ფაინბერგის სიტყვებით, ანალიტიკოსები „ნაკლებად სავარაუდოს“ უწოდებენ იმ გარემოებს, რომლის მიხედვითაც ან კუბის პრეზიდენტს ან კომუნისტური ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს აქვთ აქტივები ამერიკაში.

მისივე თქმით, სანქციები უფრო სხვა ეფექტის მქონეა და, შესაძლოა, განხილული იყოს როგორც კუნძულოვან სახელმწიფოში „ინტერვენციის სამზადისი“ ან „ადგილობრივ რეჟიმზე ზეწოლა შეთანხმების გასაფორმებლად“.

გასათვალისწინებელია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რიტორიკა, შესაძლოა, მიუთითებდეს როგორც პირველ, ისე მეორე სცენარზე.

„ვამჯობინებ ერთიანად ვაკეთო საქმე. როგორც კი დავასრულებთ სამუშაოს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, უკანა გზაზე მცირე გაჩერებას გავაკეთებთ. ამასაც მივხედავთ. მათი დახმარება გვსურს.

კუბელების 95%-მა დამიჭირა მხარი. ეს არაჩვეულებრივი ადამიანები არიან, ენერგიულები და გონებაგახსნილები. მაიამიში მცხოვრები ზოგიერთი მდიდარი ადამიანი კუბელია და ისინი არაჩვეულებრივები არიან. მე ვიზრუნებ მათზე, საშუალებას მივცემ, მშობლიურ მიწაზე დაბრუნდნენ. მათ სურთ თავიანთ ოჯახებთან დაბრუნება - იქ, სადაც ბევრი ნათესავი ჰყავთ.

კუბა ძალიან ცუდად ეპყრობოდა მათ, თუმცა ჩვენ კუბას კარგად მოვექცევით. მივცემთ ჩვენს ხალხს საშუალებას დაბრუნდნენ. კუბასთან დაკავშირებით ძალიან კარგი გეგმები გვაქვს.

მათი რეჟიმი ძალიან მკაცრი და ამაზრზენი იყო. განსხვავება ისაა, რომ ახლა ფულის ნაკადი აღარ აქვთ. ადრე ვენესუელიდან ბევრ ფულს შოულობდნენ, ახლა საერთოდ არ აქვთ ფული. იცით, რას გეტყვით? მათ ეს სურთ, ძალიან სურთ, ჩვენ რომ იქ ვიყოთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

21 მაისს აშშ-მა ბრალი წარუდგინა კუბის ექსპრეზიდენტსა და კომუნისტური რევოლუციის მეთაურის, ფიდელ კასტროს უმცროს ძმას, 94 წლის რაულ კასტროს. საქმე ეხება 1996 წელს განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც მისი ბრძანებით ჩამოაგდეს მაიამიში მცხოვრები ემიგრანტების კუთვნილი ორი მცირე ზომის სამოქალაქო თვითმფრინავი და რასაც 4 ამერიკელის დაღუპვა მოჰყვა.

მოგვიანებით სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ კუბა ყოველთვის წარმოადგენდა საფრთხეს ვაშინგტონის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

დაკავშირებული ამბები
აშშ-მა კუბის მოქმედ პრეზიდენტს სანქციები დაუწესა რუბიო: კუბასთან მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევის ალბათობა მაღალი არ არის