კატეგორიები

ნიუ-იორკის ასობით რესტორანმა სპეციალური 26-დოლარიანი მენიუ შეადგინა

ნიუ-იორკის ასობით რესტორანმა სპეციალური 26-დოლარიანი მენიუ შეადგინა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რაღაც ერთი კვირა რჩება. ნიუ-იორკში, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქია, ბიზნესები და რესტორნები ათასობით გულშემატკივრის მისაღებად ემზადებიან. ნიუ-იორკის ცენტრში, ტაიმზ-სკვერზე მდებარე ერთ-ერთ საფეხბურთო მაღაზია Pelé Soccer-ში ჩემპიონატისთვის საფეხბურთო მაისურების მარაგი გააორმაგეს, რადგან მსოფლიოს წამყვანი ფეხბურთელების მაისურებზე მოთხოვნა საგრძნობლად იზრდება.

„მოთხოვნა ძირითადად ყველაზე პოპულალური ფეხბურთელების მაისურებზეა. მაგალითად არგენტინის მაისურებზე მესის სახელით ან გამოსახულებით. ასევე რონალდუს პორტუგალიის ნაკრებისა და საფრანგეთის მბაპეს მაისურებზე. შემდეგ მოდის სპეციალური მოდელები, მაგალითად,  ბრაზილიისა და ჯორდანის კოლაბორაციით დამზადებული მაისურები. სამწუხაროდ, იამაიკა მსოფლიოზე ვერ გავიდა, მაგრამ იამაიკის მაისურებს სპეციფიკური დიზაინი ჰქონდათ, რომელზეც ბობ მარლის ოჯახის წევრებმა იმუშავეს. ყველა ასეთი განსაკუთრებული მაისური ძალიან სწრაფად იყიდება“, - ამბობს Pelé Soccer-ის მარკეტინგის მენეჯერი, მიკი ვოლი.

ნიუ-იორკის ასობით რესტორანმა სპეციალური 26-დოლარიანი მენიუები შეიმუშავეს. ინიციატივა ნიუ-იორკის მერმა ზოჰრან მამდანიმ წამოიწყო, რათა ჩემპიონატის განმავლობაში ადგილობრივებ და ჩამოსულ გულშემატკივრებს საკვების შეძენა ხელმისაწვდომ ფასად შეეძლოთ. ნიუ-იორკის ხუთივე ადმინისტრაციულ ერთეულში ყველა რესტორანს, რომლებიც ინიციატივას შეუერთდნენ, მსოფლიო ჩემპიონატისთვის შექმნილი  სპეციალური ჭიქები ექნებათ. ერთ-ერთი რესტორანი, Morgan’s Brooklyn Barbecue, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის 26-დოლარიანი მენიუ შეადგინა, გულშემატკივრებს ქათმის ფრთების ტრადიციულ  სეტსა და კოქტეილს სთავაზობს.

„ქათმის ფრთები აქ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია. ისინი აქ ხეზე იბოლება. სპეციალურ სოუსს კი ჩვენ ნულიდან ვამზადებთ. ამერიკული თუ ევროპული ფეხბურთის ყურებისას მომხმარებელი ყველაზე ხშირად სწორედ ამას უკვეთავს. ასევე ძალიან ბევრ „Texas Two-step“-ის კოქტეილს ვყიდით. ამ ორის ერთად შეთავაზება სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ. ვფიქრობ, ნიუ-იორკში დღეს კარგი ზომის კერძისა და დიდი სასმლისთვის 26 დოლარი ხელსაყრელი ფასია. ყველაფერი ძალიან გაძვირდა. სადაც არ უნდა იყო, ყველამ იცის, რა ხდება მსოფლიოში საკვების ფასებთან დაკავშირებით. ასევე ეს ჩვენთვის შესაძლებლობაა, სხვა რესტორნებთან ერთად ვაჩვენოთ ჩვენი საქმე. ნიუ-იორკში შესანიშნავი რესტორნებია. ამიტომ ეს ინიციატივა მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვა სახის საჭმელი დააგემოვნონ და ფული სხვა აქტივობებისთვისაც დარჩეთ“, - ამბობს რესტორან Morgan’s Brooklyn Barbecue-ის მფლობელი, მეთიუ გლეიზერი.

ნიუ-იორკის ხელისუფლებამ 4 მაისს დამატებითი სამართალდამცავი ძალების განთავსების გეგმის შესახებ გამოაცხადა. გეგმის ფარგლებში ძირითად სატრანზიტო კვანძებსა და სხვა სპეციალური ღონისძიებების ადგილებში პატრულირება გაძლიერდება. ნიუ-იორკის სატრანსპორტო დეპარტამენტმა კი სპეციალური გაფრთხილების სისტემა შეიმუშავა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის იმ ყველა მატჩზეა გათვლილი, რომლებიც ქალაქში მდებარე სტადიონზე გაიმართება. ამ დღეებში მოსალოდნელი  საცობების გამო ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, სახლიდან იმუშაონ.

დაკავშირებული ამბები
ნიუ-იორკის ასობით რესტორანმა სპეციალური 26-დოლარიანი მენიუ შეადგინა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების კანონპროექტი მიიღო