უკრაინის გზა მდგრადი და სამართლიანი მშვიდობისკენ იმაზე ბევრად რთული და კომპლექსური აღმოჩნდა, ვიდრე დასავლელი პოლიტიკოსები ფიქრობდნენ. 20 ნოემბერს გამოქვეყნებული 28-პუნქტიანი გეგმა ევროპელი ლიდერების უმრავლესობისთვის ერთგვარი „გამოფხიზლების გზავნილი“ გახდა.
ყველა მათგანი თანხმდება – ნებისმიერი შეთანხმება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს გაეროს ძირითად წესდებას, რომ სახელმწიფო საზღვრების შეცვლა ძალისმიერი გზით დაუშვებელია.
ოთხწლიანი ომის დასრულების გზებზე სამსჯელოდ ევროპელი ლიდერებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს როგორც უკრაინელთა, ისე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მოსაზრებები, რადგან ომი, პირველ რიგში, ევროპული კონტინენტის უსაფრთხოებას აყენებს ეჭვქვეშ. ასე ფიქრობენ ანგოლაში საგანგებოდ ჩასული დიპლომატებიც და ბრიუსელში შეკრებილი ევრობლოკის წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებიც:
„ეფექტურმა და კოორდინირებულმა ევროპულმა ჩართულობამ, ასევე ჟენევაში ძლიერმა ევროპულმა ყოფნამ საშუალება მოგვცა, უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების საკითხზე მოლაპარაკებებში კარგი პროგრესისთვის მიგვეღწია… მხოლოდ უკრაინას, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს შეუძლია საკუთარ შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება. მათი ბედი მათსავე ხელშია.
ასევე მინდა ხაზი გავუსვა ქვეყნის მომავლის საკითხში ევროპის საკვანძო როლს. ჩვენ განვაგრძობთ კავშირს ჩვენს პარტნიორებთან „მსურველთა კოალიციიდან“. კვლავ წამოვწიე საკითხი გატაცებული და უგზოუკვლოდ დაკარგული უკრაინელი ბავშვების მძიმე მდგომარეობის შესახებ. თითოეული მათგანი უნდა დაბრუნდეს სახლებში…“ – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას განცხადებით, საკითხები, როგორებიცაა სანქციები, ევრობლოკის გაფართოება თუ გაყინული აქტივების გამოყენება, მოითხოვს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა სრულ თანხმობას – მაგალითად, რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას უნგრეთი და ვიქტორ ორბანის ხელისუფლება ბლოკავს.
„მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ პროცესს, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ევროკავშირთან და ჩვენი ქმედებები თანხვედრაში იყოს უკრაინასთან, ამერიკასა და ნატოსთან. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განვაგრძოთ წინსვლა როგორც პარტნიორებმა, რომლებსაც საერთო მიზანი აქვთ – ადამიანების მკვლელობების შეჩერება, უკრაინის წინააღმდეგ ამ აგრესიული ომის დასრულება და უკრაინელი ხალხისთვის მტკიცე მშვიდობის უზრუნველყოფა…“ – განაცხადა ანტონიუ კოშტამ, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ანგოლაში ევროპელი ლიდერების შეხვედრის დასრულებისთანავე.
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ამბობს, რომ მოვლენებისადმი სკეპტიკურად არის განწყობილი და დასძენს – ეს არის ხანგრძლივი პროცესი. მისთვის მთავარია, გაგრძელდეს ზეწოლა რუსეთზე, რომლის შედეგი იქნება, რომ მოსკოვი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდება:
„აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის წყალობით მან ახალი დინამიკურობა შეიძინა. ამ დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიცვალა. ახლა მიმდინარეობს მისი შეთანხმება და ეს არის ამერიკელების, ევროპელებისა და უკრაინელების ერთობლივი პოზიცია. მაშინ რუსეთი უნდა მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას. ახლახან სიტყვით გამოვედი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოზე და მხარი დავუჭირე იმ გეგმას, რომ ჩვენ კვლავ განვახორციელოთ ზეწოლა რუსეთზე.
გადამწყვეტი მოქმედება რუსეთისგან არის საჭირო და სანამ ეს მოქმედება არ არის შესამჩნევი, არ არსებობს პროცესი, ხოლო თუკი პროცესი არ არსებობს, არ არსებობს მშვიდობაც. ჩვენ გვინდა ამ პროცესის დაწყება და ამ პროცესის მიხედვით, რუსეთი უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან“.
უკრაინისადმი მხარდაჭერის დასადასტურებლად და კიევის წინააღმდეგ კრემლის აგრესიის დასაგმობად შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის“ ტრიბუნა გამოიყენება. საპარლამენტთაშორისო ფორუმი მეოთხედ ტარდება, წელს კი მისი მასპინძელი შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმია. შვედმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა კიევის მუდმივ მზაობას ცეცხლის უპირობო და სრული შეწყვეტის თაობაზე. მანვე ისაუბრა რუსული საოკუპაციო ჯარების მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების შესახებ:
„სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას უკრაინა ყოველთვის ავლენდა – რუსეთმა ეს არ გააკეთა. უკრაინა ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდა, რუსეთი – არა. უკრაინა ყოველთვის იყო მზად მოლაპარაკებებისთვის, რუსეთი – არა. რადგანაც რუსეთმა არ შეიცვალა პოზიცია, იგივე გააკეთეს შვედეთმა და ევროკავშირმა.
ჩვენი პოზიცია უცვლელია – სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, საზღვრები არ უნდა იყოს შეცვლილი ძალისმიერი გზით. არანაირი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. არანაირი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს უკრაინელი ხალხის სრულიად სუვერენულ უფლებაზე, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის გზა ევროკავშირის წევრობისკენ… ვიდრე გრძელდება რუსული აგრესია, შვედეთს აქვს მკაფიო, ორპუნქტიანი გეგმა, რომელიც მიმართულია უკრაინის გაძლიერებისა და რუსეთის დასუსტებისკენ. შეგიძლიათ, ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.
გასულ კვირას აღინიშნებოდა ბავშვის მსოფლიო დღე. ამან გამახსენა ის ათასობით ბავშვი, რომლებიც რუსეთმა ძალით დააშორა მშობლიურ სახლებს. გამახსენა საშკო მარიუპოლიდან, რომელიც დააშორეს დედას და მას ის აღარასდროს უნახავს. გამახსენა ევგენი, რომლის მამაც დააკავეს, ვიდრე მის შვილების მოსკოვის ინტერნატში აგზავნიდნენ.
როგორც დედას, წარმოდგენაც კი არ შემიძლია, რამდენად საშინელია სახლებიდან ბავშვების გატაცება და ძალით მათი იდეოლოგიის შეცვლა. ჩვენ არ შეგვიძლია ომში უკვე დაღუპული ბავშვების დაბრუნება, თუმცა შეგვიძლია გავაკეთოთ უფრო მეტი, რათა სახლებში დავაბრუნოთ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვები“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია მალმერ სტენერგარდმა.
უკრაინისა და ევროპული კონტინენტისთვის ამ მძიმე მომენტში კიევი მოკავშირეებს პასიური დამკვირვებლობის ნაცვლად, ქმედითი ნაბიჯების დაუყოვნებლივი გადადგმისკენ მოუწოდებს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის დამნაშავე რუსეთია, რომელმაც აგრესიისთვის პასუხი უნდა აგოს:
„უმეტეს შემთხვევებში მშვიდობა უზრუნველყოფილია საერთაშორისო სამართლის, კონვენციების, შეთანხმებებისა და გაეროს წესდების თანახმად. თუკი ეს პრინციპები არ მოქმედებს აქ, ევროპაში, მაშინ სად? ეს არის რიტორიკული შეკითხვა და მის მიღმა იმალება მთელი მსოფლიოს შიში, რომ ომი და არა მშვიდობა, შესაძლოა, კვლავ გახდეს კაცობრიობის ყოველდღიურობა, როგორც ადრე, ბნელ დროს. ჩვენ არ შეგვიძლია ამის დაშვება.
ახლა ჩვენ ვართ კრიტიკულ მომენტში და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპელ პარტნიორებთან, რათა განვსაზღვროთ ნაბიჯები, რომლებითაც შესაძლებელი იქნება ჩვენ წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულება და ნამდვილი უსაფრთხოების უზრუნველყოფა… პუტინს სამართლებრივად სურს იმის აღიარება, რაც მან მოიპარა, სურს, ძირი გამოუთხაროს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძირითად პრინციპებს. ეს არის მთავარი პრობლემა. მას ეს მხოლოდ უკრაინისგან არ სურს. მას ეს სურს მთელი მსოფლიოსგან, რაც ძალიან სახიფათოა…
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი განვაგრძობთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, განსაკუთრებით ამერიკასთან. გავაგრძელებთ კომპრომისების ძიებას, რომლებიც კი არ დაგვასუსტებენ, არამედ გაგვაძლიერებენ. განვაგრძობთ იმის ახსნას, რამდენად სახიფათოა თავის მოჩვენება, თითქოს ასე უბრალოდ არის შესაძლებელი აგრესიის იგნორირება და ცხოვრების გაგრძელება.
მე თქვენ გთხოვთ: ნუ იქნებით ჩუმად! ნუ იქნებით ისტორიის პასიური დამკვირვებლები, იყავით მისი მონაწილენი. ახლა მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა… უკიდურესად მნიშვნელოვანია პრინციპების ერთგულება, რომლებზეც დგას ევროპა: საზღვრები არ შეიძლება იყოს შეცვლილი ძალისმიერი გზით, სამხედრო დამნაშავეები არ უნდა გაექცნენ მართლმსაჯულებას, აგრესორმა კი უნდა გადაიხადოს მის მიერ გაჩაღებული ომის საფასური…“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ევროპელი ლიდერების მოლაპარაკებების პარალელურად, მოსკოვში კრემლის უმაღლესი წარმომადგენლები ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ. ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამტკიცებს, რომ მათ არანაირი გეგმა არ მიუღიათ. ამავე დროს, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი 28-პუნქტიანი გეგმის დიდ ნაწილს მისაღებად, ევროპულ გეგმას კი არაკონსტრუქციულსა და კატეგორიულად მიუღებელს უწოდებს.
„ჯერჯერობით არანაირი გეგმა არ გვინახავს. წავიკითხეთ განცხადებები ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ. ტექსტში, რომელიც მანამდე ვიხილეთ, გარკვეული სახის კორექტივებია შეტანილი. დაველოდებით და ვნახავთ. თუ მოვლენათა განვითარებას დავუჯერებთ, დიალოგი გრძელდება და კავშირი გაგრძელდება, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოფიციალურად არაფერი მიგვიღია.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ ჩვენ ვრჩებით ღია კავშირებისა და მოლაპარაკებებისთვის, თუმცა უშუალოდ მოლაპარაკებების თაობაზე არანაირი კონკრეტიკა არ არსებობს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
სამშვიდობო შეთანხმებასა და უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით რუსეთის მთავრობის მსგავსი დამოკიდებულება გამოავლინა ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმაც.
„არ ვფიქრობ, რომ ეს გეგმა იმუშავებს. ევროპელები ამას არ დაუშვებენ. ამ ურთიერთობებში ეს არის საკვანძო. აქამდეც გვინახავს მსგავსი მცდელობები, რომლებსაც არაფრისკენ მივუყვანივართ, მაგრამ დიალოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაღაც მომენტში, აქამდეც მივალთ…“
„უკრაინა ეცდება გარკვეული ცვლილებების შეტანას, მაგრამ ისმის კითხვა – ვინმე მოისმენს? არა მგონია, რადგან უთანასწორო პოზიციებია და უკრაინამ დიდი ხნის წინ დაკარგა მოლაპარაკებების ბერკეტი. ჩემი აზრით, მოქმედმა მთავრობამ სრულად მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია. არ არსებობს საფუძველი, დავუჯეროთ მათ, არამხოლოდ საჯარო განცხადებების გათვალისწინებით, არამედ ზოგადადაც. ვფიქრობ, ეს ყველასთვის ნათელია…“ – ასეთია მოსკოვში გამოკითხულ რუსეთის მოქალაქეთა შეფასებები.
უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართეს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა. როგორც მოსალოდნელი იყო, ვლადიმერ პუტინი კმაყოფილია გამოქვეყნებული 28-პუნქტიანი გვერდის ზოგიერთი ჩანაწერით. რუსული მედიის თანახმად, ეს ჩანაწერები შეესაბამება რუსეთ-ამერიკის სამიტზე ალასკაში გამართულ დისკუსიებს.
მიუხედავად ამისა, ცნობილია კრემლის ზოგადი პოზიცია – ომისა და სისხლისღვრის შეჩერებას კრემლი არ აპირებს, ვიდრე არ მიაღწევს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის, ან როგორც თავად მოსკოვში უწოდებენ, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნებს. კრემლის სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ რუსული მხარე მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა მოსკოვის მზაობა ჯერჯერობით მხოლოდ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე რაკეტებისა და დრონებით თავდასხმაში გამოიხატება.
კიევის პოზიცია კი ნათელია – მოსკოვთან მხოლოდ ქაღალდზე ხელმოწერით დადასტურებული სამშვიდობო გარანტიები საკმარისი არ არის, რადგან მსგავს დოკუმენტს ხელი მოეწერა 1994 წელს, როდესაც კრემლმა უკრაინის ტერიტორიული და სუვერენიტეტი საერთაშორისოდ აღიარა, 20 წელიწადში კი თავადვე დაარღვია.
და მაინც, ჯერ უცნობია, თუ როგორ გამოიყურება საბოლოო დოკუმენტი, რომელსაც მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ. მათ, კი ვინც ამ დოკუმენტების შინაარს აკრიტიკებს თუ აქებს, დონალდ ტრამპი, მშვიდობის მთავარი ინიციატორი, ასე პასუხობს: „ვიდრე არ ნახავთ, ნუ დაიჯერებთ”.

