რამდენიმე ქვეყანა საწვავზე რეკორდულად მზარდი ფასების საწინააღმდეგო საპროტესტო დემონსტრაციებმა მოიცვა, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში ფართომასშტაბიან მსვლელობებსა და საპოლიციო ძალებთან შეტაკებებში გადაიზარდა.
დაძაბულობის ერთ-ერთ ეპიცენტრად იქცა კენიის დედაქალაქი, სადაც მომიტინგეებმა ცენტრალური ქუჩები სხვადასხვა კონსტრუქციითა და ბარიკადებით გადაკეტეს, საბურავები დაწვეს და პოლიციელებს ქვები დაუშინეს.
ნაირობიში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ.
მოქალაქეთა თქმით, საწვავის ფასების უკონტროლო ზრდას ხელს უწყობს ადგილობრივი ხელისუფლების ლოიალური პოლიტიკა, რაც, თავის მხრივ, უკიდურესად აძვირებს მათ ყოველდღიურ საცხოვრის ხარჯებს.
საზოგადოებრივი მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, ნაირობის პოლიციამ ქუჩებში სპეციალური ტექნიკა გამოიყვანა, ხოლო სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
„გაძვირებული ცხოვრების გამო ვიტანჯებით. ძლივს გვყოფნის ფული საჭმელსა და ტანსაცმელზე. ღმერთს ვთხოვთ, დაგვეხმაროს და ვითარება გამოსწორდეს“, - ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე ჰესბონ მანიურა.
სამოქალაქო პროტესტს უერთდება კენიის ოპოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ გეოპოლიტიკური ვითარებითა და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მდგომარეობით თავის მართლება არის ხელისუფლების უმოქმედობის შედეგი.
მათივე განმარტებით, მეზობელ ქვეყნებში, რომელთაც არ აქვთ ზღვაზე გასასვლელი და დამოკიდებული არიან კენიის პორტებზე, საწვავის ფასი შედარებით დაბალია, ამიტომ პრობლემა მთავრობასთან დაახლოებულ მაღალჩინოსნებშია, ვინც ცდილობს, არსებული კრიზისი გასამდიდრებლად გამოიყენოს.
გასული დღეების განმავლობაში პროტესტმა მოიცვა სხვა სახელმწიფოებიც, თუმცა გაცილებით მცირე მასშტაბით. საზოგადოებრივი უკმაყოფილება მზარდია მოსახლეობით მსოფლიოს ყველაზე დიდ ქვეყანაში.
ინდოეთში არსებული ნავთობის 90% იმპორტირებულია, ამიტომ კრიზისი აქ განსაკუთრებით იგრძნობა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ გამოაცხადა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მოსახლეობას მოუწევს მკაცრ ეკონომიკურ პირობებში ცხოვრებას, რასაც „გაგებით უნდა მოეკიდონ“.
„ჩვენნაირი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის 1 რუპიაც კი დიდი ღირებულებისაა. დილიდან საღამომდე ვმუშაობთ, თუმცა მთავრობა ამას ვერ ხედავს“, - ამბობს დელიში მცხოვრები ტაქსის მძღოლი მანოჯ კუმარი.
ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ ინდოეთში ენერგოპრობლემას ამწვავებს ის გარემოებაც, რომ ქვეყნის ავტოპარკი მოძველებულია და არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, გარდა 2021 წელს გამოშვებული მანქანებისა, რადგან ძველი ავტომობილების საწვავის ხარჯები გაცილებით მაღალია.
ახლო აღმოსავლეთის კრიზისით გამოწვეული ტურბულენტური გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, საწვავის ფასის განმსაზღვრელი მთავარი, Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულება კვლავ 100 აშშ დოლარს აჭარბებს.
