რუსულმა ძალებმა კვლავ მიიტანეს იერიში უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე, დაიღუპა ექვსი და დაიჭრა ათეულობით მოქალაქე.
ძლიერი დაბომბვა იყო სუმის რეგიონში, სადაც რუსეთის თავდასხმების შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. დარტყმები იყო სუმის, შოსტკის, ოხტირკისა და კონოტოპის რაიონებებში მდებარე 44 დასახლებულ პუნქტზე.
ქალაქ სუმიში თავდასხმების შედეგად შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ქალაქის მერის ინფორმაციით, დაზიანებულია კერძო სახლები, საცხოვრებელი კორპუსები და ადმინისტრაციული შენობები.
თავდასხმები იყო დნიპროპეტროვსკის ოლქში, სადაც ხუთი ადამიანი დაშავდა. ისინი მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში.
ამასთან, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 მაისს განაცხადა, რომ ბოლო თვეში რუსეთთან ომში სიტუაცია უკრაინის სასარგებლოდ შეიცვალა
„ამ თვეში ცვლილებები უკრაინის სასარგებლოდ შეინიშნებოდა. ჩვენ მეტ პოზიციას ვიკავებთ და ზიანსაც უფრო მეტად ვაყენებთ. გრძელვადიანი სანქციების გავლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. დღეს მე დავამტკიცე ჩვენი გრძელვადიანი სამოქმედო გეგმები ივნისისთვის. ჩვენ შემოქმედებითად უნდა გავაფართოოთ უკრაინის გრძელვადიანი სანქციები, რომელთა ძალაც მაისში გამოჩნდა“. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ხარკივის რეგიონში რუსულმა ძალებმა 21 დასახლებული პუნქტი დაბობეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. მათ იერიში დრონებითა და სხვა საბრძოლო მასალით მიიტანეს.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, რამდენიმე რაიონში დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობები, კერძო სახლები, საწყობები და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.
თავდასხმა იყო ასევე სამხრეთის საპორტო ქალაქ ოდესაზე. როგორც საგანგებო სამსახურის პრესსპიკერი ამბობს, დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. დაზიანებულია სამოქალაქო და კრიტიკული მნიშვენლობის ინფრასტრუქტურა.
„დღეს ღამით რუსეთმა დრონების გამოყენებით კიდევ ერთხელ შეუტია ოდესას. რამდენიმე დარტყმა იყო საცხოვრებელ შენობებზე, საწყობებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ერთსართულიანი სახლი თითქმის მთლიანად განადგურდა. დაშავდა ერთი ადამიანი და იგი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. 1000 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე მოწყობილ საწყობში, კი მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. შაჰედის ტიპის დრონი ასევე შეეჯახა ცარიელი 24-სართულიანი შენობის მე-15 სართულს. დღეს ღამით, დიდი ხნის შემდეგ პირველად, მაშველებმა შეძლეს მუშაობა განმეორებითი საჰაერო თავდასხმის სირენების გარეშე, რამაც საშუალება მოგვცა ხანძარი სწრაფად ჩაგვექრო.“ - განაცხადა უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესმდივანმა, მარინა ავერინა.
უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ 19-20 მაისს გაშვებული 154 დრონიდან 131 ჩამოაგდეს ან გაანეიტრალეს.
