კატეგორიები

დრონების შეჭრის გამო ლიეტუვაში განგაში გამოცხადდა

დრონების შეჭრის გამო ლიეტუვაში განგაში გამოცხადდა
Copyright The Associated Press

ლიეტუვის საჰაერო სივრცე, სავარაუდოდ, ბელარუსის მხრიდან შემოფრენილმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია, რის გამოც ვილნიუსის მოსახლეობას დაეგზავნა შეტყობინებები, დაუყოვნებლივ გადასაულიყვნენ ბომბსაფრებში ან მორიდებოდნენ ღია სივრცეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პროტოკოლის შესაბამისად, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და პრემიერ-მინისტრი ინგა რუგინენე, ასევე გაიცა ბრძანება ქვეყნის პარლამენტიდან ევაკუაციის შესახებ.

საგანგებო მდგომარეობის გამო, შეჩერდა ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა. საფრთხის გასანეიტრალებლად საქმეში ჩაერთო მოკავშირეთა ავიაცია.

„შემიძლია გითხრათ, რომ დღეს დილას ჩვენ მივიღეთ ბელარუსის შეიარაღებული ძალებისგან შეტყობინება ლიეტუვის ტერიტორიის მისამართით დრონების შესაძლო გადაადგილებაზე. ანალოგიური ინფორმაცია მიიღეს ჩვენმა ლატვიელმა მეზობლებმა, რასაც მოჰყვება შესაბამისი რეაქცია“, - განაცხადა ლიეტუვის არმიის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა, ნერიუს სტანკევიჩიუსმა.

საგულისხმოა, რომ პარალელურად მოსკოვი და მინსკი მასშტაბურ ბირთვულ მანევრებს ატარებენ, რაც მოიცავს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოცდას, სამხედრო სწავლებებს, რომლებშიც 140-ზე მეტი თვითმფრინავი, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტით აღჭურვილი 8 წყალქვეშა ნავი და 64 000 ჯარისკაცი მონაწილეობს.

რუსული მხარის ცნობით, ეს სწავლებები მიმართულია აგრესიის პირობებში ბირთვული ძალების მზადყოფნაში მოყვანისა და გამოყენების გამოსაცდელად.

ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების შეღწევის ფაქტები გახშირდა. როგორც მოგვიანებით გამოძიებით დადგინდა, მათი უმეტესობა უკრაინის საკუთრება იყო, რომელთა სამიზნე რუსეთი იყო, თუმცა, დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, რუსული ძალები რადიოელექტრული აპარატურის გამოყენებით ახერხებენ დრონებისთვის მარშრუტის შეცვლასა, რის შედეგადაც მათი კოორდინაცია ირღვევა. მსგავსი რამ მოხდა ესტონეთში, 19 მაისს, რა დროსაც რუმინულმა თვითმფრინავმა უკრაინული დრონი ჩამოაგდო.

„გუშინ ესტონეთის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც უკრაინის მიერ იყო გაშვებული. რა თქმა უნდა, უკრაინამ უნდა უფრო ზუსტად განსაზღვროს სამიზნეები, რათა არ შეუქმნას საფრთხე ნატოს ქვეყნების უსაფრთხოებას. ამას განიხილავენ ალიანსშიც.

ეს საკითხი, შესაძლოა, გამოყენებული იყოს რუსეთის ფედერაციის მიერ პროპაგანდისტული მიზნებით, ასევე ჰიბრიდული ომის გამწვავებისა და კონფლიქტის ესკალაციისთვის.

სწორედ ამიტომ, უკრაინა უნდა იყოს ძალიან ფრთხილი და ესმოდეს ამ ომში ტაქტიკური მიზნები.

რაც შეეხება ლიეტუვას, ოპერაციის დასრულებას უნდა დაველოდოთ, რადგან მოკავშირეთა თვითმფრინავები და ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო თავდაცვის სისტემები ახლა მუშა მდგომარეობაშია“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსიანიკ-კამიშმა.

უპილოტო საფრენი აპარატების უკვე უკონტროლოდ გადაადგილების შემთხვევები განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, რომ საფრთხე ექმნება ევროკავშირისა და ნატოს წევრ ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს.

თემაზე საპასუხოდ, წარსულში რუსეთის პრეზიდენტმა „ტელეგრამის“ სოციალურ პლატფორმაზე, რომლის აკრძალვასაც მოსკოვი ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს, დმიტრი მედვედევმა კვლავ შეურაცხმყოფელი ლექსიკით მოიხსენია ბალტიელი ლიდერები, ხოლო ნატოს ურჩია აამოქმედოს ალიანსის მე-5 მუხლი, რამეთუ, მისი მტკიცებით, „უკრაინა თავს ესხმის მის წევრ ქვეყნებს“:

„ცოტა ხნის წინ გონებასუსტებმა ე.წ. „ბალტიის ქვეყნებიდან“ მორიგ ჯერზე გამოირჩიეს თავი რუსოფობიურ ყეფაში. თავიდან ვიღაც ცაჰკნამ ესტონეთიდან განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, ვიდრე „უკრაინას“ არ მიუღწევია წარმატებისთვის ფრონტზე.

შემდგომ ლიეტუვის კლინიკურმა დეგენერატმა მეტსახელად „ბუდრისი“, შესთავაზა „ეჩვენებინათ რუსებისთვის“ და შეჭრილიყვნენ კალინინგრადში. როგორც ცნობილია, ფინიებს უყვართ ხმამაღლა ყეფა, ავორიტეტის გაზრდის მიზნით. ეს ცხადიც არის“, - დაწერა მედვედევმა.

ამ მიმართვას წინ უძღოდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კესტუტის ბუდრისის 19 მაისის პოსტი სოციალურ ქსელში, სადაც მან დაწერა, რომ „რუსეთი მიზანმიმართულად უცვლის გეზს უკრაინულ დრონებს ბალტიის ზღვის მიმართულებით“, რაც, შესაძლოა, შეფასდეს როგორც ქაოსის გამოწვევა და პროვოკაციების მოწყობა.

დაკავშირებული ამბები
დრონების შეჭრის გამო ლიეტუვაში განგაში გამოცხადდა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ისევ დაარღვიეს ლიეტუვის საჰაერო სივრცე