კატეგორიები

ტრამპის შემდეგ ჩინეთს პუტინიც ეწვია

ტრამპის შემდეგ ჩინეთს პუტინიც ეწვია
Copyright AP Photo

ჩინეთში ჩასული ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, რუსული მხარე აკეთებს ყველაფერს, რათა ხელი შეუწყოს „ბევრად უფრო სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის“ ჩამოყალიბებას და, ამავე დროს, პატივისცემას იჩენს სახელმწიფოთა სუვერენული განვითარებისადმი.

პეკინში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი, ამავე ქალაქში სი ძინპინთან დონალდ ტრამპის შეხვედრებიდან არასრული ერთი კვირის თავზე შედგა, თუმცა, კრემლის მტკიცებით, ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებები დიდი ხნით ადრე ჰქონდა დაგეგმილი და ისინი ეძღვნება რუსეთ-ჩინეთს შორის 2001 წელს ხელმოწერილი „მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ“ დოკუმენტის 25-ე წლისთავს.

ჩინელ კოლეგასთან საუბრისას, ვლადიმერ პუტინმა ძირითადი აქცენტი გაამახვილა ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობაზე, ტვირთბრუნვასა და ამ მიმართულებით სამომავლო პერსპექტივებზე.

ამავე თემაზე პუტინმა ვიდეომიმართვა ჩაწერა ჯერ კიდევ პეკინში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, კრემლში საკუთარი კაბინეტიდან.

„ბატონო სი ძინპინს, ჩემო ძვირფასო მეგობარო. დროული იქნება, ციტატად მოვიყვანოთ ჩინური ანდაზა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არსებობს ასეთი გამოთქმა: „ერთმანეთი მთელი დღე არ გვინახავს, მაგრამ თითქოს სამი შემოდგომა გავიდა“. გულწრფელად მოხარული ვარ თქვენი ნახვით.

მუდმივად ვინარჩუნებთ როგორც პირად კავშირებს, ისე ხელისუფლებებში შუამავლების მეშვეობით. სიამოვნებით ვიხსენებ, გასულ წელს როგორ გვქონდა შესაძლებლობა, ერთად მიგვეღო მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.

25 წლის წინ ჩვენმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ - დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად უდევს ყველა სფეროში თანამშრომლობას და დღემდე აქტუალურია.

საგარეოპოლიტიკურ საკითხებში ჩვენი ურთიერთობები საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორია, რაც ხელს უწყობს სტაბილურობის უზრუნველყოფას. მიმდინარეობს პოლიცენტრული მსოფლიო წესრიგის ფორმირების რთული პროცესი, რომელიც დაფუძნებულია მისი ყველა მონაწილის ინტერესის ბალანსზე.

ჩვენს ჩინელ მეგობრებთან ერთად, ჩვენ ვიცავთ კულტურულ და ცივილიზაციურ მრავალფეროვნებას, ასევე ვიჩენთ პატივისცემას სახელმწიფოთა სუვერენული განვითარებისადმი. ჩვენ მივისწრაფვით ბევრად უფრო სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის მშენებლობისადმი.

საერთაშორისო დონეზე ამჟამინდელი დაძაბული ვითარების პირობებში, განსაკუთრებით მოთხოვნადია ჩვენი მჭიდრო კავშირები. ჩვენ ვაძლიერებთ კოორდინაციას როგორც გაეროს, ისე ბრიქსის, დიდი ოცეულისა და სხვა პლატფორმების ფარგლებში“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეულ მოსკოვს პარტნიორები ძირითადად მხოლოდ აღმოსავლეთ ნახევარსფეროში დარჩა, ისიც არც ისე დიდი რაოდენობით, თუმცა მათგან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჩინეთია.

მართალია, პეკინი მეტწილად თავს იკავებს ხოლმე პროკრემლისტური პოზიციის დაკავებისგან და მეტად ნეიტრალური დამოკიდებულების შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა მოკავშირეების გარეშე დარჩენილი მოსკოვისთვის ეს ნაკლებად წარმოადგენს პრობლემას.

რამდენიმე გავლენიანი დასავლური მედიის ინფორმაციით, პეკინში დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის გამართულ შეხვედრაზე ჩინეთის ლიდერმა თავის ამერიკელ კოლეგას განუცხადა, რომ, შესაძლოა, „პუტინმა მალე ინანოს უკრაინაში შეჭრა“.

სი ძინპინთან საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან პერიოდული ყურადღების გამახვილება სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გარკვეულწილად მიმანიშნებელია, რომ მოსკოვს აშინებს პეკინსა და ვაშინგტონს შორის დამთბარი ურთიერთობები, მათ შორის ამ მიმართულებითაც, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ დონალდ ტრამპს ჩინეთში თან ახლდნენ ხაზინის მდივანი და წამყვანი ამერიკული კორპორაციების ტოპ მენეჯერები.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისას გაირკვა, ჩინეთი იზიარებს ვაშინგტონის პოზიციას, რომ ირანი არ უნდა ფლობდეს ბირთვულ პროგრამას, მოსკოვს კი ამ თემაზე სხვა შეხედულება აქვს.

ამავე საუბრისას, სი ძინპინმა დონალდ ტრამპს უთხრა, რომ ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობები „მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანია“, ისინი კი „ორ ზესახელმწიფოს წარმოადგენენ“, რაც თავისთავად გულისხმობს ამ ჩამონათვლიდან რუსეთის გამოთიშვას.

გასულ წელს სი ძინპინი მოსკოვში იმყოფებოდა 9 მაისის ნაციზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე, წელს კი წითელ მოედანზე ვიზიტისგან ჩინეთის პრეზიდენტმა თავი შეიკავა.

დაკავშირებული ამბები
ტრამპის შემდეგ ჩინეთს პუტინიც ეწვია მსოფლიოს მასშტაბით მოქალაქეები აპროტესტებენ საწვავზე მზარდ ფასებს