კატეგორიები

აშშ კუბას ორმხრივ ურთიერთობებში „სრულიად ახალი გზის“ მშენებლობას სთავაზობს

აშშ კუბას ორმხრივ ურთიერთობებში „სრულიად ახალი გზის“ მშენებლობას სთავაზობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კუბის მოსახლეობას ესპანურ ენაზე მიმართა. მარკო რუბიომ ქვეყნის კომუნისტური ხელმძღვანელობა ყაჩაღობაში, კორუფციასა და ადგილობრივთა შევიწროვებაში დაადანაშაულა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.

მისივე თქმით, ვაშინგტონი კუბელებს „სრულიად ახალ გზას“ სთავაზობს, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ, ვინ იქნება ქვეყნის მმართველი და კენჭი უყარონ მათ შეცვლას, თუ სამუშაოს ცუდად გაუმკლავდებიან.

„შეერთებული შტატები გთავაზობთ დახმარებას, არამხოლოდ შეამსუბუქოთ ამჟამინდელი კრიზისი, არამედ ააშენოთ უკეთესი მომავალი.

მიზეზი, რის გამოც იძულებული ხართ დღე-ღამეში 22 საათი იარსებოთ დენის გარეშე არ არის დაკავშირებული ამერიკის „ნავთობბლოკადასთან“. დენის, საწვავისა და საჭმლის არარსებობის რეალური მიზეზი არიან ისინი, ვინც თქვენს ქვეყანას აკონტროლებს და ვინც მილიარდობით დოლარი მოიპარა.

30 წლის წინ რაულ კასტრომ დააფუძნა კომპანია GAESA, რომელიც შეიარაღებული ძალების მიერ არის მართული და რომლის შემოსავალი თქვენს ამჟამინდელ სახელმწიფო ბიუჯეტს სამჯერ აღემატება. ვიდრე თქვენ დღეს იტანჯებით, ეს ბიზნესმენები 18 მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივებს ფლობენ და აკონტროლებენ კუბის ეკონომიკის 70%-ს. ისინი იღებენ სარგებელს სასტუმროებიდან, მშენებლობიდან, ბანკებიდან, მაღაზიებიდან და მათ შორის თქვენი ნათესავებისგან, რომლებიც ამერიკიდან გიგზავნიან ფულს. ამ ფულადი გადარიცხვებიდან ისინი პროცენტს იტოვებენ, მაგრამ კომპანიის სარგებლიდან თქვენამდე არაფერი მოდის.

ნაცვლად იმისა, რომ ეს ფული გამოეყენებინათ ნავთობის ყიდვაზე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები, ისინი დამოკიდებული იყვნენ უგო ჩავესისა და მადუროს მიერ მიწოდებულ უფასო ნავთობზე, ამ ფულის შესანარჩუნებლად. ახლა კი, როცა უფასო მიწოდება შეწყდა, ისინი ნავთობს ყიდულობენ თავიანთი გენერატორებისა და მანქანებისთვის, მოსახლეობა კი იტანჯება.

ნაცვლად ამ ფულის მიმართვისა დაზიანებული ელექტროსადგურების შეკეთებასა და მოდერნიზაციაზე, ისინი ამ თანხას ხარჯავენ ახალი სასტუმროების მშენებლობაზე, თავიანთი ნათესავების მადრიდსა და ამერიკაში გაგზავნასა და ფუფუნებაში ცხოვრებაზე...

დღეს კუბაში მომგებიანი ბიზნესი ექნება მხოლოდ მას, ვინც დაკავშირებულია  კომპანია GAESA-სთან ან მისი ნაწილია.

პრეზიდენტი ტრამპი გთავაზობთ ახალ გზას ამერიკასა და ახალ კუბას შორის. ახალ კუბას, სადაც თქვენ, როგორც ჩვეულებრივ კუბელს შეგეძლებათ, ფლობდეთ ავტოგასამართ სადგურს, ტანსაცმლის მაღაზიას ან რესტორანს. ახალ კუბას, სადაც შეიძლება ბანკის ან სამშენებლო კომპანიის გახსნა, სადაც მხოლოდ კომუნისტურ პარტიას კი არა, თქვენც შეგიძლია ტელევიზიის ან გაზეთის ფლობა, სადაც შეძლებთ სისტემის არასრულფასოვნებაზე ისაუბროთ და ამისთვის არ დაგაპატიმრებენ, სადაც გექნებათ რეალური შესაძლებლობა აირჩიოთ, ვინ მართავს თქვენს ქვეყანას და ხმა მისცეთ ცვლილებებს, თუ ვინმე ცუდად გაუმკლავდება სამუშაოს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

თეთრი სახლის მოქმედმა ადმინისტრაციამ არაერთხელ, მკაფიოდ აღნიშნა, რომ მათი შემდგომი სამიზნე კუბა იქნებოდა, თუმცა, ექსპერტების თქმით, სავარაუდოდ, არა ირანის, არამედ ვენესუელის სცენარის შესაბამისად, რასაც ვაშიგნტონის მხრიდან „დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება“.

დაკავშირებული ამბები
აშშ კუბას ორმხრივ ურთიერთობებში „სრულიად ახალი გზის“ მშენებლობას სთავაზობს „ეს როტაციის გადავადებაა“, - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პოლონეთიდან 4000 სამხედროს გაყვანაზე