რიგით მესამე ვარსკვლავთშორისი კომეტა 3i/atlas, რომელიც მზის სისტემაში სხვა ვარსკვლავური სისტემიდან 2025 წელს შემოვიდა, უკვე რამდენიმე თვეა მსოფლიო საზოგადოებაში გაურკვევლობას იწვევს.
მეცნიერული კვლევების პარალელურად, არაერთი კონსპირაცია გავრცელდა, რომლის თანახმად ეს კომეტა არა ბუნებრივი ობიექტი, არამედ უცხოპლანეტური ცივილიზაციის ტექნოლოგიური ქმნილებაა. ამის მიზეზად, რამდენიმე მეცნიერი ამ ობიექტის მიერ გამოვლენილ უცნაურ ნიშნებს ასახელებდა. ბურუსიანი გარსი, იგივე კომა, პერიოდულად სწრაფად ცვალებადი ნათელი კუდი, ნახშირბადისა და წყალბადის უცნაური თანაფარდობა. რკინისა და ნიკელის ჩვენთვის ნაცნობი კომეტებისგან განსხვავებით, არასტანდარტული რაოდენობა, ნაადრევად დაშლა, იგივე ფრაგმენტაცია. სიჩქარის მოულოდნელი აჩქარებები და ა.შ. სწორედ ეს ჩამონათვალი აფიქრებდა ცალკეულ მეცნიერებს, რომ შესაძლოა რაღაც ისე არ არის. თუმცა, კოსმოსში გაშვებული მრავალი ინსტრუმენტით დაკვირვებისას, ამ ობიექტის არაბუნებრივი წარმოშობის ჰიპოთეზა მალევე გამოირიცხა. დადასტურდა, რომ ის ნამდვილად კომეტაა. უბრალოდ სხვა ვარსკვლავური სამყაროდან მოდის და განსხვავებული ქიმიური და ფიზიკური შემადგენლობა აქვს.
19 ნოემბერს კი ამერიკის კოსმოსური სააგენტოს, NASA-ს მეცნიერებმა, მსოფლიო საზოგადოებისათვის პირდაპირ ეთერში ღია პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ყველა ის ახალი ფოტო წარმოადგინეს, რაც კოსმოსურმა აპარატებმა კომეტა 3i/atlas-ს გადაუღეს. NASA-ს ასოცირებულმა ადმინისტრატორმა, ამიტ ქშატრიამ საზოგადოებას HighRISE ინსტრუმენტის მიერ 2 ოქტომბერს გადაღებული სურათი წარუდგინა, სადაც კომეტა დაახლოებით 19 მილიონი მილის მანძილიდან ჩანს.
„კომეტა თეთრი, ფუმფულა ბურთივით ჩანს. ეს ბურთი არის კომა — მტვრისა და ყინულის ღრუბელი. ზოგადად, რა არის კომეტა? ეს მცირე, ბუნებრივი, მყარი სხეულია, რომელიც შედგება ქვისა და ყინულისგან. როდესაც ის მზეს უახლოვდება და თბება, ყინული ორთქლდება. თავიდანვე მინდა გავაქარწყლო ჭორები და პირდაპირ ვთქვა — ეს ობიექტი კომეტაა. ის გამოიყურება, როგორც კომეტა და იქცევა ისე, როგორც კომეტა — ყველა მტკიცებულება ამას ადასტურებს. უბრალოდ განსხვავება ისაა, რომ ეს სხვა ვარსკვლავური სისტემიდან მოდის. ამიტომაც არის ამბავი ასეთი მნიშვნელოვანი, საინტერესო და უნიკალური. კაცობრიობამ ასეთი ტიპის მხოლოდ სამი ინტერსტელარული ობიექტი იპოვა, მათ შორის ესეც“, – აცხადებს მეცნიერი.
პრეკოსნფერენციაზე, კოსმოსური ასტროფიზიკის განყოფილების დირექტორმა, შონ დომაგალ-გოლდმანმა კი მეტი დეტალები გაამჟღავნა ამ კომეტის შესახებ.
„ამ კომეტის ივლისში აღმოჩენიდან მალევე, ჰაბლმა გადაიღო 3I Atlas. იმ დროს კომეტა დედამიწიდან დაახლოებით 277 მილიონი მილის დაშორებით იყო. ჰაბლის სურათებმა რამდენიმე რამ გვაჩვენა: ცრემლის ფორმის კომა — მტვრის ღრუბელი, რომელიც ყინულოვანი ბირთვიდან ამოდიოდა. ჰაბლმა ასევე აჩვენა, რომ კომეტა მტვერს კარგავდა სწორედ იმ ტემპით, როგორც მზისკენ მიმავალი სხვა ჩვენთვის ცნობილი კომეტები აკეთებენ ამას. ჰაბლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი იყო კომეტის ორბიტის გაუმჯობესებული განსაზღვრა — არა მხოლოდ სად იყო, არამედ სად მიდიოდა, რათა სხვა ტელესკოპებსაც სწორად ეწარმოებინათ დაკვირვება. მათ შორის იყო ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი. ჯეიმს ვების ტელესკოპმა და SPHEREx-სმა კომეტის კომაში დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის არსებობა აღმოაჩინეს — ასევე წყლის ყინულის კვალი. ამ სპექტრალური „მოლეკულური ანაბეჭდებით“ ახლა ვიცით, რომ ბირთვი მდიდარია CO₂-ით და შეიცავს წყლის ყინულსაც“, – განაცხადა შონ დომაგალ-გოლდმანმა.
მზის სისტემის მცირე სხეულების შესწავლის განყოფილების წამყვანმა მეცნიერმა, ტომ სტეტლერმა კი ყველა ის მთავარი გამოსახულება წარუდგინა საზოგადოებას, რომელიც სხვადასხვა კოსმოსური სააგენტოს აპარატებმა გადაუღეს 3i/atlas-ს.
„პირველი გამოსახულებები Psyche-ს მისიისგან მივიღეთ 8–9 სექტემბერს. კომეტა მაშინ ხომალდიდან 33 მილიონი მილის დაშორებით იყო.
შემდეგ კვირაში Lucy-ს მისიამ, რომელიც იუპიტერის ასტეროიდებზე მიემგზავრება, საპირისპირო მიმართულებიდან შეხედა კომეტას. 16 სექტემბერს გადაღებულ შავ-თეთრ კადრში ჩანს მისი კომა — ფუმფულა მტვრისა და აირის ღრუბელი — და ასევე მისი კუდი, რომელიც მზისგან მოშორებით არის მიმართული, როგორც ჩვეულებრივ ხდება.
Maven-ის კოსმოსურმა ხომალდმა ეს ობიექტი, მარსიდან გადაიღო ოქტომბრის დასაწყისში. 3I Atlas-მა მარსს 20 მილიონი მილის მანძილზე ჩაუარა — რაც ჩვენს მარსის ორბიტერებს საშუალებას აძლევდა ახლო ხედით დაკვირვებოდნენ. ეს სურათი ჩვეულებრივი ფოტო არ არის — ეს სპექტრია. აქ ჩანს „სამეცნიერო რხევები“. ეს 3I Atlas-ის მიერ გამოშვებული წყალბადის კვალია.
ლაქა პატარაა, რადგან კომეტა ცაში მცირე ობიექტია. მისი მეშვეობით ვიგებთ კომეტის ქიმიურ შემადგენლობას. აქედან ჩანს წყალბადი, რომელიც ბირთვიდან ორთქლდება.
15–16 ოქტომბერს ევროპის კოსმოსური სააგენტოსა და NASA-ს ერთობლივმა Soho მისიამ წარმატებით გადაიღო 3I Atlas, მას შემდეგ რაც კომეტამ მარსს ჩაუარა. Soho-მ კომეტა თავისი ხედვის ველში დაიჭირა დაახლოებით 222 მილიონი მილის მანძილიდან — ანუ მზესა და დედამიწის დაშორებაზე ორჯერ მეტი მანძილიდან“, – აღნიშნა მეცნიერმა.
ამავე პრესკონფერენციაზე, მეცნიერებმა თქვეს, რომ კვლავაც შორი გზაა იმ ეტაპამდე, როცა ყველა ეს სურათი სრულად დამუშავდება, დაკალიბრირდება და მეცნიერულ ინფორმაციად იქცევა. საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში, თუმცა ეს მოგვიანებით მოხდება. ახლა მეცნიერული დაკვირვებების ადრეული ფაზა მიმდინარეობს. სრული სურათი ამ კოსმოსური ობიექტის შესახებ მაშინ გვექნება, როდესაც ყველა მონაცემის დეტალური შესწავლა მოხდება. რასაც გადაჭრით ამბობენ მეცნიერები ისაა, რომ ეს კომეტაა და არა უცხოპლანეტური ხომალდი.
ავტორი: ალეკო გვეტაძე

