მთავარისაქართველო„ქართული ოცნება” „სამხრეთ ოსეთის” ადმინისტრაციას აუქმებს

„ქართული ოცნება” „სამხრეთ ოსეთის” ადმინისტრაციას აუქმებს

„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, გააუქმოს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, 17 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2006 წლის ნოემბერში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ორგანიზებით, ცხინვალის რეგიონში ჩატარდა არაკონსტიტუციური არჩევნები, რომლის შედეგადაც, გამოცხადდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი და ჩამოყალიბდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა.

პაპუაშვილის შეფასებით, ამ ნაბიჯით იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა სეპარატისტულ პროცესებს, რაც იყო საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ღალატი. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილებები იყო გარე ძალების გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი, რომელშიც საქართველოს დაეკისრა „შესაწირი პაიკის“ როლი.

„სააკაშვილის ხელით გატარებულმა პოლიტიკამ რეგიონში ვითარების ესკალაცია გამოიწვია და საბოლოოდ ქვეყანა ომამდე მიიყვანა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ევრონიუს ჯორჯიამ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილების შეფასება სთხოვა „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” ხელმძღვანელ უჩა ნანუაშვილს, რომელიც ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ეს გადაწყვეტილება რუსულ ინტერესებს ემსახურება.

„ეს გადაწყვეტილება არის რუსული ნარატივის გაგრძელება. რუსეთი ითხოვდა ამ სტრუქტურების (სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციების) გაუქმებას უკვე წლებია. სწორედ რუსეთის ინტერესებში იყო ამ სტრუქტურების გაუქმება და აფხაზებისა და ოსების ერთადერთი ნების გამომხატველად ყოფილიყო იქ არსებული დე-ფაქტო ხელისუფლება“, – ამბობს უჩა ნანუაშვილი.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend