საქართველომ დამოუკიდებლობის დღე აღლუმითა და წვევამდელთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიით აღნიშნა.
ღონისძიება თბილისის თავისუფლების მოედანზე გაიმართა და მას საქართველოს მმართველი სახელისუფლებო პარტიისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული სიტყვით მიმართვისას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოუწოდა პატრიოტულად განწყობილ თითოეულ ქართველს, იამაყონ, რომ „საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს“:
„სწორედ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტში გაძლიერებამ მისცა ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, მტკიცედ დაეცვა სარწმუნოება, შეენარჩუნებინა მშვიდობა და დადგომოდა წინსვლისა და განვითარების უწყვეტ გზას, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს აღთქმულ მიწამდე – ჩვენი ყველა ეროვნული მიზნის მიღწევამდე, გამთლიანებულ და გაბრწყინებულ საქართველომდე“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
ეროვნული დღესასწაული ქართული საზოგადოება ღრმა პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე აღინიშნა.
მანამდე, ოპოზიციურმა პარტიებმა უარი განაცხადეს, ეღიარებინათ ახლადარჩეული პარლამენტი, ხოლო ხელისუფლებამ 2028 წლის ბოლომდე ბრიუსელთან ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები თაროზე შემოდო.
გასულ წელს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თბილისის ევროკავშირში გაწევრების გზა „სტაბილური და შეუქცევადია“, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელმა საქართველოსთვის ეს პროცესი, ფაქტობრივად, გაყინა.
26 მაისის საღამოს, საქართველოს ათასობით მოქალაქე დედაქალაქ თბილისში ევროინტეგრაციის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე გამოვიდა, იმის გასაპროტესტებლად, რასაც ოპონენტები ხელისუფლების დემოკრატიულ უკუსვლასა და ანტიდასავლურ გეზს უწოდებენ.
საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქვეყნის კონსტიტუციაშია ასახული და მოსახლეობის 80%-ის არჩევანს წარმოადგენს.
საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ათასობით დემონსტრანტმა მსვლელობა გამართა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, საიდანაც, მიუხედავად განსაკუთრებული საპოლიციო მობილიზებისა, მათ პარლამენტის შენობის მიმდებარედ გადაინაცვლეს.
მათ ნაწილს თან ჰქონდა ბანერები წარწერით „ჩვენ ვართ ევროპა“, ზოგიერთს კი პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოები და პლაკატები მისი გათავისუფლების მოთხოვნით.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებაში მისი ყოფნისას, ქვეყანა დასავლეთს დაუახლოვდა.
დემონსტრაცია ორგანიზებული იყო „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ, რომელიც ბოლო პერიოდში მუშაობს შიდა უთანხმოების აღმოფხვრასა და მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგო ერთიანი ფრონტის შექმნაზე.
გასულ წელს, ხელისუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ აპირებს მისი ოპონენტების, მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას. გადაწყვეტილებამ ოპონენტებს შორის მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა და შეფასდა როგორც მორიგი ნაბიჯი ავტორიტარიზმისკენ.
პოლიტიკური მღელვარება საქართველო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო.
