კატეგორიები

ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით ახალი ზომების მიღებას განიხილავს

ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით ახალი ზომების მიღებას განიხილავს
ევროკავშირი იანვარში სიღრმისეულად განიხილავს საქართველოსთან დაკავშირებით ახალი ზომების მიღებას, რომლის მიზანიც თბილისის დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებაა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა.

„ამჟამად საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან დაპირისპირების გზას ადგას დემოკრატიული უკუსვლის საკითხზე. ეს სრულიად ნათელია. გადადგმული ნაბიჯები სწორი მიმართულებით არ მიდის“, - განაცხადა კაია კალასმა.

ევროკომისიამ კანდიდატი ქვეყნების პროგრესის შესახებ ყოველწლიური ანგარიშები გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა შეინიშნება, რაც სამოქალაქო სივრცის ახალი შეზღუდვებსა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუარესებას მოიცავს. კაია კალასის განცხადებით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, შესთავაზებს თუ არა ის საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორი რეაგირება გვექნება, რათა მკაფიოდ ვაჩვენოთ, რომ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხსა და მის მისწრაფებებს. ამავდროულად, მთავრობასაც მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ, რომ მსგავს პოლიტიკას მხარს არ ვუჭერთ“, - განაცხადა კაია კალასმა.

2024 წელს ევროკავშირმა მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივ ჩახშობაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესება შესთავაზა, თუმცა უნგრეთმა და სლოვაკეთმა ეს ზომები დაბლოკეს. მიუხედავად ამისა, ბრიუსელმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა.

დაკავშირებული ამბები
ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით ახალი ზომების მიღებას განიხილავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმისა და პროტესტის ფონზე