ათობით ადამიანი, უმეტესად ბავშვები, ცენტრალურ ღაზაში ერთ-ერთ საქველმოქმედო სამზარეულოსთან ცარიელი ჯამებით დგას. ბრინჯი ერთადერთი საკვებია, რომლის მიღებაც გრძელ რიგში მდგარ პალესტინელებს შეუძლიათ.
ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკში ამბობენ, რომ საკვების უმეტესად კვლავ საქველმოქმედო სამზარეულოდან იღებენ – თანაც დღეში ერთხელ და რომ ფასების ზრდა და შემოსავლების არარსებობა მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებასაც კი ძალიან ართულებს.
„რაკეტები და თვითმფრინავები აღარ დაფრინავენ, მაგრამ ფასების ზრდა ჩვენ წინააღმდეგ ყველაზე მძიმე იარაღად იქცა. უმუშევრები ვართ. აქ ხალხის უმეტესობას სამსახური არ აქვს“, – ამბობს მოჰამედ ალ-ნაქლა, პალესტინელი ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკიდან.
სამი შვილის მამა მოჰამედ ჯედელი ამბობს, რომ ახლა საქველმოქმედო სამზარეულოების გარდა, საკვებისთვის სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს.
„საჭმელს საქველმოქმედო სამზარეულოებიდან ვიღებთ. ამის ალტერნატივა არ არსებობს. ბაზარში ყველაფერი ძვირია“, – მოჰამედ ჯედელი.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ თვეში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა და ღაზის სექტორში გარკვეული დახმარება შევიდა, საკვების დეფიციტი უმწვავეს პრობლემად რჩება.

