ისრაელის ძალებმა „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ერთ-ერთი ლიდერი, იზ ალ-დინ ალ-ჰადადი მოკლეს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა მინისტრთა კაბინეტის სპეციალურ სხდომაზე, რომელიც იერუსალიმის დღის აღსანიშნად ქნესეთის მუზეუმში გაიმართა.
ნეთანიაჰუს თქმით, ალ-ჰადადი „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ხელმძღვანელი იყო და პასუხისმგებელია ათასობით ისრაელელი მშვიდობიანი მოქალაქისა და სამხედრო მოსამსახურის მკვლელობაზე, დაჭრასა და გატაცებაზე. იგი ასევე მძევლებს „ცოცხალ ფარად“ იყენებდა.
ისრაელის სამხედრო უწყების ცნობით, ალ-ჰადადი ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელიც ორგანიზებას უწევდა 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმას, რომელსაც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი მოჰყვა. ინფორმაცია მისი დაღუპვის შესახებ დაადასტურა „ჰამასმაც“.
„ჩვენ მიერ ლიკვიდირებულია მთავარი მკვლელი, იზ ალ-დინ ალ-ჰადადი. ის, ფაქტობრივად, „ჰამასის“ სამხედრო ფრთის პირველი ფიგურა იყო, ეს ფრთა კი თავად „ჰამასია“. ამ საზიზღარ ტერორისტს პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ათასობით ისრაელელი მოქალაქისა და ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროების მკვლელობაზე, დაჭრასა და გატაცებაზე. ის მძევლებს ცოცხალ ფარად იყენებდა. ახლა ის უკვე აღარ არსებობს.
ჩვენ ყურადღებას ირანის მიმართულებითაც ვამახვილებთ. დღეს, როგორც ამას ყოველ რამდენიმე დღეში ერთხელ ვაკეთებ, პრეზიდენტ ტრამპს დაველაპარაკები. რა თქმა უნდა, მოვისმენ მის შთაბეჭდილებებს ჩინეთში ვიზიტის შესახებ და შესაძლოა სხვა საკითხებზეც ვისაუბროთ. ბუნებრივია, ბევრი შესაძლო სცენარი არსებობს და ჩვენ ნებისმიერი მათგანისთვის მზად ვართ“ - განაცხადა ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ნეთანიაჰუმ ლიბანში მიმდინარე ვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სპეციალურ ჯგუფს ღია ბიუჯეტი გამოუყვეს „ჰეზბოლას“ მიერ გამოყენებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი მართვის დრონების საფრთხესთან გასამკლავებლად.
ისრაელის ინფორმაციით, „ჰეზბოლა“ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით მცირე ზომის დრონებს იყენებს, რომლებიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით იმართება და ელექტრონული სისტემებისთვის რთულად შესამჩნევია.
