ევროპის საუკეთესო სურსათის ექსპერტები ერთიანი ძალით ცდილობენ თაღლითების კვალზე გასვლას. ევრონიუსი თვალყურს ადევნებს მათ ძალისხმევას სპეციალურ გადაცემათა ციკლის – „სურსათის დეტექტივების“ მეშვეობით. ამ ციკლის მეხუთე ეპიზოდში ევრონიუსი პორტუგალიელ ღვინის ექსპერტთა გუნდს შეხვდა, რომელიც დუეოროს ველზე ღვინის მიკვლევადობას უწყობს ხელს.
პორტუგალიაში, დუეროს ველზე შემოდგომა დგას და წლევანდელი მოსავალი ნამდვილად გამორჩეულია. ამ ვენახებში ევროკავშირის პორექტის Watson–ის ექსპერტები ღვინის მიკვლევადობის სრული ჯაჭვის დადგენას ცდილობენ და კვლევა თითოეული ღვინის ქარხნის ნაწარმის შემოწმებით იწყება. სურსათის დეტექტივი ანტონიო გრასა, რომელიც ღვინის კომპანია SOGRAPE-ის კვლევისა და და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელია, გვიხსნის, თუ რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი: “ვენახები ყველა ერთნაირი არ არის. ისინი ერთმანეთისგან მცირედით მაინც განსხვავდება მიკროკლიმატისა და ნიადაგის თვალსაზრისით, ვაზიც კი არ არის ერთნაირი. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავიგოთ, თუ როგორ იზრდება თითოეული ვაზი“.
თითოეული ვაზის შემოწმება აქ ახალი მიდგომაა და ეს რომ შეძლონ, ევროკავშირის უოტსონის პროექტის სურსათის დეტექტივებმა ორი აპარატი შექმნეს: ჭკვიანი სეკატორი და ციფრული ვედრო, ორივე ნივთს აქ ყოველდღიურად იყენებენ. ეს ხელსაწყოები მეღვინეებს საშუალებას აძლევს, აღნუსხონ ზუსტად სად და როდის დაიკრიფა ყურძენი.
“ჩვენი მიზანია, რომ რთველის დროს როცა მევენახე ყურძენს კრეფს, შეგვეძლოს მათი სეკატორის თითოეული მოძრაობის დადგენა და მისი დაკავშირება ვედროში ჩადებულ მოჭრილ მტევნებთან,“ – ამბობს პედრო კარვალიო, სისტემებისა და კომპიუტერული ინჟინერიის, ტექნოლოგიისა და მეცნიერების ინსტიტუტის (INESC-TEC) უფროსი მკვლევარი. „თითოეულ ვედროზე დამონტაჟებულია ფირფიტა, რომელიც თანმიმდევრულად ზომავს, თუ როგორ იზრდება ვედროს წონა კრეფის პროცესში. ეს ვედრო ჩართულია GPS სისტემაშიც (გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემა), რაც საშუალებას გვაძლევს, აღვნუსხოთ, თუ კონკრეტულად სად მოჭრეს და ჩადეს ვედროში მტევანი“.
ასეთი სიზუსტის მიზეზი სავსებით ნათელია – უნდა გაირკვეს, თუ რატომ ვიღებთ სხვადასხვა ხარისხის ყურძენს.
“ეს მართლაც გამოძიებას მოითხოვს, რადგან უნდა დავაკვირდეთ ყველა მახასიათებელს, რომლებსაც ბუნება გვთავაზობს,“ – განმარტავს ანტონიო გრასა. „უნდა შეგვეძლოს, განვსაზღვროთ ისეთი ფაქტორების გავლენა, როგორებიცაა ნიადაგი, კლიმატი, მზის სხივები, წვიმა, ქარი, მზის გამოსხივება და რომელთა შედეგადაც ვაზი იძლევა ისეთ ნაყოფს, როგორიც გვსურს“.
როდესაც ამ ვენახებში ყურძენს დაკრეფენ და ტრაქტორებით გაიტანენ, მოსავალს მარნებში დაცლიან. ინფორმაციის მოგროვება აქაც გრძელდება.
“როგორც კი ყურძენს ცისტერნებში ჩაყრიან, მას სპეციალურ კოდს ანიჭებენ, რადგან ყველაფერი ვიცით ამ ცისტერნაში მოთავსებული თითოეული მტევნის შესახებ“, – გვიხსნის ანტონიო გრასა.
ამ სქემის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უზარმაზარი ინფორმაციის სწორად მართვაა. ამიტომ სურსათის დეტექტივები ცდას ატარებენ, თუ როგორ შეიძლება ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენება იმის აღსანუსხავად, თუ რომელი ვაზის მტევანი რომელ ბოთლში მოხვდა.
“მთელი ეს შეგროვებული ინფორმაცია იმისთვის გვინდა, რომ მიკვლევადობა ზუსტი იყოს,“ – ამბობს პედრო კარვალიო. „თუმცა ინფორმაცია სანდოდ და უსაფრთხოდ უნდა იყოს დაცული. სწორედ აქ ერთვება ბლოკჩეინი, ის გვთავაზობს ასეთ მექანიზმს“.
ბლოკჩეინის გარდა, მეღვინეობაში ნელ-ნელა კიდევ ერთი ახალი ტექნოლოგია – ავტორობოტი იკიდებს ფეხს. ეს ავტორობოტი კარგად იცნობს აქაურ ვაზებს და ახლა ცდებს ატარებენ, რომ ამ რობოტმა ვენახში ბალახი გათიბოს, ვაზი გასხლას და შეწამლოს.
„ამ რობოტს შეუძლია ციცაბო ფერდობზე გაშენებულ ვენახებში გადაადგილება, როგორც ხედავთ, თანაც უსაფრთხოდ – ისე რომ, არც თავად წაიქცეს და არც ვენახს, ადამიანს ან რომელიმე ცხოველს ავნოს რამე“, – განმარტავს ფილიპე ნევეს დოს სანტოსი, პორტუს უნივერსიტეტის სისტემებისა და კომპიუტერული ინჟინერიის, ტექნოლოგიისა და მეცნიერების ინსტიტუტის (INESC-TEC) პროფესორი.
ვენახში მოსიარულე რობოტებს კიდევ უფრო მეტი მონაცემის შეგროვება შეუძლიათ იმის შესახებ, თუ როგორ იზრდება მცენარე.
“თუ გვეყოლება რობოტი, რომელიც ამ ვენახში დამოუკიდებლად და ხშირად ივლის, ამ ვენახში მოწეული თითოეული მტევნის შესახებ ყველაფერი გვეცოდინება,“ – გვიხსნის ფილიპე. „მაგალითად, ჰაერის როგორ ტემპერატურაზე მწიფდებოდა ყურძენი, რა ტენიანობის პირობებში ან როგორ უვლიდნენ და რა სასუქი გამოიყენეს“.
ამ ექსპერტთა გუნდის საბოლოო მიზანია ისეთი ღვინის ჩამოსხმა, რომ შესაძლებელი იყოს მისი წარმოების თითოეული საფეხურის მოკვლევა ბოთლიდან ვენახამდე: თუ რა ჯიშის ყურძენი დაიკრიფა რომელ დღეს და რომელ ფერდობზე. ღვინის მწარმოებლებს ასეთი სრულყოფილი მიკვლევადობა საშუალებას აძლევს, რომ უკეთ შეაფასონ თითოეული მოსავლის თავისებურება.
“ჩვენ უკეთ შევაფასებთ ხარისხს, ნიადაგით, ვაზით, ადგილმდებარეობით შექმნილ იდენტობას და მიღებულ ხარისხსა და იდენტობას მივანიჭებთ თავად ღვინოს, რომელსაც მომხმარებელი მიირთმევს“, – განმარტავს ანტონიო გრასა.
ავტორი: ჯერემი უილქსი

