ევროპის საუკეთესო სურსათის ექსპერტები ერთიანი ძალით ცდილობენ, თაღლითების კვალზე გასვლას. ევრონიუსი თვალყურს ადევნებს მათ ძალისხმევას სპეციალურ გადაცემათა ციკლის – „სურსათის დეტექტივების“ მეშვეობით. ამ ციკლის მეექვსე ეპიზოდში ევრონიუსი შეხვდა ექსპერტთა გუნდს, რომელიც ზეითუნის ზეთის გაყალბებას დნმ-ის ტესტირების საშუალებით ებრძვის.
ზეითუნის ზეთის თითოეულ წვეთს შეუძლია უამრავი რამ გითხრათ. თუმცა ზოგჯერ ის, რაც ორიგინალს ჰგავს, გაყალბებულია.
„სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე ხშირად ზეითუნის ზეთს აზავებენ და აყალბებენ. ის ძალიან ადვილად ერევა სხვა დაბალი ხარისხის ზეთებს, ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც მის ხარისხს აკნინებენ“, – ამბობს ნიკოლო კულტრერა, იტალიის ეროვნული კვლევის საბჭოს (Consiglio Nazionale delle Ricerche) მკვლევარი და პროექტის ხელმძღვანელი. ასეთი ფალსიფიცირებული ზეთი, რომელმაც შესაძლოა ავნოს მომხმარებელს, იოლი შემოსავლის მიღებას ემსახურება.
„ზეთის ფასი განსხვავდება და ხარისხიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს ძალიან დაბალიც და ძალიან მაღალიც. ასე რომ, ფალსიფიცირების ფართო შესაძლებლობა არსებობს. მდგომარეობას ისიც ამწვავებს, რომ ზეითუნის ზეთის ღირებულების ჯაჭვი ძალიან დანაწვერებულია“, – განმარტავს ნიკოლო.
ამიტომ თანამშრომლობს ზეითუნის ზეთის მწარმოებელი ანტონელა მაიერ-მაშული ევროკავშირის უოტსონის პროექტის სურსათის დეტექტივებთან, რომლებიც თაღლითობის ამოძირკვას ისახავენ მიზნად. მისი საიდუმლო იარაღი გენეტიკური კოდია. ანტონელა დნმ-ზე დაფუძნებულ ტესტებს იყენებს თავისი ზეთის ორიგინალობის დასამტკიცებლად.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვემოწმებინა ჩვენი ზეთის დნმ, რათა უფრო გამჭვირვალე ყოფილიყო ინფორმაცია მის შესახებ და მომხმარებლის ნდობა მოგვეპოვებინა,“ – ამბობს ანტონელა. „ზეთის ბევრი მწარმოებელი ყიდის ისეთ პროდუქტს, რომლის იარლიყზეც აღბეჭდილია ათასწლოვანი ზეთისხილის ხეების ფოტო, მაგრამ სინამდვილეში ეს ზეთი არ არის მიღებული ამ ხეების ნაყოფისგან. ჩვენი პროდუქცია სანდო რომ ყოფილიყო, ეს დნმ-ის სერთიფიკატი ავიღეთ, რადგან ეს კიდევ ერთი გარანტიაა, რომლის მიცემაც მომხმარებლისთვის შეგვიძლია“.
ასეთ გენეტიკურ ტესტს ჯერ კიდევ ძალიან იშვიათად მიმართავენ ზეითუნის ზეთის მწარმოებლები, რადგან მას დროც ბევრი სჭირდება და ფულიც. აქამდე ასეთი ტესტი მხოლოდ კვლევით ლაბორატორიებში ტარდებოდა. მაგრამ ახლა სურსათის დეტექტივებს ლაბორატორია უშუალოდ ზეთის სახდელ საწარმოში მიაქვთ. ბერძენული ბიოტექნოლოგიური კომპანიის BioCoS-ის ექსპერტები სტელიოს აჰონდაკისი და სოფია ცანკარაკი ისეთ მეთოდზე მუშაობენ, რომლის საშუალებითაც დნმ ტესტირება უფრო ხელმისაწვდომი და მარტივი იქნება.
BioCoS-ის ხელმძღვანელი სტელიოს აჰონდაკისი
„ჩვენ მსოფლიოში პირველებმა შევძელით, რომ ზეითუნის ზეთის დნმ-ის ტესტი ლაბორატორიის გარეთ ჩაგვეტარებინა,“ – განმარტავს BioCoS-ის ხელმძღვანელი სტელიოს აჰონდაკისი. „ჩვენ გთავაზობთ აპარატს, სახელწოდებით „საველე დნმ-ი“. იგი საშუალებას იძლევა, რომ ზეითუნის ზეთის დნმ-ის ნიმუში პირდაპირ საველე პირობებში ავიღოთ“.
სურსათის დეტექტივების პორტატიული დნმ-ის ნაკრები ჯერ კიდევ დასახვეწია, მაგრამ ის სწორ გზაზე დგას.
„ტექნოლოგიის განვითარება ყოველთვის რთულია, რადგან საჭიროა მისი დამტკიცება, ტესტირება, დახვეწა, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებ და არ დარწმუნდები, რომ რაღაც სერიოზული შექმენი,“ – ამბობს სტელიოსი. „სწორედ ამ გზაზე ვდგავართ ახლა, კვლევის ეტაპზე ვართ და იმედი გვაქვს, რომ ამ აპარატს რამდენიმე თვეში უკვე წარმოებაში ჩავუშვებთ“.
უმბრიის რეგიონში ზეითუნის ზეთის მწარმოებლები, ტექნოლოგები და შემფუთველები მიესალმებიან ამ სიახლეს.
„ეს აპარატი ჩვენი საყრდენია“ – ამბობს ჯულიო მანელი, ზეითუნის ზეთის ტექნოლოგი და უმბრიის ზეითუნის ზეთის მწარმოებელთა ასოციაცია Aprol Umbria-ს პრეზიდენტი. „მას შეუძლია, დაგვეხმაროს როგორც მწარმოებლებს, ისე ზეთისხილის მომწევ ფერმერებს, რომ დავიცვათ ჩვენი მიწა და პროდუქტი, რომელიც მოგვყავს. ისეთი ტესტის ჩატარება, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ ესა თუ ის ზეთისხილი ზუსტად ამა თუ იმ ხის მოსავალია, ყველაზე დიდი საჩუქარია ჩვენთვის. უოტსონის პროექტი ქმნის გამჭვირვალობას, რომელსაც სულ უფრო მეტად ითხოვს მომხმარებელი“.
დნმ-ის ტესტის შემდეგ სურსათის დეტექტივები მიკვლევადობის ჯაჭვს კიდევ ერთი რგოლით ამდიდრებენ, რადგან ზეითუნის ზეთის თითოეულ ბოთლს ციფრულ პასპორტსაც ანიჭებენ.
„ზეითუნის ზეთის წარმოების პროცესში მოგროვილი ყველა მონაცემი ბლოკჩეინის ტექნოლოგიაში იყრის თავს და ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის, რომელსაც სულ ადვილად შეუძლია მისი ნახვა შტრიხკოდის მეშვეობით, შეუძლია სრული ინფორმაცია მიიღოს ზეითუნის ზეთის შესახებ: თუ რა გზა გაიარა პროდუქტმა ზეთისხილის კორომებიდან იმ ბოთლამდე, რომელშიც ასხია და რომლის ნომერიც ცნობილია, როცა ყიდულობთ“, – განმარტავს ნიკოლო კულტრერა.
ავტორი: დავიდ რაფაელ ლობინა

