ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი უკვე სამხრეთ კორეის საპორტო ქალაქ ბუსანშია, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.
ეს მათი პირველი პირისპირ შეხვედრაა, თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მეორე ვადით დაბრუნების შემდეგ. როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მანამდე განაცხადა, ჩინეთთან არსებული სავაჭრო დავების გადაწყვეტა დიალოგითა და შეთანხმებით ურჩევნია, ვიდრე ერთმანეთთან ბრძოლით და სავაჭრო შეთანხმების მიღწევის იმედი აქვს.
სამხრეთ კორეაში გამგზავრებამდე მან მედიასთან ისიც აღნიშნა, რომ მზადაა, შეამსუბუქოს ჩინურ საქონელზე მანამდე დაწესებული ტარიფები, ხოლო ჩინეთმა აჩვენა იმის ნიშნები, რომ იშვიათ მიწათა ელემენტებზე ექსპორტის კონტროლს შეამსუბუქებს და აშშ-საგან სოიას იმპორტს განაახლებს.
პარალელურად, 22 ოქტომბერს „ლუკოილსა“ და „როსნეფტზე“ დადებული ამერიკული სანქციების შემდეგ, დონალდ ტრამპს სურს დაარწმუნოს სი ძინპინი, რათა შეამციროს, ან მთლიანად შეწყვიტოს რუსული ბუნებრივი აირისა და ნავთობის იმპორტი. ჩინეთი ამ დრომდე რჩება რუსული ენერგორესურსების უდიდესი იმპორტიორი. ინდოეთმა, რომელიც ასევე რუსული ენერგორესურსების დიდი მომხმარებელი იყო, უკვე განაცხადა, რომ რუსული ნავთობის შესყიდვას შეამცირებს.
ორი ქვეყნის ლიდერები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და ხელიც ჩამოართვეს.
„ეჭვი არ მეპარება, რომ მოლაპარაკება წარმატებული იქნება, თუმცა მასთან საუბარი რთულია და ეს კარგი არაა. ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.


