მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ უკრაინამ სამხრეთ კორეას გადასცა მოსკოვის მხარეს მებრძოლი, ტყვედ ჩაგდებული ორი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი, კიევსა და სეულს შორის დიპლომატიური სკანდალი გაჩაღდა.
აზიური ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ომში მყოფი სახელმწიფო დაადანაშაულა მხარეებს შორის „კონფიდენციალური შეთანხმების პირობების დარღვევაში“, რისთვისაც სეულმა კიევი მკაცრად გააკრიტიკა და დაჰპირდა „სერიოზული პასუხის გაცემით“, რომელსაც „საჭიროება მოითხოვს“.
დაძაბულობის განმუხტვას შეეცადა ვოლოდიმირ ზელენსკის თანაშემწე დმიტრი ლიტვინი, რომლის განცხადებითაც, პრეზიდენტმა მხოლოდ და მხოლოდ გააჟღერა სამხრეთ კორეისთვის სამხედროების გადაცემის ფაქტი და რომ უკრაინა „თავისუფალი ქვეყანაა“, ხოლო ჯარისკაცების „ფარულად“ გადაცემა „უჩვეულო“ იქნებოდა.
სეულში მის ამ განცხადებას უწოდეს „ხელისუფლებებს შორის ძირის გამომთხრელი“, რაც „დიდ ზიანს აყენებს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს“, ხოლო მომხდარი ფაქტის გამო სამხრეთი კორეა „ოფიციალურ განმარტებებსა და ბოდიშს მოითხოვს“.
გასული წლის დასაწყისში უკრაინამ ტყვედ ჩაიგდო ორი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი, რომელიც რუსეთმა ფრონტზე გაგზავნა. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ სადაზვერვო დანაყოფში მსახურობდა, სადაც ზოგიერთ ჯარისკაცს ასწავლიდნენ რუსულ სამხედრო ტექნიკასთან მუშაობას, თუმცა, როგორც ამბობს, თავად ეს მომზადება არ გაუვლია.
ტყვედ ჩავარდნილი ჩრდილოკორეელის თქმით, სამხედრო სამსახურში 17 წლის ასაკში გაიწვიეს და მას შემდეგ ის ჯარისკაცთა რიგებშია.
ანალიტიკოსების აზრით, სამხრეთ კორეის პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის ასეთი ხისტი რეაქცია უკრაინის მხრიდან „კონფიდენციალურობის შეთანხმების“ დარღვევის თაობაზე, შესაძლოა, უფრო რთულ ვითარებაში გადაიზარდოს და გამოიწვიოს კონფლიქტი ფხენიანთან, რომელიც ისედაც მტრულადაა განწყობილი სეულის მიმართ.
გარდა ამისა, ორ ქვეყანას შორის გაჩაღებული სკანდალი, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს კიევზეც, რადგან სამხრეთი კორეა ვეღარ იქნება მისთვის მოკავშირე შეიარაღების მიწოდებაში.
სეული უკრაინისთვის ლეტალური იარაღის გადაცემაზე ისედაც უარს ამბობდა და მიზეზად ასახელებდა შიდა შეზღუდვას სამხედრო დახმარების გაწევაზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ომში იმყოფებიან.
