ევროპის საუკეთესო სურსათის ექსპერტები ერთიანი ძალით ცდილობენ თაღლითების კვალზე გასვლას. ევრონიუსი თვალყურს ადევნებს მათ ძალისხმევას სპეციალურ გადაცემათა ციკლის მეშვეობით, სახელწოდებით: „სურსათის დეტექტივები“. ამ ციკლის მეოთხე ეპიზოდში ევრონიუსი შეხვდა თაფლის ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც ყალბი თაფლის რეალიზაციას ებრძვის ესპანეთში.
თაფლი მხოლოდ ფუტკარმა უნდა დაამზადოს. თუმცა მაღაზიაში თაფლის ეტიკეტის მქონე პროდუქტი ყოველთვის სუფთა არ არის. სურსათის დეტექტივი ხულიო ფერნანდეს ლოპესი განმარტავს, რომ ის შეიძლება შეიცავდეს შაქრის სხვადასხვა სახეობას:
“ხშირად ეს პროდუქტი საერთოდ არ არის თაფლი, უბრალოდ მისი მსგავსი სითხეა, იქნება ეს მარცვლეულის ან ბრინჯის სიროფი თუ საეჭვო ხარისხის თაფლისა და გლუკოზის სიროფის ნარევი“.

ეს ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. ერთ-წრთი კვლევის მიხედვით, ევროკავშირში იმპორტირებული თაფლის თითქმის ნახევარს სხვა ტიპის შაქარიც ურევია“, – ამბობს ხულიო, რომელიც მეფუტკრე და გეოგრაფიული აღნიშვნა „ასტურიის თაფლის“ გამცემი სააგენტოს (IGP Asturian honey) პრეზიდენტია. “ასეთი შემთხვევების გამო ჩვენ, ის მეფუტკრეები, რომლებსაც ეს საქმე გვიყვარს, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობთ, რადგან ასეთი თაფლი ბაზარზე უსამართლო კონკურენციას გვიქმნის, იმიტომ, რომ ისეთ დბალ ფასად იყიდება, რომელსაც ტრადიციის დამცველი მეფუტკრე ვერ შეეჯიბრება.“
სურსათის დეტექტივი არმანდო მენენდეს ესტრადა ევროკავშირის უოტსონის პროექტიდან ისეთი აპარატის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ყალბი თაფლის აღმოჩენას შეძლებს. იგი ორგანიზაცია Asincar-ის („ასტურიის ავტონომიური გაერთიანების ხორცის წარმოების კვლევის ასოციაცია) პროექტის ხელმძღვანელია:
“ოპტიკური სენსორების ბაზაზე შევიმუშავეთ ინსტრუმენტი, რომელსაც შაქრის დამატებით შეუძლია დაუყოვნებლივ ჩაუტაროს ანალიზი თაფლის ნიმუშს და გაარკვიოს, თაფლი ყალბია თუ არა“.
ამ კამერას იმის დადგენაც შეუძლია, თუ რომელი მცენარის ნექტარით იკვებებოდა ფუტკარი, რაც თაფლის ღირებულებაზე აისახება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ეტიკეტის გაყალბების წინააღმდეგ.
“ეს ინსტრუმენტი სწრაფად ადგენს თაფლის ბოტანიკურ ბაზას,“ – განმარტავს არმანდო. „ეს კი გვეხმარება, პირველ რიგში, მცდარი ეტიკეტის აღმოჩენაში, მეწარმეს კი ეხმარება, გაიგოს, თუ რა ტიპის ეტიკეტი უნდა მიაკრას თავის პროდუქტს“.
სურსათის დეტექტივები ახლა ცდას ატარებენ – აღმოაჩენს თუ არა ეს პატარა ინფრაწითელი სხივებით აღჭურვილი აპარატი ყალბ თაფლს. ამ ინსტრუმენტის გამოყენება თაფლის ხარისხის დასადგენად მეფუტკრის მეურნეობაშივე შეიძლება, რათა თავიდან ავიცილოთ ხანგრძლივი და ძვირადღირებული ლაბორატორიული ცდები.

“ამ აპარატის საშუალებით, ხარისხის ინსპექტორი თაფლის ნიმუშებს ადგილზევე იღებს, ძალიან სწრაფად და მარტივად ათავსებს მას კოლოფში, რომელსაც დებს სენსორზე. სულ რამდენიმე წამში იღებს ინფორმაციას, თაფლი გაზავებულია თუ სუფთა“, – ამბობს არმანდო.
უკეთ რომ გავიგოთ, თუ როგორაა შესაძლებელი გაზავებული თაფლის აღმოჩენა, ექსპერტთა გუნდმა შექმნა როგორც ფუტკრის დამზადებული, ისე სიროფით მიღებული თაფლის მონაცემთა ბაზა. სურსათის დეტექტივი ნოემი კვინტანალი კვლევის ფაგლებში თავად ამზადებს ყალბ თაფლს, რისთვისაც სხვადასხვა ტიპის სიროფებს იყენებს. ყალბი და ნატურალური თაფლის მონაცემთა ბაზის საშუალებით სისტემას ნიმუშების ერთმანეთისგან განსხვავებასა და სიყალბის აღმოაჩენას ასწავლიან. ნოემიმ შექმნა მონაცემთა ბაზა, რომელიც დღეის მდგომარეობით დაახლოებით 110 ნაღდი და 120 გაზავებული თაფლის ნიმუშისგან შედგება.
„ უოტსონის პროექტის ფარგლებში შექმნილი ეს აპარატი შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა თაფლის ნიმუშის ასაღებადაც, რათა მეტი მონაცემი დავამატოთ ბაზას, ჩავუტაროთ ანალიზი ახალ ნიმუშებს და გამოვიყენოთ ისინი, თუკი როდესმე სხვა თაფლის შემოწმება დაგვჭირდება“, – ამბობს ნოემი.

თაფლის კვლევის ეს ცენტრი ესპანეთის ასტურიის რეგიონში მდებარეობს. მას ძირითადად ადგილობრივი მთავრობა მიმართავს, რომელსაც შეუძლია ამ კამერული ტექნოლოგიის საშუალებით რეგიონში გასაყიდად გამოტანილი თაფლის ხარისხი შეამოწმოს. მთავრობაში იმედი აქვთ, რომ აპარატს მომავალში მეფუტკრეობაშივე გამოიყენებენ.
“ეს ნანატრი დეტექტორი ძალიან საჭირო ინსტურმენტია და ერთი სული გვაქვს, როდის დაუშვებენ ბაზარზე,“ – ამბობს ბეგონია ლოპეს ფერნანდესი, ასტურიის რეგიონის სოფლის განვითარებისა და აგრარული ინდუსტრიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი. „იგი დაეხმარება მომხმარებელს, რომ აარჩიოს თაფლი და იცოდეს, თუ რაში იხდის დამატებით ფასს. ეს წინ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება არა მხოლოდ ასტურიასა და ესპანეთში, არამედ მთელ ევროპაში.“
მართალია, გაზავებული თაფლი ჯანმრთელობითვის საშიში არ არის, მაგრამ მეფუტკრე ხულიო მომხმარებელს მოუწოდებს, რომ შეამოწმოს ნაყიდი თაფლის ეტიკეტი.
“იმედი მაქვს, რომ თაფლის სექტორში თაღლითობას ბოლო მოეღება. და სხვა ქვეყნებიდან და რეგიონებიდან შემოსული სხვადასხვა ხარისხის ყველა თაფლი დაექვემდებარება იმ კონტროლს, რომელსაც ამ ქვეყნის მეფუტკრეები ვექვემდებარებით. და რაც მთავარია, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ სერტიფიცირებული პროდუქტი შეიძინოს, რაც არ უნდა ღირდეს, რადგან ეს არის ხარისხის გარანტია“, – განმარტავს ხულიო ფერნანდეს ლოპესი.
ავტორი: დავიდ რაფაელე ლობინა

