საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის” ინფორმაციით, ჩინეთი და ინდოეთი რუსულ ნავთობს დროებით აღარ შეისყიდიან. მიზეზი კი, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა.
ამავე წყაროს ინფორმაციით, დამოუკიდებელი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიც სავარაუდოდ შეაჩერებენ ნავთობის შესყიდვას სანქციების გავლენის შესაფასებლად, თუმცა შეეცდებიან თანამშრომლობის მალევე განახლებას.
ჩინეთი და ინდოეთი რუსული ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველები არიან. ჩინეთი საზღვაო გზით დღეში დაახლოებით 1.4 მილიონ ბარელ რუსულ ნავთობს ყიდულობს, ხოლო ინდური კომპანია Reliance Industries „როსნეფტისგან“ დღეში თითქმის 500 000 ბარელ ნედლ ნავთობს.
ამავე ინდურმა კომპანიამ ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთიდან და ბრაზილიიდან შეიძინა ნედლი ნავთობი. ეს კი, შესაძლოა, რომ რუსული მარაგების ნაწილობრივ ჩასანაცვლებლად გამოიყენონ.
„როიტერსის” ცნობით, ჯერ კიდევ აშშ-ის სანქციებამდე, ევროკავშირის აკრძალვის გამო Reliance Industries განიხილავდა რუსული ნავთობის იმპორტის შეჩერებას – მისი ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ერთ-ერთისთვის, რომელიც ექსპორტზეა ორიენტირებული.
„მასშტაბური შემცირება იქნება – ჩვენ არ ვვარაუდობთ, რომ ის დაუყოვნებლივ ნულამდე დაეცემა, რადგან ბაზარზე რამდენიმე ათასი ბარელი შემოვა შუამავლების მეშვეობით“, – განაცხადა „როიტერსის“ წყარომ.
„როიტერსის” ინფორმაციით, რუსეთის ორი უმსხვილესი მომხმარებლის მიერ ნავთობზე მოთხოვნის ვარდნა, მოსკოვისთვის შეამცირებს ნავთობის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავლებს, ხოლო მსოფლიოს უმსხვილეს იმპორტიორებს აიძულებს, ეძებონ ალტერნატიული მარაგები.
მანამდე კი, ჩინეთმა ევროკავშირს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა რუსეთისთვის დაკისრებული იმ სანქციების გამო, რომლებიც ჩინურ კომპანიებსაც ეხება. საუბარია იმ ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ კომპანიებზე, რომლებიც სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ მოსკოვს. პეკინში ამბობენ, რომ ჩინეთს, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სამართლიანი მიდგომა აქვს, რუსეთთან კი – ნორმალური თანამშრომლობა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, ამით ევროპა ჩინეთის ინტერესებს აზიანებს და ქვეყანა ბლოკს შესაბამისი ზომებით უპასუხებს.


