კატეგორიები

ლავროვის თქმით, უკრაინაში ომის მიმდინარეობას გადაწყვეტენ ჯარისკაცები და არა მოლაპარაკებები

ლავროვის თქმით, უკრაინაში ომის მიმდინარეობას გადაწყვეტენ ჯარისკაცები და არა მოლაპარაკებები
უკრაინაში ომის მიმდინარეობას გადაწყვეტენ ჯარისკაცები და არა მოლაპარაკებები - აცხადებს სერგეი ლავროვი, რომლის მტკიცებითაც მოსკოვის მხრიდან დიალოგის მზაობის მიუხედავად, კიევი პროცესისადმი არასერიოზულობას იჩენს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილს, რომლითაც მან ივნისის დასაწყისში ვლადიმერ პუტინს მოუწოდა პირისპირ შეხვედრისა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ.

ღია წერილი კიევიდან რუსმა დიპლომატმა გააკრიტიკა და თქვა, რომ ის არ ყოფილა მიმართული კონკრეტულად რუსეთის პრეზიდენტისადმი, არამედ მთელ მსოფლიოში გავრცელდა, რაც, როგორც სერგეი ლავროვი ამბობს, „ზრდილობიან ადამიანებს მსგავსი ქცევა არ ახასიათებთ“ - ეს კი იმის მიუხედავად, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის წერილის თავშივე ჰყავდა მკაფიოდ განსაზღვრული მისი ადრესატი.

„ჩვენ მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ, თუმცა გულწრფელად, გაიძვერობის გარეშე, როგორც ეს იყო 2014 წლის თებერვლის სახელმწიფო გადატრიალების წინა  დღეს, როცა დიალოგმა კონფლიქტის დარეგულირების შეთანხმებამდე მიგვიყვანა, მათ შორის ერთიანი ეროვნული ხელისუფლების შექმნის და ვადამდელი არჩევნების შესახებ, დილით კი ოპოზიციამ ჩაიდინა სახელმწიფო გადატრიალება, უგულებელყო საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ხელმოწერების სახით არსებული გარანტიები და დაიწყო პრეზიდენტ იანუკოვიჩის ფიზიკური დევნა...

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ალასკაში მიღწეული შეთანხმების მიმართ არ განმეორდება მოლაპარაკებების ჩაგდების გამოცდილება, როდესაც დასავლეთი უარს ამბობდა მათივე მხარდაჭერილი შეთანხმებების შესრულებას...

გავიგე, გუშინ ლონდონში ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ხელმძღვანელებმა, ზელენსკისთან ერთად მოაწერეს რაღაც დოკუმენტს ამ რეჟიმის სტრატეგიული მხარდაჭერის შესახებ და „სტაბილიზაციური ძალების“, სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, საოკუპაციო ძალების განლაგებასთან დაკავშირებით იმ ტერიტორიაზე, რაც კონფლიქტის შემდეგ უკრაინისგან დარჩება.

დოკუმენტი მოიცავს შეთანხმებას, რომ უკრაინა მიიღებს დამატებით შორი მოქმედების შეიარაღებას, რათა დაარტყას რუსულ ტერიტორიებს, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სიღრმეებში. არ ვიცი, ამ ფონზე როგორ შეიძლება ვისაუბროთ რაიმე მოლაპარაკებებზე.

ალბათ ყველა სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ იმას, რაც თქვა რუსეთის პრეზიდენტმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარული სხდომის ფარგლებში: ახლა ყველაფერი დამოკიდებულია არა მოლაპარაკებებზე, არამედ ფრონტზე ჩვენი გმირების მოქმედებებზე“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

4 ივნისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვრცელ ღია წერილში რუსეთის პრეზიდენტს შეახსენა, რომ ეს ომი მისი პირადი არჩევანია და რომ ისტორია მას სწორედ ასე დაიმახსოვრებს. მისივე თქმით, უკრაინელებს მუდმივი ომი არ სურთ. რამდენიმე საათში ვლადიმერ პუტინისგან უკრაინის პრეზიდენტმა პასუხად მიიღო უარი და ფრაზა, რომ „ვერ ხედავს ზელენსკისთან შეხვედრის აზრს“.

უკრაინის ლიდერის ინიციატივას მხარი დაუჭირეს კიევის ევროპელმა მოკავშირეებმა და შეერთებულმა შტატებმაც, რომელიც სერგეი ლავროვის კრიტიკის სამიზნედ იქცა.

რუსი დიპლომატის თქმით, „სამწუხაროდ“, ვაშინგტონი არანაირ ინტერესს არ იჩენს გასულ წელს, ანკორიჯში მიღწეული შეთანხმებების მიმართ.

ლავროვი განსაკუთრებით აღაშფოთა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონგრესში სიტყვით გამოსვლამ, რა დროსაც მან თქვა, რომ ვაშინგტონი ვერ იქნება მოლაპარაკებებში შუამავალი, რადგან მხარს უჭერს უკრაინას.

დაკავშირებული ამბები
ლავროვის თქმით, უკრაინაში ომის მიმდინარეობას გადაწყვეტენ ჯარისკაცები და არა მოლაპარაკებები უკრაინისთვის გამოყოფილი 6.6 მილიარდი ევროს განბლოკვის პროცესი დაწყებულია