კატეგორიები

გერმანია და ავსტრალია თავდაცვის მიმართულებით ურთიერთობებს აღრმავებენ

გერმანია და ავსტრალია თავდაცვის მიმართულებით ურთიერთობებს აღრმავებენ
გერმანია და ავსტრალია თავდაცვის მიმართულებით არსებული მჭიდრო კავშირებს კიდევ უფრო გაღრმავებაზე მუშაობენ. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, პენი ვონგი და თავდაცვის მინისტრი რიჩარდ მარლესი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფებიან, სადაც მათ შეხვედრები გერმანელ კოლეგებთან გამართეს.

მხარეებმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობის გათვალისწინებით უსაფრთხოების კუთხით ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა, რა თქმა უნდა, ჰორმუზის სრუტეა და ის, თუ რა გავლენა აქვს მის ჩაკეტვას ჩვენს ხალხებზე, ჩვენს ეკონომიკებსა და მთლიანად გლობალურ ეკონომიკაზე. ჩვენ ვითანამშრომლებთ გერმანიასთან და სხვა პარტნიორებთან იმ ძალისხმევის მხარდასაჭერად, რომელიც სრუტის ხელახლა გახსნასა და ნავიგაციის უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას ემსახურება. იმ თავისუფლების, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკებისა და მთელი მსოფლიოსთვის, რომელიც ენერგომომარაგების უპრეცედენტო შეფერხებით ზარალდება. ეს ასევე არის მაგალითი იმისა, თუ რატომ ვანიჭებთ ასეთ დიდ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნების, ეკონომიკებისა და მიწოდების ჯაჭვების მდგრადობას და რატომ ვმუშაობთ ერთად ავსტრალია, გერმანია და ასევე ევროკავშირი კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - განაცხადა პენი ვონგმა.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კანბერასა და ბერლინს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ევროპასა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის კუთხით.

„ჩვენ ვიცით, რომ ატლანტიკური და ინდო-წყნარი ოკეანის უსაფრთხოება ერთმანეთისგან განუყოფელია. ამას ბევრ რამეში ვხედავთ. მაგალითად, ვიცით, როგორ თანამშრომლობს რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ავსტრალია ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის უკრაინის ყველაზე დიდი სამხედრო მხარდამჭერია. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას რუსეთის გაუმართლებელი ომის წინააღმდეგ“, - განაცხადა პენი ვონგმა.

ავსტრალიის თავდაცვის ძალები უკრაინელი ჯარისკაცებისთვის სპეციალურ სამხედრო წვრთნებს 2023 წლიდან ატარებენ. ოპერაცია „კუდუს“ ფარგლებში ავსტრალიის თავდაცვის ძალებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების 3,650-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გადაამზადეს საბაზისო ქვეითი ტაქტიკის, ლიდერობისა და სამხედრო უნარების მიმართულებით. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კი ავსტრალიამ უკრაინას დაახლოებით 1.7 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო.

ავსტრალიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ავსტრალია უკრაინის მხარდასაჭერად გერმანიასთან და მოკავშირე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს. ოპერაცია „კუდუს“ ფარგლებში მორიგი სამხედრო წვრთნები 2026 წლის მეორე ნახევარში პოლონეთში იგეგმება.

„ჩვენ ვსაუბრობთ მთელ მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე. რა თქმა უნდა, უკრაინაზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ამ მიმართულებით უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ.  ვხედავთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთსა და ჰორმუზის სრუტის დახურვას უკავშირდება. ასევე ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში არსებულ ზეწოლაზე. უფრო მეტად ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია თავდაცვის ძალებს შორის გავაძლიეროთ თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. ჩვენი თანამშრომლობისთვის უზარმაზარი შესაძლებლობები არსებობს“, - განაცხადა რიჩარდ მარლესმა.

მხარეებს შორის მჭიდრო სამხედრო ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ გერმანია გაზრდის სამხედრო კონტიგენტს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში.

ბორის პოსტორიუსმა ყურადღება გაამახვილა გერმანიისა და ევროკავშირის თავდაცვის ძალების გაძლიერების აუცილებლობაზეც, განსაკუთრებით რუსეთიდან მომავალი საფთხეების ფონზე.

გერმანიის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებასა და თავდაცვის ხარჯების გაზრდას გეგმავს. გერმანიის მიზანია, ევროპელ პარტნიორებთან ერთად ნატოს თავდაცვის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

დაკავშირებული ამბები
მუნდიალის სომალელ მსაჯს აშშ-ში შესვლა აეკრძალა გერმანია და ავსტრალია თავდაცვის მიმართულებით ურთიერთობებს აღრმავებენ