ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, 21-ე პაკეტი წარადგინა, რომელიც მიმართულია ნავთობის გაყიდვის, მოსკოვის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“, კომერციული ბანკების, კრიპტოვალუტების კომპანიების, მეტალურგიის სექტორის, თევზეულით ვაჭრობისა და იმ ჯარისკაცების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში მონაწილეობდნენ.
წინადადება წარდგენილია იმ ფონზე, როდესაც კიევის ევროპელი მოკავშირეები ცდილობენ, განიხილოს ახალი, განსხვავებული მეთოდები მოსკოვზე ზეწოლის გასაზრდელად და ჩიხში შესული მოლაპარაკებების პროცესის პირობებში, კრემლის იძულების გზით დიალოგისკენ მოსაბრუნებლად.
„თითქმის ყოველდღე ვიღვიძებთ ერთი და იმავე ამბებით - მორიგი მასშტაბური რუსული დარტყმა უკრაინულ ქალაქებზე, რომელიც მიმართულია მშვიდობიან მოსახლეობაზე. ასევე ვიღვიძებთ ჩვენი აღმოსავლეთი საზღვრის გასწვრივ და ბალტიისპირეთის თავზე უპილოტო საფრენი აპარატების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევების შესახებ ამბებით.
ორი კვირის წინ დრონი რუმინეთში, მრავალსართულიან კორპუსს შეეჯახა. კიდევ ერთი დრონი აფეთქდა კონსტანცას პორტში, სულ რაღაც ერთი კვირის წინ.
ზოგიერთი ამას რუსეთის მხრიდან ესკალაციას უწოდებს, მე კი ამას სხვაგვარად ვუყურებ. ეს ჩვეულებრივი კრახია. სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი წლის შემდეგ, რუსეთმა აშკარად ვერ შეძლო უკრაინის დაქვემდებარება.
ფასს, რომელსაც რუსეთი იხდის დღითიდღე მძიმდება. ამ ფასს პირველ რიგში რუსეთის მოქალაქეები იხდიან, რომლებიც დასტირიან თავიანთ შვილებს, ძმებს, მეუღლეებს და, ამავდროულად, ქვეყნის შიგნით ცხოვრების დონის ვარდნას ეჩეხებიან. ინფლაცია დაახლოებით 6%-ს შეადგენს, საპროცენტო განაკვეთი 14.5%-ს, იზრდება გადასახადები. ასეთია პუტინის ომის რეალური საფასური რუსეთის მოქალაქეებისთვის…
გთავაზობთ, დავაწესოთ ახალი საექსპორტო შეზღუდვები იმ ტექნოლოგიებზე, რომლებიც რუსულ სამხედრო მრეწველობაში გამოიყენება. მაგალითად, უფრო მტკიცე შეზღუდვებს დავაწესებთ მეტალებსა და ფეროშენადნობებზე, რომლებიც აეროკოსმოსურ და თავდაცვით სექტორებში გამოიყენება.
უპილოტო საფრენ აპარატებთან მიმართებით, გვსურს ახალი აკრძალვების დაწესება დამხმარე მიწისზედა შეიარაღების, რადიოელექტრული საბრძოლო სისტემისა და სხვა საქონლის ექსპორტზე“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
სანქციების ახალ პაკეტში მთავარი ელემენტია შეზღუდვები რუსული ნავთობის სექტორზე, რომელიც 2022 წლის დეკემბრიდან არის ევროკავშირის, ავსტრალიისა და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მთავარი სამიზნე.
ნედლეული რჩება მოსკოვის ძირითად შემოსავლის წყაროდ და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით სარგებელს მხოლოდ კრემლი ნახულობს, ამიტომ ევრობლოკში აქვთ შეთავაზება, 2027 წლის იანვრამდე ბარელ ნავთობზე შეინარჩუნოს არსებული ზედა ზღვარი - 44.10 აშშ დოლარი.
ამავე დროს, მოსკოვში აცხადებენ, რომ ევროპელების მხრიდან სამშვიდობო პროცესში „შუამავლის სტატუსით“ მონაწილეობა, მათ არალოგიკურად მიაჩნიათ.
„რაც შეეხება ევროპელების მედიატორულ როლს, ისინი, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ შორს არიან მზადყოფნისგან, მედიატორებად იყვნენ წარმოდგენილი. პირველ რიგში, რუსეთისთვის რაიმე პირობების წაყენებით მედიატორული ძალისხმევის დაწყება, ალბათ, არალოგიკური, არასწორი და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია. მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპელები გაცილებით მეტად არიან ორიენტირებულნი ომის გაგრძელებაზე, ვიდრე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.
ამჟამად, უკრაინის საკითხზე აშშ-ის შუამავლობის პროცესი შეჩერებულია, თუმცა, ამერიკელი მომლაპარაკებლები აგრძელებენ კონტაქტებს. კომუნიკაცია მიმდინარეობს ჩვენთან და უკრაინელებთან არსებული არხებით. მომლაპარაკებლების ჩამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, მაგრამ, ბუნებრივია, მათ ნებისმიერ დროს სიამოვნებით ვუმასპინძლებთ აქ, რუსეთში“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
უკრაინულ ქალაქებზე გაძლიერებული იერიშებისა და მოსკოვიდან მომდინარე პერიოდული სამხედრო-პოლიტიკური მუქარების ფონზე, კიევი აქტიურად მოუწოდებს დასავლელ მოკავშირეებს, გაზარდონ წნეხი პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ.
