კატეგორიები

საავიაციო საწვავის კრიზისი ავიაკომპანიებს მოსალოდნელი შემოსავლის გარეშე ტოვებს

საავიაციო საწვავის კრიზისი ავიაკომპანიებს მოსალოდნელი შემოსავლის გარეშე ტოვებს
ახლო აღმოსავლეთის ბოლო ომი, რომელიც სამ თვეზე მეტია, გრძელდება საავიაციო სექტორს ყოველდღიურად სულ უფრო დიდ ტვირთად აწვება.

მიუხედავად იმისა, რომ მეტწილად ავიამომასვლა არ შეფერხებულა, თუ არ იქნება ჩათვლილი უშუალოდ კონფლიქტის ზონის საჰაერო სივრცეში დაწესებული შეზღუდვები, საავიაციო საწვავზე შენარჩუნებული მაღალი ფასების გამო, სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანიებისთვის შოკური მდგომარეობა ჯერ კიდევ გრძელდება.

ბოლო კვლევების მიხედვით, ავიაგადაზიდვებზე მოთხოვნა მაღალია, შესაბამისად, ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავალიც მატებისკენ მიდის, თუმცა სწორედ ნედლეულის კრიზისი, საწვავსა და საოპერაციო ხარჯებზე უკიდურესად მზარდი ფასები ხელს უწყობს იმ გარემოებას, რომ ავიაკომპანიები მოგებას მაინც ვერ ნახულობენ.

საჰაერო გადაზიდვების სფეროში მომუშავე ორგანიზაციის ფინანსურ მიმოხილვაში ნათქვამია, რომ 2026 წელს მთელი მსოფლიოს ავიაკომპანიების ჯამური წმინდა შემოსავალი 23 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც დაგეგმილზე 18 მილიარდით, ხოლო გასულ წელთან შედარებით, ორჯერ ნაკლებია.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამ დროს მგზავრთანაკადი კლების ნაცვლად გაზრდილია - არადა ამ მხრივ, ექსპერტთა პროგნოზები, ომის დაწყებისას, არც ისე დამაიმედებელი იყო.

კერძოდ, მათი ვარაუდით, ბილეთებზე ფასების მკვეთრი მატება მგზავრობის მოყვარულებს უბიძგებდა, ან გადაადგილების შედარებით იაფი საშუალებები ეპოვათ ან გარკვეული დროით უარი ეთქვათ თვითმფრინავით მგზავრობაზე.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ გასულ წელთან შედარებით, ავიამიმოსვლით მოსარგებლთა წილი 2.4%-ით გაიზარდა და ახლა 5 მილიარდ 100 მილიონზე მეტს შეადგენს.

ერთი შეხედვით, ამდენი მიმართულებით დადებითი დინამიკა განსაკუთრებული სარგებლის მომტანი იქნებოდა, რომ არა ისევ და ისევ საოპერაციო ხარჯების მატება, რაც მკვლევრების თქმით, გასულ წელთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა, 1 ტრილიონ 120 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე, რაშიც განსაკუთრებული წილი სწორედ საავიაციო საწვავზე მოდის.

ვითარების მეტნაკლებად გამოსასწორებლად, ექსპერტები ავიაკომპანიებს მეტად გონივრული პოლიტიკის გატარებას და, შესაძლოა, არაპოპულარული, თუმცა ამ მოცემულობაში გადასარჩენად, ყველაზე რეალური ნაბიჯის გადადგმას სთავაზობენ - ბილეთების ფასების ეტაპობრივ ზრდასა და ფრენების შემცირებას იმ მიმართულებებით, სადაც მგზავრთანაკადი განსაკუთრებით მაღალი არ არის და თან არსებობს გადაადგილების ალტერნატიული საშუალებები.

მაგალითად, ევროპის ქალაქებიდან აზიის აეროპორტების მიმართულებით, ავიაკომპანიებმა პირდაპირი რეისები დანიშნეს, სატრანზიტო გადაჯდომების გარეშე, თუმცა ამ შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს რუსეთისა და უკრაინის თავზე დახურული ცა.

საგულისხმოა, რომ კრიზისი არათანაბრად აისახება საავიაციო სექტორზეც და განსხვავებულია რეგიონების მიხედვით.

კერძოდ, ფინანსური თვალსაზრისით, ყველაზე მეტად ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები დაზარალდნენ, სადაც 28 თებერვლიდან მოყოლებული ფრენები ან სრულად არის გადადებული გაურკვეველი დროით ან საჰაერო სივრცე პერიოდულად იხსნება და იხურება.

დაკავშირებული ამბები
საავიაციო საწვავის კრიზისი ავიაკომპანიებს მოსალოდნელი შემოსავლის გარეშე ტოვებს ესპანეთის მოსახლეობა შემოსავლის, საშუალოდ, 50%-ს ბინის ქირაში იხდის